ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გამოყავით დრო ინტერვიუსთვის. უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და ღირსეულად ჩატარებას, ასევე „ქართული ოცნების“ გამარჯვებას. როგორც ჩანს, აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც მოგილოცათ...
ირაკლი კობახიძე: პირველ რიგში, მადლობა ინტერვიუსთვის. მიხარია, რომ ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრები მომისმენენ. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ხალხებს, სახელმწიფოებს და ხელისუფლებას შორის მეგობრობას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არჩევნებში გამარჯვება მოგვილოცა. ვაფასებთ ამ ყურადღებას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ ალიევს გულწრფელი მილოცვისთვის.
რატომ არ არის „ქართული ოცნების“ გამარჯვება კოლექტიურ დასავლეთისთვის მიუღებელი? დასავლური სტანდარტები ხომ აშკარაა. დემოკრატიული არჩევნები... სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება. აქცია ყოველდღე... პირდაპირი ტრანსლაცია საპროტესტო აქციებიდან თითქმის ყველა არხზე. პოლიცია ყოველ დღე აკეთებს ყველაფერს, რომ საპროტესტო აქციები შეუფერხებლად წარიმართოს. მაგრამ რა არ აკმაყოფილებს დასავლეთს?
- ნება მომეცით გითხრათ, რომ არსებობს კონკრეტული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში ძალაუფლების შეცვლას. ეს პროცესი რეალურად ახალი დაწყებული არაა, რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ასევე მოწმენი ვართ საარჩევნო პროცესებში აქტიური ჩარევების, ეს კი ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპებს ეწინააღმდეგება. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. გვაქვს მედიაპლურალიზმი და პოლიტიკური პლურალიზმი. 2012 წლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. თუმცა, გარკვეულ ძალებს, რომლებიც წინა ხელისუფლებას მხარს უჭერდნენ, დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონთ, მიუხედავად წლების განმავლობაში მიღწეული მიღწევებისა. ხშირად აღვნიშნავთ, რომ გარკვეულ ძალებს სურდათ ომი ჩვენს ქვეყანაში. მათ სურთ, რომ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაიხსნას. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები უნდა დაგვეცვა და ასეთი ნაბიჯები არ გადავდგით. როგორც ჩანს, ვინაიდან ამ ძალების კარნახი არ სრულდება, ჩვენი დასჯა გადაწყვიტეს. თუმცა, სინამდვილეში მათი რესურსები ძალიან მწირია. სამწუხაროდ, ეს ძალები გარკვეულ გავლენას ახდენენ როგორც ევროკავშირზე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი მომავალი წლიდან საგრძნობლად შეიცვლება. ამასთან დონალდ ტრამპი გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვფიქრობთ, ჩვენს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება. ამიტომ, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს. ჩვენი მოლოდინი ასევე დაკავშირებულია მომავალ წელს უკრაინის ომის დასრულებასთან. უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, რეგიონში სტაბილურობა დამყარდება და საქართველოს მიმართ ზეწოლა მოიხსნება.
რუსთაველის გამზირზე ყოველდღე საპროტესტო აქციების მომსწრენი ვართ. აქციებზე მისული ადამიანები ეჭვქვეშ აყენებენ არჩევნებში „ქართლი ოცნების“ გამარჯვებას. რატომ არ აწარმოებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და გამარჯვებული უმრავლესობა საპასუხო მოქმედებებს? რატომ არ კეთდება ეს?
- არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მილიონ 120 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მოგვცა ხმა. ოპოზიცია დამარცხდა. შესაბამისად, ისინი უმცირესობაში არიან. თუმცა, ოპოზიციურ ძალებს გარკვეული აგრესიული ქმედებებით ქუჩაში წარმატების მიღწევა სურთ. ქუჩაში და არჩევნებში წარმატება გარკვეულ რესურსებს მოითხოვს. ეს რესურსი საზოგადოების მხარდაჭერაა. რადგან მათ არ ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერა, ქუჩაში ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ. საპროტესტო აქციების პირველ ხუთ დღეში ძალადობის ფაქტები იყო. ახლა მათ არ აქვთ ძალადობის ჩადენის რესურსი. არ გვჭირდებოდა ჩვენი პარტნიორების თხოვნა გარეთ გასვლის შესახებ. ანუ ამის საჭიროება უბრალოდ არ იყო. თორემ, მეტი ადამიანური რესურსი გვაქვს.
ახლა როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას?
