ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი - რა გზავნილებით ჩამოვიდა ალან ბერსე საქართველოში, რომელიც ბიძინა ვანიშვილს პირადად შეხვდა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი - რა გზავნილებით ჩამოვიდა ალან ბერსე საქართველოში, რომელიც ბიძინა ვანიშვილს პირადად შეხვდა

26 ოქტომბრის არჩვენების შემდეგ, საქართველოში უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა. ალენ ბერსე საქართველოში 16 დეკემბერს გვიან ღამით ჩამოფრინდა, მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. ცნობილი ხდება, რომ ალენ ბერსე „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს პირადად შეხვდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამ ვიზიტით და შეხვედრებით, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები დასრულდა.

ალენ ბერსეს ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვედრები უკვე დაგეგმილი აქვს ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან და არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან.

17 დეკემბერს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის პარალელურად პრემიერ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ამის შემდეგ მან მთავრობის ადმინისტრაციიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მიმდინარე საპროტესტო აქციებს. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობის როლზეც გაამახვილა, როგორც დემოკრატიული პროცესის განუყოფელ ნაწილზე.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე 28 ნოემბერს მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ალენ ბერსესთან, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიც განიხილა. კანცელარიაში შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა, მთავრობის მეთაურის გარდა, მას საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა - მთავრობის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების გარდა, ის სამოქალაქო სექტორის ნაწილს და სახალხო დამცველსაც შეხვდა. ალენ ბერსეს ლევან იოსელიანისგან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაშავებულების მდგომარეობა და ამ პროცესში ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა აინტერესებდა. შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელ X-ში სტატუსი გამოაქვეყნა თავად ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც.

განსხვავებულად უყურებს ვიზიტს ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - არ გამწვავდეს პოლიტიკური კრიზისი.

„ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ალან ბერსესთან შეხვედრის შემდეგ.

პრემიერის თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოსა და ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. შევთანხმდით იმაზე, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად ბატონი გენერალური მდივნის როლი ამაში არის განსაკუთრებული და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალან ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი იმ ფონზე, როცა ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც, არჩევნების არალეგიტმურობაზე საუბრობენ, მით უმეტეს, როცა გაყალბების ვერანაირი მტკიცებულებები ოპოზიციამ ვერ წარადგინა და საბოლოოდ ამ თემაზეც სპეკულაცია დასრულდა. აბაშიძე ამბობს, რომ ამ რანგის მაღალჩინოსნის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ.

„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და ახლადარჩეულ ხელისუფლებასთან ვიზიტი მნიშვნელოვანია კიდევ იმ თვალსაზრისით, როდესაც დასავლეთში აზრთა დიდი სხვადასხვაობაა - ცნონ თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები. არჩევნების ცნობა ძალიან სამარცხვინოა იმ სახელმწიფოების, ევროსტრუქტურების თუ ამერიკული პოლიტიკური წრეების მხრიდან, როცა „ოცნება“ მილიონ ასოციათასი ადამიანის მიერ არის არჩეული. ვერავინ ვერსად ვერ მოიყვანა მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები იმის, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა. ამას ვერ ახერხებენ და რატომღაც აიგნორებენ ეუთო/ოდირის დასკვნებს. ასევე, აიგნორებენ ამერიკული მსხვილი აქტორების განცხადებებს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა, წარმავალი ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი გეგმაა. ამიტომ აქ არის საკმაოდ რთული სიტუაცია, მაგრამ დროებითი. როდესაც თავად ოპოზიცია აღარ მალავს, არც მათი ბელადი სააკაშვილი, რომ ყველაფერი 20 იანვრამდე უნდა მოესწროს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ამერიკის 47-ე პრეზიდენტის პირობებში, ტექტონიკური პოლიტიკური ძვრები მოხდება საერთაშორისო ურთიერთობებში. ამას უკვე ყველა კარგად აცნობიერებს და ცდლობენ, როგორმე საქართველოში სიტუაცია არიონ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ოპოზიციის ელექტორატი არ დგას ქუჩაში, რამეთუ მხარს არ უჭერს ექსტრემიზმს, გადატრიალებას და სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს ჩანს თუნდაც ოპოზიციური მედია წყაროებიდან. ამიტომ ამ ვიზიტის გამო არ გამიკვირდება, რომ ოპოზიციამ მათთვის ჩვეულებრივი საცოდავობით ევროსაბჭოს გენმდივანი დაამუნათოს. თუმცა უკვე დაიძრა ყინული და საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ბევრი ოფიცაილური ვიზიტით ცნობს“, - ამბობს აბაშიძე.

აბაშიძის თქმით, ისიც ვნახეთ, როგორი ზეწოლა იყო ქვეყნებზე, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს საქართველოს დასანქცირებას. თუმცა შემდეგ ზეწოლის ფონზე ფაქტი გადათქვეს.

„შეუძლებელია სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სულ რაღაცა ერთი საათის განმავლობაში ორკესტრირებულად გამოაქვეყნონ ერთი და იგივე ტექსტი. თუმცა არ არის ეს გასაკვირი, რადგან რუმინეთს ყველაზე დიდი დარტყმა მოუწყეს - იქაურ დემოკრატიას და არჩევანის თავისუფლებას, როდესაც პირველ ადგილას გასული მემარჯვენე კელინ ჯორჯესკუს გაუუქმეს არჩევნების შედეგები, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ოფიციალურ რუმინეთს თავისი წარმომადგენლობა შეაცვლევინეს და განცხადება დააწერინეს. ეს იყო ზეწოლა ევროკრატიის მხრიდნ. ამიტომ საქართველოში ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტი ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს. ამას საერთაშორისო და გარე აქტორები ამტკიცებენ“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ადგილზე სიტუაციის გაცნობა და უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან მოსმენილი არგუმენტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია იქნას ჩვენს პარტნიორებამდე მისული. აბაშიძის აზრით, ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტი პირველი მერცხალია, რომელიც უკვე მასიურ სახეს იანვრის შემდეგ მიიღებს.

Aburjga Tasmanieli ბიძინა ვანიშვილი არ არის, ივანიშვილია!
1 დღის უკან