16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს „ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის უკან დგანან“.
თუმცა, ამ ეტაპზე ევროკავშირი იმაზე შეთანხმდა, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდებათ: „გვქონდა ძალიან მწვავე დისკუსია და იყო სურვილი, მეტი გაკეთებულიყო - ბევრმა თქვა, შევხედოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯები გადავდგათო“, - განაცხადა კაია კალასმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ დამატებითი სანქციების პაკეტს ამზადებენ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებენ. მეთიუ მილერის თქმით, დღეს უფრო მკაფიოდ ვერ ისაუბრებს, თუმცა არის სხვა სანქციები. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე.
დასავლეთის მხრიდან ასეთი ზეწოლისა და წნეხის ფონზე ისმის კითხვა, შესაძლოა თუ არა „ქართული ოცნება“ რაიმე დათმობაზე წავიდეს და რა შეიძლება იყოს ეს?! - ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის ევროპასთან მიმართებაშიც და ამ შემთხვევაში, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ კონკრეტულ დათმობაზე წასვლა დასავლეთის ამჟამინდელ მმართველ ფიგურებთან არ ღირს.
„მოგეხსენებათ, ამერიკაში 20 იანვრამდე აქვს ბაიდენს მოქმედების დრო და ევროპაშიც მთლად დალაგებული არ არის სიტუაცია, ბევრს აქვს წყალი შემდგარი - ასე რომ, ესენი პოლიტიკის სტუმრები არიან რაღაც დროით. 20 იანვარს დამთავრდება ბაიდენის „მეფობა“ - უნდა გაუწიონ ქართველებმა ასეთ პოლიტიკურ ელიტას ანგარიში?! მით უმეტეს, დიდ როლს ითამაშებს ტრამპის შესვლა თეთრ სახლში.
ევროპას თავისი საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია და ცდილობს ამერიკა ჰყავდეს ერთგულ პარტნიორად. უკრაინის ომმა კიდევ უფრო დააფრთხო ევროპა, რადგან ნახეს, რომ მათი ეკონომიკა დიდი ხნის ომს ვერ გაუძლებს და იმაზე ძლიერად მიებნენ ამერიკას, ვიდრე მანამდე იყვნენ. ამიტომ, ბაიდენის წასვლა და ტრამპის მოსვლა კარდინალური ცვლილება იქნება. ტრამპი მოდის არა როგორც კონკრეტულად ერთი პიროვნება ხელისუფლებაში, არამედ როგორც კონსერვატიული ძალების ლიდერი. ანალოგიური პერსონები შემოიკრიბა ტრამპმა მის გარშემო, ყველა კონსერვატორია. ხოლო, კონსერვატორების ასეთი მოძლიერება ამერიკაში ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ბრძოლა ძალიან ძლიერი სწორედ ულტრალიბერალებთან იქნება ამერიკაში და შესაბამისად, მთელ ევროპაში. ძირითადი პოლიტიკური პარადიგმა, კონსერვატიზმი თუ ლიბერალიზმი, ამის ცვლილება მოიტანს შემდეგ ბევრ რამეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციას ლიდერიც კი არ ჰყავს: „ასეთ ადამიანებს, რომელთაც ლიდერიც კი არ ჰყავთ, უნდა მიეცეთ ხელისუფლება ასეთ პირობებში, მთელი მსოფლიო რომ დუღს?! ამ შემთხვევაში, საქართველო ძალიან უმწეო იქნება იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რაც მის წინაშე დადგება. ავტობუსში რომ ადიხარ, სულ მცირე გინდა, რომ მძღოლმა ავტობუსის ტარება იცოდეს და მთვრალი არ იყოს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ევროკავშირის საბჭომ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, ამავდროულად, იმეორებს შეშფოთებას მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით. ანგარიშში საბჭო წუხილს გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების გამო - 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მკაცრად გმობს „მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას“.
ამასთან, ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, „სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და მიიღონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს“ შეესაბამება. ანგარიშში საბჭო ხაზს უსვამს ცხრა ნაბიჯის „განხორციელებისადმი მიბრუნების მნიშვნელობას, რაც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშში იყო მოყვანილი“.