„ჩინეთის ლიდერმა ძალიან კარგად იცის, რომ ტრამპი მუქარის შემსრულებელია“

„ჩინეთის ლიდერმა ძალიან კარგად იცის, რომ ტრამპი მუქარის შემსრულებელია“

ჩინეთის ლიდერი დონალდ ტრამპის შეთავაზებას არ ღებულობს. არადა, ყველა ელოდა, რომ ტრამპისგან სი ძინპინის მიწვევა საკუთარ ინაუგურაციაზე ახალი პოლიტიკის დასაწყისი გახდებოდა.

CBS NEWS-ის ცნობით, არაოფიციალური არხებით გადაცემულმა მიწვევამ პეკინი გააკვირვა, რადგან ჩინელი ჩინოვნიკები მიჩვეულნი არიან მკაცრ პროტოკოლს აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში.

ინფორმირებული წყაროების თანახმად, ტრამპმა მოსაწვევი ჩინეთის ლიდერს ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე გაუგზავნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება ჩინეთის ელჩი აშშ-ში, ასევე, ჩინეთის სხვა ოფიციალური პირები, მაგრამ არა სი ძინპინი.

აშკარაა, ჩინეთის პრეზიდენტი არ ენდობა არავის, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელს იკავებს.

სი ძინპინმა იცის, რომ გიჟი ვარ, -ამბობდა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში მყოფი დონალდ ტრამპი და იქადნიდა, თუკი თეთრ სახლში დაბრუნდებოდა, ჩინეთი ვერ გაბედავდა მის პროვოცირებას.

ის, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ანგარიშს უწევს დონალდ ტრამპს, იქიდანაც ჩანს, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა ჰონგ-კონგში მილიონი ადამიანი პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებდა, ჩინეთმა ჯარი ვერ შეიყვანა პროტესტანტთა დასასჯელად, რადგან ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს მეგობრულად სთხოვა, ეს არ გაეკეთებინა.

რომ არა მე, სი ძინპინი ჰინგ-კონგს 14 წუთში გაანადგურებდა, - სიამაყით ამბობდა ამ ხუთიოდე წლის წინ ტრამპი და ჩინეთის ლიდერს საკუთარ მეგობრად, შესანიშნავ კაცად მოიხსენიებდა.

რატომ სურდა ტრამპს საკუთარ ინაუგურაციაზე ძინპინის დაპატიჟება, ეს ჩინეთის მიმართ ახალი პოლიტიკის დაწყების მცდელობას და ურთიერთობის გადატვირთვას მოასწავებდა?!

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელ პეტრე მამრაძის შეფასებით, ტრამპმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩინეთის ლიდერს ესმის ძალის ენა. როცა ხედავს ძალას, მაშინ ძინპინი უპრობლემოდ იხევს უკან. ის ფრთხილი ადამიანია, სადაც გასდის, იქ მიდის ბოლომდე.

ამის შესახებ ამერიკელ ცნობილ პოლიტოლოგებს, ისტორიკოსებს დაუწერიათ, რომ ძინპინი, რომელიც არის ტოტალიტარული რეჟიმის ხელმძღვანელი და, რომელმაც გააუქმა კონსტიტუციაში ჩადებული წესი, რომ ორ ვადაზე მეტხანს არ შეიძლება იყოს პრეზიდენტად, ტრამპის მიმართ თავშეკავებულია. ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას, როცა ძინპინი ოფიციალური ვიზიტით ამერიკას ეწვია, ტრამპმა ის სადილზე მიიწვია საკუთარ რეზიდენციაში- მარ-ა-ლაგოში, ფლორიდაში. ამ დროს სასწრაფოდ დაურეკეს ტრამპს, მდივანმა მოახსენა ზარის შესახებ, მანაც ბოდიში მოიხადა ჩინეთის ლიდერთან, ცოტა ხნით დაგტოვებო, სასწრაფო საქმესთან დაკავშირებით გავიდა, უცებ დაბრუნდა და თქვა, დამირეკეს ჩემმა მუშაკებმა და მითხრეს, რომ სირიაში დაძაბული ვითარება შეიქმნა, მეკითხებოდნენ, რა უნდა ვქნათ, მე გავეცი ბრძანება, დაბომბეთ, მიწასთან გაასწორეთ ყველაფერი, რაც იქ არის და ახლა ამის განხორციელებას შეუდგნენო. ძინპინმა ძალიან კარგად გაიგო ეს გაკვეთილი. უფრო მეტიც, ერთხელ ტრამპმა თქვა, თუ ეცდებიან ბრიქსის ქვეყნები-ჩინეთი, რუსეთი და სხვები დედოლარიზაციას, ანუ შეკრავენ პირს, რომ დოლარმა ვერ იმოქმედოს, მე მაშინვე 100%-იან ტარიფებს დავადებ მათ საქონელს, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკურ კოლაფსს ნიშნავს. ასე რომ, ტრამპი არის მოქმედების კაცი,-აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ძინპინის მიწვევა ინაუგურაციაზე, ეს არის ტრამპის მხრიდან ურთიერთობის დათბობაც და ეს არის ურთიერთობის აწყობაც მკაფიო მესიჯებით, რომ შენ თუ ამ წესებს დაიცავ, გვექნება შესანიშნავი ურთიერთობა, შენთვისაც სასარგებლო და ჩვენთვისაც. ხოლო თუ რაღაცას გადააჭარბებ, შესაბამისად მოგექცევით. ანალიტიკოსის აზრით, ძინპინმა ძალიან კარგად იცის, რომ ტრამპი მუქარის შემსრულებელია.

რაც შეეხება საქართველოს, თუ როგორ აღიქვამს ტრამპი ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას და ანაკლიის პორტის მშენებლობას, პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან კარგად ესმის, რომ ერთადერთი სახელმწიფო გლობუსზე, რომელსაც შეუძლია ანაკლიაში შევიდეს, ეს ოფიციალურად განაცხადოს და შეუდგეს მშენებლობის ორგანიზებას, არის ჩინეთი. ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლია ზედ საოკუპაციო ხაზზეა, ამის გაკეთება არ შეუძლია. თუკი თბილისიდან 30 კილომეტრშია რუსული ტანკები, ანაკლიაში სულ რაღაც მეტრებშია რუსული ტანკები. ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დედამიწის ზურგზე, თუნდაც შეერთებული შტატები რომ შევიდეს ანაკლიაში, რუსეთი დემონსტრაციულად დააყენებს სამხედრო ხომალდებს სანაპიროზე და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ აზრი არ აქვს პორტის მშენებლობას, როცა რუსი არსად არ გაატარებს ამ ტვირთებს.

ისეთი გავლენა აქვს დღეს ჩინეთს რუსეთზე, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც პუტინი ვერ გაუბედავს ზედმეტის თქმას, ეს არის ჩინეთი. ჩინეთმა გამოაცხადა თუ არა, დიახ, მე ვკიდებ ანაკლიას ხელს და ჩვენი მთავრობაც დათანხმდა, მაშინვე მიიწვია დასავლური კომპანიები - დანიური, ნორვეგიული... ისინიც სიამოვნებით შევლენ ანაკლიაში, რადგან ჩინეთის ქოლგა მათთვის საკმარისი გარანტია უსაფრთხოებისთვის. არც ერთი ეს სახელმწიფო არ მიიღებდა ანაკლიის მშენებლობაში მონაწილეობას, რომ არა ჩინეთის ფაქტორი, - მიიჩნევს პეტრე მამრაძე.