წყალწაღებულები ეუთო-ოდირის დასკვნას ებღაუჭებიან

წყალწაღებულები ეუთო-ოდირის დასკვნას ებღაუჭებიან

ოპოზიციას ეუთო /ოდირის საბოლოო დასკვნის იმდენად ეშინია, რომ გამოსავლის ძიებაშია და ჩიხში შესული ახალ თეორიებს იგონებს. მათი ყველა მცდელობა დაემტკიცებინათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, წყალში ჩავარდა. მათი სიტყვის ევროპაშიც აღარ სჯერათ, შესაბამისად, ახალი წერილი გამოაცხვეს, სადაც 4 ოპოზიციური პარტია ეუთო-ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას ითხოვენ. მათივე თქმით, მისიის წევრებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ კანონდარღვევები და არჩევნების საკითხი. განცხადება ბარიერგადალახულმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.

„ჩვენ ერთობლივ წერილზე მუშაობა დავასრულეთ, რომელიც ეუთო/ოდირს გაეგზავნება, სადაც ვითხოვთ, რომ ამუშავდეს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად გამოყენებული იყო 1991 წელს, რაც გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში სპეციალური მისია უნდა გამოაგზავნოს, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა კანონდარღვევებსა და მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე, უნდა შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინაშე ახორციელებს“, - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი, რომელიც წარმოადგენს „კოალიციას ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“.

ვიდრე სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს, უკვე გავრცელდა ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სარედაქციო წერილი. „ევრონიუსზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ მოსაზრებაში პია კაუმა წერს, რომ მან უკვე განუცხადა საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას მზაობა, ახალ პარლამენტში ერთად განიხილოს ის რეკომენდაციები, რომლებიც „ოდირის“ საბოლოო ანგარიშში იქნება ასახული.

ამ განცხადებამდე არჩევნების მეორე დღეს გამართულ ბრიფინგზე, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა თქვა, რომ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მისივე შეფასებით, საარჩევნოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება შეუფერხებლად და პროფესიონალურად მოხდა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის ინტერესის სფერო ეუთო/ოდირის დასკვნა აღარ არის და ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ არჩევნების შეფასებების დროს, ყველა საერთაშორისო პოლიტიკური მოთამაშე, ეუთო/ოდირის დასკვნებს ეყრდნობა.

საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესს ეუთო/ოდირის 500-ზე მეტი თანამშრომელი აკვირდებოდა. ორგანიზაცია საბოლო დასკვნას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. ამიტომ მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის გადასაწყვეტია, ვის მიმართავენ და ვის - არა.

თუმცა მათი მხრიდან გაკეთებული განცხადება იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ მათ, რეალურად, ეუთო/ოდირის დასკვნის ეშინიათ.

„მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება მათთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე 4 ოპოზიციური პარტიის განცხადებას.

მისი თქმით, ეუთო/ოდირი არჩევნების შედეგებს, კენჭისყრის დღის კარგად ჩატარებას და ორგანიზებას აღიარებს.

„ძალიან მოუხდა რადიკალურ ოპოზიციას სახელი - „მოსკოვის მექანიზმი“. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში სწორედ მოსკოვის და რუსეთის მექანიზმს წარმოადგენენ. რუსეთის და მოსკოვის ინტერესების გამტარებლები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. გადაუფორმეს სტრატეგიული ობიექტები, ეკონომიკა, ტერიტორიები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხმა მისცეს, ომის შემდეგ შეწყვიტეს სავიზო რეჟიმი, არ უჩივლეს რუსეთს არც ერთ სასამართლოში. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოვუგეთ. ისინი ახლა „მოსკოვის მექანიზმით“ რომ ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეუთო/ოდირზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას, იმაზე მიანიშნებს, რომ ძალიან კარგად იციან, როგორი იქნება საბოლოო ჯამში ეუთოს დასკვნა, რომელიც, რა თქმა უნდა, აღიარებს არჩევნების შედეგებს, კენჭისყრის დღის კარგად ჩატარებას და ორგანიზებას. რა თქმა უნდა, იქნება რეკომენდაციები და შენიშვნები, როცა 2 მილიონ 100 ათასი ადამიანი იღებს არჩევნებში მონაწილეობას ახალი ტექნოლოგიებით. ჩვენ მზად ვართ, ამ რეკომენდაციების და შენიშვნების გასაზიარებლად მათ შორის, სამუშაო ფორმატში. მაგრამ ეუთოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება მათთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს 4 გაერთიანება რეალურად ოპოზიცია არ არის, რადგან ისინი ანტიეროვნულ ძალას წარმოადგენენ. მამრაძე აცხადებს, რომ მათ საკუთარი ინტერესები ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენეს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის დაზიანება მაქსიმალურად მოხდეს.

