მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს რიგით მე-6 პრეზიდენტია. 14 დეკემბერს ის 200 ხმოსნისგან იქნა არჩეული და მოვალეობის შესრულებას 29 დეკემბრიდან შეუდგება. ყაველაშვილმა უცხოეთიდან მილოცვები და მიპატიჟება უკვე მიიღო. მას პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელმაც ყაველაშვილი სერბეთშიც მიიწვია.
თუმცა ჯერ კიდევ დუმან დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეები და ლეგიტიმურად არ ცნობენ არც საპარლამენტო და არც პრეზიდენტის არჩევნებს. ამიტომ დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკური ელიტა მიიჩნევს, რომ მიხეილ ყაველაშვილს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე ლეგიტიმაციას 29 დეკემბერს დანიშნული ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგაც შეინარჩუნებს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მიმართებაში დამოკიდებულება დასავლეთშიც ნელ-ნელა იცვლება.
თავად მიხეილ ყაველაშვილი კი ასახელებს იმ პრიორიტეტებს და გამოწვევას, რომლის წინაშეც საქართველოს პრეზიდენტი 29 დეკემბრის შემდეგ დადგება. ყაველაშვილი ამბობს, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციის ფარგლებში დააბრუნებს.
„ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება ის, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია“, - განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
კითხვაზე, რთული იქნება თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება, ყაველაშვილმა უპასუხა: „შეხედულებების მიხედვით თუ ვიცვალეთ პოზიცია, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია და კანონი?!“.
„სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და ეს არის მთავარი დანაშაული მისი მხრიდან და შეფასება ჩვენი მოქალაქეების ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ - არა. ანუ, ჩვენთვის შეფასება უნდა იყოს ის, რომ შენ კონსტიტუცია დაარღვიე. შენ მართალიც რომ იყო, რაზეც ჩვენ დაყრდნობილი ვართ, ის დაარღვიე და ეს უნდა იყოს მიუღებელი. აი, ამ გზას უნდა დავადგეთ და ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება ის, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ის და მთელი ხელისუფლება დასავლეთთან დისკუსიაში ღია არიან. ახლად არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ საწინააღმდეგო ნაბიჯს არ დგამს და ამას მხოლოდ ქვეყნის დაცვისთვის აკეთებს.
„გვჯერა, რომ მივალთ იმ ნიშნულამდე, რომ ისინი ამას დაიჯერებენ. ტრამპის მაგალითი ავიღოთ, ამ საკითხში ჩვენ ხომ ერთიანები ვიქნებით, აშშ-ს პრეზიდენტი დამცველია ამ ღირებულებების. ვერც ერთი სისტემა და ვერც ერთი დამპყრობელი ვერ შეუცვლის თავისუფლებისკენ სწრაფვას ქართველს, ეს ისტორიულადაც ვიცით ჩვენ და დღევანდელობაშიც ჩანს, რამდენად მძაფრია ქართველი, როცა ვინმე უზღუდავს მას თავისუფლებას. საიდან უფრო ზიანდება თავისუფლება, ჩვენი მხრიდან, რომელიც ღია ვართ დისკუსიისთვის და გვინდა, რომ ისეთები როგორიც ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი? და შენ ხომ უნდა მითხრა, რომ თუ ამის წინააღმდეგი ხარ, სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს.
პრეზიდენტის შესაძლებლობაზე რომ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება შევამციროთ პოლარიზაცია, ღია ვართ საუბრისთვის და ხელისუფლებასაც მოვთხოვ, რომ ღია იყოს ამ პროცესებში. მაგალითისთვის, რამდენჯერ შესთავაზა პრემიერმა ახალგაზრდებს და რატომ არ უნდა გამოიყენოს კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალმა ახალგაზრდამ ეს შანსი, რომ მას ესაუბროს?!
ევროპარლამენტის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის „ხალხი და ხელისუფლება“. თუ მინდა, რომ მე დავაზიანო ქვეყანა, რა თქმა უნდა, არის ასეთი დამოკიდებულება, რომ „ხალხი სხვა არის, მე ხალხს ვუჭერ მხარს“ და ხელისუფლებას საერთოდ არ ახსენებ და მათი დაპირისპირება გინდა, - სწორედ ეს არის დაპირისპირების მაგალითი. ვინც დაყოფას ცდილობს, ის შეიძლება შენი კეთილმოსურნე იყოს?“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გევენეტაძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება ეროვნული პრეზიდენტი, რომელსაც მამული, ენა, სარწმუნოება უყვარს. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ყაველაშვილია ზუსტად ის პიროვნება, რომელიც ქართველების ხასიათსა და გენეტიკში ჯდება. გამორიცხულია ასეთი პრეზიდენტი არ მიიღოს ქართველმა ხალხმა. ხოლო ნაცრადიკალების სექტა რას იზამს, ეს უკვე ყველათვის მეორეხარისხოვანია.
