კმაყოფილი ხელისუფლება და პანიკაში ჩავარდნილი ოპოზიცია - რა ჩამოიტანა და რა დაპირება მიიღო ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, რომლის განცხადებებმაც ოპოზიცია მდგომარეობიდან გამოიყვანა? 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ალენ ბერსემ საქართველოში არსებული სიტუაციის სრული სურათის გაცნობა სცადა. ამ ხნის განმავლობაში ის შეხვდა ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, მესამე სექტორს და მედიის წარმომადგენლებს. როგორც ალენ ბარსემ განაცხადა, მას ხელისუფლებასთან საკმაოდ ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის განსამუხტად მოლაპარაკებები დაიწყოს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ოპოზიციამ გააკრიტიკა: „დაჯექი, ორიანი“, „შარლ მიშელი 2 არ იქნება“, „ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში“, - ასეთია სოციალურ ქსელში ოპოზიციური კოალიციების ლიდერების სტატუსები.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ხელისუფლების ლეგიტიმაციის დადასტურებამ და პოზიტიურმა შეფასებებმა გააღიზიანა. როგორც პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პირველად ნახა ევროპიდან მაღალჩინოსანი, რომელიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით სიღრმისეულ დისკუსიაში შევიდა და ობიექტური მსჯელობა ჰქონდათ. გამწარებულმა ოპოზიციმ კი გენმდივანზე პირდაპირი თავდასხმა განახორციელა.
რა თქვა ალენ ბარსემ
„პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, ვალდებულია, გახსნას დიალოგი, ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს“, - განაცხადა შემაჯამებელ პრეკონფერენციაზე ალენ ბერსემ და დასძინა: „დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის მუდმივი კონფრონტაციის პირობებში“.
„ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმების გამოყენებით შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის, ხალხის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრულად ფუნქციური დემოკრატია ააღორძინოს, გააძლიეროს, რომელშიც უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსის შეცვლის დაპირება გასცა, რისთვისაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული.
თავდასხმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით: „საეჭვო კაცი, ძალიან საეჭვო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭვო შეხვედრების შემდეგ აკეთებს ძალიან საეჭვო განცხადებას“.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივნის განცხადებები რეალობას აცდენილია და ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს.
ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ევროსაბჭოს მდივანი საერთოდ გარიგებასა და კორუფციაში დაადანაშაულა.
„საერთოდ, ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა „პოდმოსკოვიეში“ უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი. ბოლოს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა ასლან აბაშიძის გადასარჩენად. მაშინდელი ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის, ვალტერ შუმერისთვის, ძალზე უადგილო და წარუმატებელი ვიზიტი აღმოჩნდა“ - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მის გზავნილებს ოპოზიციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მისი დელეგაცია გაუგებრობაში არიან და კარგად არ ესმით ქვეყანაში არსებული სიტუაცია.
ზურაბიშვილის შეფასებით, გაჟღერებული წინადადება სამუშაო ჯგუფის შექმნისა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონში ცვლილებების შესახებ, ორგანიზაციის უფლებებს და მოვალეობას სცდება.
ოპოზიციას, თითქოს, ბერსე არ ეყოფოდა, მოგვიანებით თავს დაატყდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშიც.
ეუთო/ოდირმა თავისი ადრინდელი დასკვნები გაიმეორა, რომ არჩევნებისთვის მზადება კარგად წარიმართა, თუმცა, ასევე, ხელისუფლებისთვის რიგი რეკომენდაციები გასცა არჩევნების ჩატარების გასაუმჯობესებლად.
„რადიკალური ოპოზიცია ჯერ თავს დაესხა პირდაპირ ეუთოს და ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გენერალურ მდივანზე თავდასხმებს.
პრემიერის თქმით, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ ობიექტურად ხდება მოვლენების შეფასება, იწყება თავდასხმა ასეთ ადამიანებზე.
„ეუთო და ევროსაბჭო არის ორი უმსხვილესი ევროპული გაერთიანება, სადაც ჭარბობენ სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოები და შესაბამისად, ეს ორი სუბიექტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ევროპაში მოვლენების სწორი მიმართულებით განვითარებაში. თუმცა, ისინი პირდაპირ თავს ესხმიან ევროპის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ჯერ თავს დაესხნენ პირდაპირ ეუთოს და ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე. ეს ხდებოდა 4 წლის წინაც. როდესაც ხედავენ, რომ არიან გარკვეული ობიექტური სუბიექტები, რომლებიც ობიექტურად აფასებენ მოვლენებს ქვეყანაში, მაშინვე რადიკალური ოპოზიცია არჩევს ხოლმე თავდასხმას ასეთ ადამიანებზე. ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის პანიკა და სასოწარკვეთილება საქართველოში ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტის გამო ლოგიკურია, რადგან ყველა მცდელობა მოეხდინათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და მაიდანიზაცია, წყალში უვარდებათ. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამხელა ევროპელი ჩინოვნიკის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ 1. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხით სპეკულაციები დღის წესრიგიდან მოიხსნა და 2. გაჩნდა მოლაპარაკებების სივრცე, რაც არც ერთ ოპოზიციას არ აწყობს.
„მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვები და მსჯელობის მიხედვით მინდა ჩვენი მკითხველი მიხვდეს, რა ხდება და რეალურად რამ გამოიწვია ოპოზიციის ასეთი შეშფოთება გენმდივნის განცხადებების გამო. საქმე ისაა, რომ მთელი წაინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციას თითი არ გაუტოკებია იმისთვის, რომ ამომრჩეველს დალაპარაკებოდა. საერთოდ, წინასაარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაუტარებიათ. ისხდნენ და ელოდნენ დასავლეთიდან ხელების ფშვნეტით სანქციები წამოვა და აი, დღე-დღეზე, სულზე მოგვისწრებსო. ამის შემდეგ კი დაიწყეს წაგებულ არჩევნებზე, რომ ვითომ გაყალბდა. თუმცა ვერც ერთი მტკიცებულება ევროპამდე ვერ მიიტანეს. ქვეყნის შიგნით რომ საკუთარი ბაბლიც აღარ უჯერებთ, მაგაზე აღარ ვსაუბრობ.
გავიხსენოთ ჟურნალისტ იოზვიაკის განცხადება, რომელმაც ევროსაბჭოს კულუარებიდან გამოსული ინფორმაცია გაახმოვანა. მან თქვა, რომ ევროკავშირში მიდის საუბარი უკვე იმაზე, რომ „ოცნებასთან“ მათ თანამშრომლობა მოუწევთ, რადგან ოპოზიციამ ამ ხნის განმავლობაში ერთი მტკიცებულება ვერ დადო. ეუთო/ოდირის წინასწარი განცხადებები და შემაჯამებელი დასკვნა უკვე ვიცით. ამიტომ, ახლა, რომ ეგონათ სანქციები წამოეწიათ, უი, მოულოდნელად ჩამოდის ევროსაბჭოს გენმდივანი, რომელიც ევროკავშირზე დიდი და მნიშვნელოვანი გაერთიანების ჩინოვნიკია. ვიცით, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირზე მეტ ქვეყნებს აწევრიანებს და მათ შორის ჩვენც მისი წევრები ვართ. ამიტომ ახლა ოპოზიციას ეშინია, რომ თუკი „ოცნებასთან“ დასავლეთიდან სიტუაციის დალაგება, დიალოგი მოხდება, მაშინ მთელი ეს წვალება წყალში ჩაუვარდებათ“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ოპოზიციას ახლა ყველაზე მეტად შარლ მიშელი 2 არ აწყობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ საკუთარ ამომრჩეველს დაკარგავს და ეს იქნება პოლიტიკურ სანაგვეზე მათი საბოლოოო გადანაცვლების ტოლფასი.
„პანიკაში იმდენად არიან ჩავარდნილები, რომ ბერსესთან შეხვედრაზე 3 პოლიტიკური ლიდერის გარდა არავინ მივიდა. ასევე, დაიწყეს გენმდივანზე ორკესტრირებული შეტევა. როგორც ჩანს, მათ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ეს საჯაროდ ჩანს. გენმდივანმა თქვა, რომ ის სასეირნოდ არ ჩამოსულა და საქმეზე არის ჩამოსული. ამხელა დონის 3-დღიანი შეხვედრები ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საქართველოში არსებულ რეალურ სურათს ჩაიტანს ევროპაში. აი, სწორედ ეს არ უნდა ოპოზიციას. ყველას აინტერესებს, სად არის გაყალბებული არჩევნების მტკიცებულებები? თუკი ბიძინა ივანიშვილს, მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია გენმდივანთან შეხვედრით დაალაგოს სიტუაცია და მოახერხოს საერთო ენის გამონახვა, მაშინ მთელი ოპოზიცია ჩასარეცხია და სჯობს საკუთარი ნებით წავიდნენ პოლიტიკიდან. პანიკა არის სასოწარკვეთილების ბოლო რაუნდი, რომელიც ოპოზიციას დაეწყო. მე ველი, რომ მსგავსი ვიზიტები გაგრძელდება და მაკრონის გარდა საქართველოში ზარი სხვა ევროპელი ლიდერების მხრიდანაც გაისმება. თბილისი და საქართველოს დაკარგვა ევროპას არაფრით არ უნდა. აქ არავის აწყობს არეულობა. ოპოზიციამ ეს იცის, დროც აღარ დარჩათ და პანიკა ამიტომ დაეწყოთ“, - ამბობს ახვლედიანი.