უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესების წინადადებას. თუმცა, ამ ეტაპზე შეთანხმდნენ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე. კერძოდ, ევროკომისია წლის ბოლომდე წარადგენს წინადადებას ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. სანქციები უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა წარადგინა. ეს პირველი წარდგენილი წინადადება იყო 1-ელ დეკემბერს თანამდებობის დაკავების შემდეგ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აანონსებს, რომ განიხილავენ სანქციების დაწესების საკითხს იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის უკან დგანან.
„ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს. მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხისკენ, დამოუკიდებელი მედიისკენ, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, - აღნიშნა კაია კალასი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ცალკეული გეგმა ჯერ კიდევ შეიძლება შემუშავდეს, რადგან ის მოითხოვს მხოლოდ კვალიფიციურ უმრავლესობას. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ ევროკავშირი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს. უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ნებისმიერი მოსაზრება საქართველოს საშინაო საქმეებში სანქციების დაწესებით ჩარევასთან დაკავშირებით, მისი მთავრობისთვის წითელი ხაზია.
„მოვუწოდებთ, ობიექტურად შეფასდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა“, - აღნიშნა რობერტ ფიცომ.
ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შეთავაზებულ სანქციებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, რომლის განცხადებით, საქართველოს თავს ესხმიან, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა სუვერენული მთავრობის არჩევა გაბედა.
საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგია ლუქსემბურგი. ქვეყნის პირველი დიპლომატის ქსავიე ბატელის განცხადებით, თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო, რომ იყო გაყალბება და იმიტომ არ ხდება ეს, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები. მისივე თქმით, საჭიროა დისკუსია და შეთანხმების პოვნა 27 წევრ ქვეყანას შორის.
„ცოტა ვშიშობ, რომ ჩვენ თუ ვიტყვით, სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო და მოვისმინო, რომ იყო გაყალბება, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში არჩევნებს ასობით დამკვირვებელი აკვირდებოდა. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიხილო, იყო თუ არა გაყალბებები და ეს არ ხდება იმიტომ, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ამიტომ ახლა უნდა დავსაჯოთ, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქცევა მიუღებელია“, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიუსლეში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ესტონეთმა სანქციები დაუწესა 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. იმ პირების სიაში, რომელთაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ, არიან მოსამართლეებიც.
„ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ“, - წერს მარგუს ცაჰკნა.
ესტონეთთან კოორდინაციის შემდეგ რამდენიმე საათში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ლიეტუვის ხელისუფლებამ. დასანქცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და კიდევ 16 პირი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა.
„ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები.
ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერი ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო. ზოგადად, მიუღებელია ის, რომ ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობას, მთავრობის მეთაურის განცხადებით, დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება უკიდურესად არამეგობრული, ანტიქართული ნაბიჯია, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში და კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების პოზიციები შეიცვლება.
პოლიტიკური სანქციები ვერ შედგა, მაგრამ ევროპარლამენტარები აგრძელებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში მიიწვია ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მეცოლამ ევროპარლამენტის სახელით ქართველ ხალხს სოლიდაობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობენ ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ „რეპრესიებს“, ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროპულ გზასთან შეუთავსებელია.
„ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.