- სიტუაცია დაწყნარდა. პირველი ხუთი დღე იყო ძალადობის მცდელობები. გავანეიტრალეთ ის რესურსი, რაც მათ ჰქონდათ. ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი უწყებები გვყავს. მათ ხუთი დღე დასჭირდათ სიტუაციის ესკალაციის გასანეიტრალებლად. ახლა, სიტუაცია მშვიდია. მართალია, ქუჩაში ხალხი ისევ იკრიბება, მაგრამ მათი რიცხვი დღითიდღე მცირდება. ძალადობრივ ქმედებებს ვეღარ მიმართავენ. მდგომარეობა სტაბილურია. ახალ პრეზიდენტს ვირჩევთ (ინტევიუ ჩაწერილია პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი დღით ადრე. რედ.), ამის შემდეგ პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ყველაფერი საბოლოოდ დაწყნარდება.
შეგიძლიათ თუ არა იმის თქმა, რომ „ხელისუფლება სრულად აკონტროლებს სიტუაციას“?
- დიახ, ჩვენმა კონკურენტებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ უნდა გაითვალისწინონ ერთი მომენტი, რომ დღეს სახელმწიფო ძალიან ძლიერია. სიტუაციის მართვა გარედან არ გვჭირდება. ოთხი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი აქციაზე ვნახეთ. მათი მცდელობა იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო, თუმცა მცდელობა ჩაეშალათ. სახელმწიფო სისტემა მზადაა მსგავსი მცდელობები თავიდან აიცილოს. შეიძლება მათი მხრიდან მსგავსი მცდელობა კიდევ იყოს, მაგრამ, ვიტყოდი, რომ პროცესები ამჟამად ისე მიმდინარეობს, რომ მსგავსი მცდელობები მომავალში არ მოხდეს.
ამის მიუხედავად, თქვენმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გადატრიალებასთან დაკავშირებით. იყო ამის საფრთხე?
- პროვოკაციები გამორიცხული არასოდეს არის. სახელმწიფო სტრუქტურები ცდილობენ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით და სიფხიზლით. პრევენციული ზომები მივიღეთ და მოსახლეობა შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით გავაფრთხილეთ. ამ მიზანს ემსახურებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც.
როგორც ჩანს, პოლიცია იმაზე მომთმენია, ვიდრე უნდა იყოს!? ეს ჩანს, ან ჩემი დასკვნაა…
- ეს არის ჩვენი ხელისუფლების დასახული ხაზი. ყოველთვის ვიცავთ პროპორციულობის პრინციპს. ვცდილობთ, პროტესტის წინააღმდეგ მაქსიმალურად არ გამოვიყენოთ ძალა. ორი უბედური შემთხვევის მომსწრე გავხდით. საპროტესტო აქციის პირველ და მეორე დღეს დაფიქსირდა ძალის გამოყენების შემთხვევა. ვცდილობთ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს. ძალადობას, რომელსაც ვაწყდებით თბილისის ქუჩებში, რბილი ძალით ვუპასუხოთ, მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ძალიან უხეში შემთხვევები დაფიქსირდა. ჩვენი პოლიციელები მომთმენები არიან. ამისთვის მათ მადლობა მინდა გადავუხადო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ჩვენი დასახული ხაზი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ხაზს.
ელოდით თუ არა, რომ მსგავსი პროტესტი იქნებოდა და პროცესი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა?
- ველოდით, რომ ასე იქნებოდა, რადგან გარკვეული ინფორმაცია გვქონდა. ზოგიერთ ძალას არ სურდა არჩევნებში დამარცხების მიღება. ვგულისხმობ როგორც საშინაო, ისე საგარეო ძალებს. ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ. ჩვენი გეგმები 28 ნოემბერს გამოვაცხადეთ და გარკვეულ მედიასაშუალებებში არასწორად იქნა განმარტებული. თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ არჩევნების დღიდან ოპოზიცია თბილისის ქუჩებში ყოველდღე ატარებდა მცირე აქციებს, ბლოკავდა ცენტრალურ გამზირებსა და მოედნებს. შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ აღნიშნულმა განცხადებამ გამოიწვია საპროტესტო აქციები. რეალურად საპროტესტო გამოსვლები უკვე დაწყებული იყო. ამის მიზეზი კი იყო ის რომ, ოპოზიციას არ სურდა არჩევნებში წაგების მიღება.