„თუ ვინმემ იცის ზედმიწევნით კარგად, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ეს იცის ეუთ/ოდირმა, რადგან მათ დამკვირვებლები ყველგან ყავდათ და ყველაზე კარგად იციან, სად რა ხდებოდა. ამ ორგანიზაციას საკუთარი ავტორიტეტი და რეპუტაცია ყველაზე მეტად უღირს, შესაბამისად, მათ რომ საქართველოს არჩევნებთან დაკავშიებით მტკიცებულებები ჰქონდეთ, ამას აქამდე გამოაქვეყნებდნენ. წარმოუდგენელია ვინმეს აზრად მაინც მოუვიდეს ამ ორგანიზაციაში და მის ხელმძღვანელობაში რომ რამე დამალონ.

ოპოზიცია იმდენად მარაზმში იყო გადავარდნილი ვითომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რომ ბოლოს თავადვე მიხვდნენ და გაჩუმდნენ. ვითომ ფარულობის დარღვევა ხელისუფლებამ ყველნაირად გააბათილა და ვერანაირი არგუმენტები ვერ დაუპირისპირეს. ასევე საუბარი იმაზე, თითქოს 300 ათასი ხმის გაყალბება მოხდა ე.წ. კარუსელით, ბოლოს მიხვდნენ, რომ ესეც იმდენად აბსურდი იყო, ამაზეც გაჩუმდნენ. ეუთო/ოდირისთვის მსგავსი განცახდებები პირიქით, შეურაცხმყოფელია, რადგან ეს ორგანიზაცია მსოფლიოში ნომერ პირველ სადამკირვებლო ორგანიზაციად ითვლება და ამერიკის არჩევნებსაც აკვირდება. ამიტომ მათთან დაკავშირევბით კითხვის ნიშნების დასმა და მსგავსი აბსურდი მართლა ყველანაირ ზღვარს სცილდება“,-ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ეს ნარატივი დიდხანს გაგრძელდეს, რომ არჩევნების გაყალბების თემა არ დაიკარგოს. მამრაძე ამბობს, რომ პარალელურად, ცდილობენ ამ თემის აქტუალიზებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაუნდი „ოცნებასთან“ წააგეს.

„ვხედავთ როგორი ყურებჩამოყრილები არიან არჩევნების გაყალბების თემის ირგვლივ. ძალიან კარგად იციან, ეუთო/ოდირი რა დასკვნასაც დადებს. წინასწარი განცხადებები უკვე ვიხილეთ. ამიტომ, ხომ ვხედავთ, რომ მაკკენის ინსტიტუტის დასკვნაშიც კი პირდაპირ არის საუბარი, სასწაულია, რომ მსხვერპლი არ არის - გაოცებას გამოხატავენ. ანუ ჩავარდნილი არჩევნების გაყალბების თემის მერე, ახლა ისევ რადიკალიზმისკენ და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიდიან. მე იმედი მაქვს, რომ ეუთო/ოდირი ამ წნეხს გაუძლებს. ვხედავთ, რა სახის არნახული ზეწოლა მიდის ამ ორგანიზაციაზე ევროკავშირიდანაც. ბორელმა, გვახსოვს, როგორ თქვა, დავიბარებთ ეუთო/ოდირის ხელმძღვანელს და დაველაპარაკებითო. იმაზეც კი მიდიან, რომ ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ღიად ემუქრებიან. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ორგანიზაცია ყველა მხრიდან ზეწოლას გაუძლებს და მას საკუთარი რეპუტაცია ყველაფრად უღირს“,-ამბობს მამარაძე.