არსებობს თუ არა ევროპარლამენტში საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე ვეტოს დადების შემდეგ გეგმა „ბ“, რომლის შედეგადაც საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების გადაწყვეტილება ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად მიიღონ?
მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, რომლებმაც საქართველოს დასანქცირების საკითხს მხარი არ დაუჭირეს. თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრებიც აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე თუ ინტერვიუების დროს. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე აქამდე იყო. ყველაზე საინტერესო კი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იყო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ არჩევების გაყალბების მტკიცებულება არავის წარმოუდგენია.
„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ითხოვს. დაახლოებით ერთსაათიანი დებატების დროს, სწორედ ევროპულ კავშირს ევროპელი დეპუტატები გადამწყვეტი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამას ერთიანი ფორმაც უნდა ჰქონდეს.
ინდივიდუალური სანქციები და ახალი არჩევნების დანიშვნა - ეს 2 საკითხი ევროპარლამენტარების გამოსვლების დროს მთავარი გზავნილი იყო. საქართველოსთან დაკავშირებული დებატები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ გახსნა.
ის, რაც ევროპარლამენტარების ნაწილისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ახალი არჩვნების დანიშვნაში დახმარებაა, მეორე ნაწილისთვის დესტაბილიზაციის მცდელობაა. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ზოგიერთი კოლეგა იმაშიც დაადანაშაულეს, რომ მათ სურთ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლამ უმართავი სახე მიიღოს. კრიტიკა ისმოდა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც. ევროპელი დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება თანაბარ ურთიერთობებს უნდა ეფუძნებოდეს და სანქციები ზეწოლის ინსტრუმენტად არ უნდა იყოს გამოყენებული.
საქართველოსთან მიმართებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტსაც ესაუბრა. რობერტ ფიცომ ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო კომუნიკაციისას განაცხადა, რომ სანქციების დაწესება წითელი ხაზია და ქვეყანაში არსებული ვითარება ობიექტურად უნდა შეფასდეს. ამ საკითხს უნგრეთის მთავრობის სპიკერიც გამოეხმაურა. უფრო კონკრეტულად კი იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ უნგრეთსა და სლოვაკეთთან ერთად ქართველი ხალხის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს. ზოლტან კოვაჩმა დაწერა, რომ ლიბერალების ისტერიის მიუხედავად უნგრეთი ქართველი ხალხის ნების გვერდით დგას.
საქართველოში კი ოპოზიცია უნგრეთსა და სლოვაკეთს აკრიტიკებს, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება დაბლოკეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესების მოლოდინი აქვთ.
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთის მოკავშირე ქვეყნები არიან.
„ევროკავშირში არის ორი ქვეყანა, რომელიც, ამავდროულად, არის რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში ინდივიდუალურად ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს, იმის მსგავსად, როგორც ეს დაწესდა ბალტიის ქვეყნების მხრიდან. ფაქტი არის ერთი, ევროკავშირის კარი არის ღია ქართველი ხალხისთვის“, - აცხადებს ლანა გალდავა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში მყოფ ლიბერალურ ძალებს, არჩევნების შემდეგ, ჰქონდათ კონკრეტული გეგმა, რომ ამ სანქციების მეშვეობით ქართველი ხალხის დასჯა და კიდევ უფრო პოლარიზება მოეხდინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი ევროკავშირში ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ ქადაგიძე for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულმა ქვეყნებმა ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე იფიქრონ, რაც ვერანაირ გავლენას საქართველოზე ვერ მოახდენს და ესეც დროებითი მოვლენაა.
„ამ განცხადებებით და ქმედებებით, რაც ახლა ევროპარლამენტში ხდება, რასაც ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ქვეყნის ხელმძღვანელობა კადრულობს, ქართველი ხალხისთვის ხომ კარგად გაშიფრული და გაანალიზებული ფაქტებია. ზუსტად ის ხდება, რასაც „ოცნება“ ამდენი ხანი საუბრობს. ყველას ჩამოეხსნა ნიღაბი და კარგად გამოჩნდა, ვინ ვის ინტერესებს ატარებს. დავინახეთ ასევე ახალი მეგობარი ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით ხედავენ, რომ ევროპარლამენტის მხრიდან არასამართლიანი დამოკიდეებულებაა. ამას ზოგიერთი მათგანი პირდაპირაც ამბობს.
ამიტომ არაფერია გმორიცხული, რომ დაიწყონ მეორე გეგმის ამუშავება და ზოგიერთმა ქვეყნებმა ინდივიდუალური სანქციების დაწესება დაიწყონ. სწორედ ესტონეთის და ლიეტუვას მთავრობების გადაწყვეტილებაა ამ გეგმის ნაწილი. ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გაბრაზდეს და მათ პროვოკაციას წამოეგონ. „ოცნებამ“ არაერთხელ თქვა, რომ ეს არის დროებითი მოვლენა. ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელ კოლეგებზე გავლენით და ზეწოლით ცდილობს საქართველო მაქსიმალურად დააზიანოს. ასევე, კავკასიაში სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბოს, რადგან საქართველო საკვანძო ქვეყანაა, რომლის აფეთქების შემთხვევაში, ტალღა მთელ კავკასიას მოედება. ეს იციან ჩვენმა მეზობლებმა, ჩვენი ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებებით ამიტომაც გამოირჩევიან“,-ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ძალიან საინტერესოა ბრალდება ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მისამართით, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა გააჟღერა. ქდაგიძე ამბობს, რომ ჯეფრი საქსი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებასა და კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
„ტაკერ კარლსონთან 2-საათიან ინტერვიუში, საქსი ამბობს, რომ შტატები საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე პროცესებში ღიად ერევა. ამავე ინტერვიუში პროფესორი შოკისმომგვრელ კატასტროფას უწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობას და აღნიშნავს, რომ ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მცდელობის მიუხედავად, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს.
ჯეფრი საქსის ვრცელი ინტერვიუ, ამერიკის ახალი პრეზიდენტის, მომავალი ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. ილონ მასკმა, რომელიც 20 იანვრიდან, ტრამპის „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებს, მოსაზრება ტვიტერის პირად გვერდზე გააზიარა - სათაურით - „ძალიან საინტერესო ინტერვიუ“. ახლა მაინტერესებს რას იტყვაინ ამაზე ჩვენს ოპოზიციაში და ევროპარლამნეტში მათი პატრონები? ეს ინტერვიუ და ტრამპის ადმინისტრაციის მყისიერი რეაქცია ნიშნავს იმას, რომ 20 იანვრის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსა და შტატების ურთიერთობა გადაიტვირთება. ამერიკის მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით, პრინციპულად განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამ მიმართულებით, ამერიკის 47-ე პრეზიდენტის პრიორიტეტები საქართველოს ხელისუფლების მიდგომებს ემთხვევა, რაც ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო თანამშრომლობისა და მტკიცე პარტნიორობის წინაპირობა იქნება“, - ამბობს ქადაგიძე.