გარდა ამისა, გვქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული ძალები სიტუაციის ესკალაციისთვის ემზადებოდნენ. მაგალითად, ისინი იყენებდნენ პიროტექნიკას კონფლიქტის ჩასახშობად. თუ გასული წლის ნოემბერს შევადარებთ, მიმდინარე წლის ნოემბერს, ვნახავთ, რომ გასულ თვეში პიროტექნიკის რეალიზაცია 90%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ჩემ მიერ ნახსენებმა ძალებმა შეაგროვეს აღნიშნული საშუალებები ქვეყანაში კონფლიქტის შესაქმნელად. ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებში იყო ინფორმაცია სხვა მასალების შეგროვების შესახებ. შესაბამისად, ეს ქმედებები ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამიტომ, გავეცით საჭირო პასუხი.
როგორც ჩანს, აქციის მონაწილეები წინასწარ მოემზადნენ გრძელვადიანი მიტინგისთვის - კვება, აირწინაღეები, ბარიკადები, პიროტექნიკით, ლაზერული განათებით... ეს არ არის იაფი სიამოვნება. ვინ არიან სპონსორები?
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს. მაგრამ, გვაქვს გარკვეული ინფორმაცია და შემიძლია ზოგადად ვისაუბრო. რესურსები კონკრეტული ორგანიზაციების მეშვეობით შეგროვდა. შსს-მ ასეთი ორგანიზაციის წინააღმდეგ არაერთი ოპერაცია ჩაატარა. ძალადობრივი ქმედებების დროს, მასალების კონფისკაცია მოხდა, რომელიც გამოყენებული იქნება კონფლიქტის შესაქმნელად. ზოგადი ინფორმაციის გაზიარება შემიძლია. სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეტალურ განცხადებას გაავრცელებს.
რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხი 2028 წლის ბოლომდე გადაგედოთ? ამის გაკეთება ცოტა მოგვიანებით არ შეგეძლოთ?
- ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის რეალურია. იქამდე კი დაკისრებულ ვალდებულებებს შევასრულებთ. 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულებული იქნება. თუმცა, არის საკითხები, რომლებიც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და გვაშანტაჟებენ. ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატები გარკვეულ საკითხებს საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების შანტაჟისთვის იყენებენ. ამ შანტაჟის გათვალისწინებით, ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლის ბოლომდე ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ვწყვეტთ. თუ მოლაპარაკებების გახსნა უნდათ, დიახ, მზად ვართ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს, უბრალოდ, არავის მივცემთ უფლებას გამოიყენოს გარკვეული საკითხები შანტაჟისთვის. საზოგადოების მუდმივად შანტაჟი არ შეიძლება. შანტაჟის ნაცვლად მუშაობას ვითხოვთ. ჩვენ ვსაუბრობთ სამუშაოზე და ეს სამუშაო ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ვიმუშავებთ ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად.
კონკრეტულად ვინ არიან ამ შანტაჟის ავტორები? რომელი სახელმწიფოებია დაინტერესებული საქართველოში სიტუაციის ესკალაციით და ვინ არიან უშუალოდ ჩართულნი?
- არიან კონკრეტული ძალები. კონკრეტული ევროპელი პირები მოქმედებენ. არის ქვეყნებიც, რომლებსაც უსამართლო მიდგომა აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. მაგრამ, დღეს ამ ქვეყნების დაკონკრეტება არ მინდა. თუმცა, როგორც ჩანს, ძლიერი ძალები მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ. ამ ძალებს სურთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ამას რომ ვერ მიაღწიეს, ამიტომ ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან.
საქართველოში 1990 წელს ვიყავი, მაშინ სამოქალაქო ომი იყო. 2003 წელსაც ვიყავი. მე, როგორც ჟურნალისტი, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პროცესების გაშუქებაში ვმონაწილეობდი. 2024 წელს ისევ მსგავსი პროცესების წინაშე დგახართ. პირველ და მეორე კონფლიქტები კლასიკურ შიდა ურთიერთობებს ეხებოდა. ჩვენ ვსაუბრობდით კლასიკურ ინტერვენციებზე. 2024 წელს უკვე სხვა ვითარებაა. არსებობს ჰიბრიდული ომის ელემენტები. შეიცავს ყალბი ამბების ელემენტებს. არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი სიტუაციის ესკალაციისთვის. სხვათა შორის, როდესაც ინტერვიუზე მოდიოდით, თქვენს გათავისუფლებაზე საუბრობდნენ. ასევე, მაკრონმა დაურეკა ივანიშვილს და რაღაც უთხრა. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილმა ასევე გადაწყვიტა, რომ პრემიერი გადააყენოს. როგორ იბრძვით ინფორმაციის სფეროში? იმიტომ, რომ ჩვენს თვალწინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აქვს საბრძოლო მეთოდი და ტექნოლოგია. რით განსხვავდება თქვენი ბრძოლის გზა?