„ღმერთმა დაიფაროს მიხეილ ყაველაშვილი, რომ ნაცრადიაკლებს და მათი სექტის წევრებს მოსწონდეს. პირიქით, ეს ყაველაშვილისთვის ძალიან დიდი პრივილეგია და მოტივაციაა. ყაველაშვილის მიმართ დამოკიდებულება ცალსახად მალე შეიცვლება. ვნახეთ, რომ სამეზობლომ მას ძალიან გულწრფელად მიულოცა და მიპატიჟებებიც კი მიიღო. იგივე მოხდება ევროპული ქვეყნებიდანაც. აგერ, გერმანიაში, საფრანგეთში, იქაც იცვლება ხელისუფლებები.
სხვა ევროპული ქვეყნებიც მალე მოფხიზლდებიან და ყაველაშვილი, რომელიც ქართველი ხალხის ლეგიტიმური პრეზიდენტია, მისაღები იქნება სრულიად ყველასთვის. მათ მოუწევთ მასთან თანამშრომლობა. ტრამპის რადიკალიზმი და მკაცრი პოზიციები რიგი საკითხების მიმართ ყაველაშვილთან რა მოსატანია. როგორც ტრამპი, ასევე ყაველაშვილიც არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და ადამიანი, რომლისთვისაც ამოსავალი წერტილი ქართველი ხალხი იქნება. დასავლეთს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ამიტომ ამ ლუზერი მე-5 კოლონა ოპოზიციისთვის და მათი მასხარა პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის თავს არ მოიკლავს. ზურაბიშვილი აღარ წარმოადგენს ქართველ ხალხს. ის არის უცხო ძალების მიერ მართული ფიგურა, რომელიც ამ მავნებლობას 29 დეკემბერს ვეღარ გააგრძელებს“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს გამოიყენებს დასავლეთი და 20 იანვრის შემდეგ მას თავიდან მოიშორებენ. ამიტომ ყაველაშვილთან, როგორც ქართველი ხალხის წარმომდგენელთან თანამშრომლობა ყველას მოუწევს.
მმართველი გუნდის წევრი და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილს ყველაფერი აქვს იმისთვის, რათა პრეზიდენტის ინსტიტუტი აამუშავოს და ის კონსტიტუციის ჩარჩოებში დააბრუნოს. ბოჟაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ახლა მთავარია სალომე ზურაბიშვილის მიერ დაზიანებული ინსტიტუტისთვის ავტორიტეტის დაბრუნება მოხდეს.
„ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც თავის უფლებამოვალეობებს, პირველ რიგში, კოსნტიტუციის ყველა დაცვით შეასრულებს. ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც პირნათლად შეასრულებს თავის მოვალეობებს პარლამენტთან, მთავრობასთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან მიმართებაში. როცა სალომე ზურაბიშვილის არალეგიტიმურს ეძახდა იგივე რადიკალური ოპოზიცია, ის ადამიანები, რომელთაც მათთვის ხმა რა მიუციათ, ახლა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მათი პრეზიდენტი გახდა. ამიტომ, პირველი, რასაც მიხეილ ყაველაშვილი გააკეთებს, პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციის ჩარჩოებში დაბრუნება იქნება.
29 დეკემბერს, ყაველაშვილის ინაუგურაციით, სრულად დასრულდება ეს კონსტიტუციის შეურაცხყოფა და ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადავა. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მიხეილ ყაველაშვილს გამაერთიანებლის ფუნქცია ექნება. ზურაბიშვილი კი ამას პირიქით აკეთებს და იმის მაგივრად, რომ ნეიტრალური პოზიცია შეენარჩუნებინა, ქვეყანა მიჰყავს დაპირისპირებისკენ. ამიტომ ყაველაშვილის ფუნქციაა ახლა, რომ ამ ინსტიტუტს შებღალული სახელი და რეპუტაცია დაუბრუნოს. ის იყოს ჩვენი ქართველი ხალხის სურვილების და ნების გამომხატველი და არა დასავლეთში ვინ რას იტყვის და დასავლელ პოლიტიკოსებს რა მოეწონება - ესიამოვნებათ. ყაველაშვილმა მილოცვები უკვე მიიღო და ასევე დაპატიჟებაც. იგივე მოხდება დასავლეთის სხვა ქვეყნებიდანაც და ბევრი რამ კალაპოტში ჩადგება“, - ამბობს ბოჟაძე.