„ვფიქრობ, რომ „ოცნებამ“ და მისმა ფაქტობრივმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წინა ორი პრეზიდენტის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს თავის მაქსიმალურად გადაზღვევა და შეარჩიეს ისეთი კანდიდატი, რომლისგანაც ძალიან მინიმალურია იმის ალბათობა, რომ მან „ქართულ ოცნებას“ შეუქმნას ის პრობლემები, რასაც თავის დროზე მარგველაშვილი და ზურაბიშვილი ქმნიდნენ“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევა.
თქვენი აზრით, რა ცვლილებებს და სიახლეებს შესთავაზებს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი, როგორც ქვეყნის შიდა საზოგადებას, ასევე დასავლურ სამყაროს?
- მიხეილ ყაველაშვილის შერჩევა პრეზიდენტად შესაძლოა, განსჯის და დისკუსიის საგანი იყოს, რამდენად რელევანტური კანდიდატურა არის ის ამ თანამდებობაზე - ამაზე საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები წარმოიშვა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორისაც. ვფიქრობ, რომ „ოცნებამ“ და მისმა ფაქტობრივმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წინა ორი პრეზიდენტის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს თავის მაქსიმალურად გადაზღვევა და შეარჩიეს ისეთი კანდიდატი, რომლისგანაც ძალიან მინიმალურია იმის ალბათობა, რომ მან „ქართულ ოცნებას“ შეუქმნას ის პრობლემები, რასაც თავის დროზე გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი ქმნიდნენ.
გარდა ამისა, ყაველაშვილის ხედვები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამჯერად უკვე პრეზიდენტის რანგში, პრაქტიკულად, მთლიანად ემთხვევა „ქართული ოცნების“ ხედვებს და ამ კუთხით რაიმე დივერგენცია წარმოუდგენელია. იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს პრეზიდენტს ჰქონდეს რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური დატვირთვა საერთაშორისო საზოგადეობასა და წრეებთან კომუნიკაციის კუთხით, ეს იყოს მინიმიზირებული - ყაველაშვილი არის შესაფერისი კანდიდატურა.
„ხალხის ძალა“ გადავიდა „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში. თქვენც ახსენეთ, რომ ყაველაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც შესაძლოა ყველაზე ნაკლები პრობლემა შეუქმნას „ოცნებას“. ოპოზიციაში გადასვლის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია, რამდენად უნდა ველოდოთ გარკვეულ გართულებებს „ოცნებისთვის“, რასაც ადგილი ჰქონდა ზურაბიშვილისა და მარგველაშვილის შემთხვევაში?
- გართულებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ, რადგან ყაველაშვილს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გახდა, მოუწევს „ხალხის ძალის“ რიგების დატოვება, რადგან არ შეიძლება ის იყოს რომელიმე პარტიის წევრი, თუმცა მისი ხედვები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, დასავლეთთან ურთიერთობაზე და ა.შ. დიდწილად თანხედრაში მოდის „ქართული ოცნების“ ხედვებთან. ვფიქრობ, რომ რადგან დღეს „ხალხის ძალა“ ოპოზიციაშია, მან მეტი განმარტება უნდა მისცეს საზოგადოებას, რა თემებზე არიან ისინი განსხვავებული „ქართული ოცნებისგან“.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე ლიდერის მილოცვა მიიღო. ესენი არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი. ევროპული ქვეყნების არცერთი ლიდერისგან არ მიუღია ყაველაშვილს მილოცვა...
- ისინი ყაველაშვილს, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობას, არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად და მათთვის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი - ეს ქმნის პოლიტიკური კონფლიქტის წყაროს საქართველოში - ორხელისუფლებიანობის ალბათობას ქმნის. სალომე ზურაბიშვილი, ზურგგამაგრებული დასავლეთის მხარდაჭერით, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის რეზიდენციიდან არ გამოვა და გაწევს წინააღმდეგობას. როგორც ცნობილი გახდა, 36 ევროპარლამენტარი და კიდევ რამდენიმე ცნობადი სახე დასავლეთიდან, აპირებენ ჩამოსვლას და სალომე ზურაბიშვილის დაცვას. როდესაც სალომე ზურაბიშვილს მოუწევს რეზიდენციის დატოვება, აქ შესაძლოა, ვიხილოთ გარკვეული პოლიტიკური ვნებათაღელვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ხელისუფლება დაატოვებინებს რეზიდენციას, ის შეიძლება იყოს დასავლეთის მიერ აღიარებული ლეგიტიმური პრეზიდენტი და მის გარშემო მოხდეს ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია.
ყაველაშვილის საპრეზიდენტო სტარტი რთული იქნება - როგორ შეძლებს ურთიერთიერთობების დალაგება დასავლურ სამყაროსთან?! ეს პერიოდი იქნება ძალიან მტკივნეული „ქართული ოცნებისთვის“ და გასტანს 20 იანვრამდე, როდესაც მოხდება აშშ-ში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და იმის შემდეგ დაიწყება ახალი პროცესები - როგორც „ოცნება“ ამბობს, ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობა, თუმცა ეს ასე მალე არ მოხდება. იმდენად ბევრი რამ არის გაფუჭებული საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობებში, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას კიდევ ბევრი დრო დასჭირდება, რომ გაერკვეს რეალურად რასთან აქვთ საქმე.
იყო საუბარი იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნას, ან ძველი გააცოცხლოს და ოპოზიციაში მთავარ ოპოზიციურ პარტიად მოვიდეს. რამდენად ელოდებით მსგავს სცენარს?
- ასეთ სცენარს ნაკლებად ველოდები. ოპოზიციურ პარტიებს ჰყავთ თავიანთი ლიდერები და სალომე ზურაბიშვილმა რა პარტია უნდა შექმნას ისეთი, რომელიც შეისრუტავს ამ ყველა ოპოზიციურ პარტიას?! - ეს ცოტა არარეალისტურ სცენარად მეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ტელეარხები და მათთან აფილირებული ანალიტიკოსები ცდილობენ, ზურაბიშვილისთვის გმირის შერავანდესის შექმნას და მისთვის ოპოზიციური ლიდერის მანტიის მოცმას, ის მაინც ვერ გახდა მთელი ოპოზიციის ლიდერი - ამის ძალიან კარგი ინდიკატორი იყო ის წინააღმდეგობა, რაც მას შეხვდა ტექნიკური მთავრობის იდეის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე სკეპტიკურად ვუყურებ იმის, რომ ზურაბიშვილმა შეიძლება ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს, მაგრამ შეიძლება ასეთი მცდელობა მას ჰქონდეს და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახლა მასთან არიან დაახლოებული, ახალ პოლიტიკურ ძალაში მოიწვიოს“.