- არის ორი ძირითადი იარაღი, რომელსაც ჩვენი მოწინააღმდეგეები ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ - ტყუილი და სიძულვილი. ეს არ არის მათ მიერ აღმოჩენილი მეთოდი. აღნიშნული მეთოდები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება. ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური მედიაკანონმდებლობა. მედია სრულიად თავისუფალია ნებისმიერი სიცრუის გავრცელებაში. ანუ, საქართველოში დეზინფორმაციას ადვილად ავრცელებენ. საზოგადოების ბევრი ნაწილი ამ დეზინფორმაციის გამო ზოგჯერ შეცდომაში შედის. თუმცა, ვცდილობთ საზოგადოებას სწორი სიახლე მივაწოდოთ. სიცრუეს სიმართლით ვპასუხობთ. ცრუ ინფორმაცია მოსახლეობაში სიძულვილს იწვევს. ვინც ამ დეზინფორმაციას ავრცელებს, ვერ აღწევს თავის მიზნებს და ყოველ ჯერზე გამარჯვება ჩვენს მხარეზე რჩება. ოპოზიციის მატყუარა მანქანის მიუხედავად, არჩევნებში ზუსტად 9-ჯერ გავიმარჯვეთ. ქუჩაში გამოსვლით ვერაფერს მიაღწევენ. ამრიგად, ტყუილის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში სიმართლეს შეუძლია გაიმარჯვოს.
საქართველო, ისევე როგორც აზერბაიჯანი, ორმაგი სტანდარტების სამიზნეა, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ძალების საყრდენში. ჩემს წინ საკმაოდ ახალგაზრდა, ცივსისხლიანი, ძლიერი ნებისყოფის, დაჟინებული ხასიათის ლიდერი დგას. ეს კითხვა აზერბაიჯანის პრეზიდენტსაც დავუსვი. რა არის თქვენი ძალა? რა გაძლევთ ასეთ სიძლიერეს?
- პირველ რიგში, მადლობა კონპლიმენტისთვის. ვიცი, რომ მსგავსი პრობლემებია ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთანაც. მოვუსმინე პრეზიდენტ ალიევის გამოსვლას COP29-ზე. ის საუბრობდა აზერბაიჯანის წინაშე არსებულ საკითხებზე, რომლებიც თითქმის იგივეა, რაც საქართველოს წინაშე დგას. ამ 12 წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვართ, ჩვენმა გუნდმა დიდი გამოცდილება დააგროვა. ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის დიდი წარმატებების მოტანა, როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების განვითარების კუთხით. ასევე გვაქვს სერიოზული პროგრესი ეკონომიკური მიმართულებით. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,8 პროცენტია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი ჩვენი გუნდის გამოცდილებით არის განპირობებული. ძალიან კარგი მენეჯმენტი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალში ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო სავარძელში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლის. როგორი იქნება მისი ბედი?
- სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას. განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი წავიდა თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომ პრეზიდენტმა დიდი ზიანი ვერ მიაყენა ჩვენს ქვეყანას. 29 დეკემბერს მას ვადა ეწურება და პენსიაზე წასვლა მოუწევს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტს 14 დეკემბერს აირჩევთ. რას ელით ამ არჩევნებისგან?
- ეს არ არის პირდაპირი არჩევნები. ვინც გაიმარჯვებს უკვე ცნობილია. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს უფლება, ქართველი ხალხის ნდობაზე დაყრდნობით აირჩიოს ახალი პრეზიდენტი. ჩვენი კანდიდატი ძალიან ღირსეული ადამიანია. მიხეილ ყაველაშვილი ფიცს 29 დეკემბერს დადებს. ვფიქრობ, ის იქნება ძალიან კარგი პრეზიდენტი.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მედიისთვის, კონრეტულად კი რეალ ტელევიზიისთვის დროის დათმობისთვის...
- უღრმესი მადლობა მინდა გამოვხატო ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრების წინაშე. წარმატებულ და ბედნიერ 2025 წელს გისურვებთ.