„ეჭვი მაქვს, ბალტიისპირელები რუსეთის დავალებით მოქმედებენ, თუკი საქართველო მთელი დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში მოექცა, ამით ვინ იხეირებს? - რუსეთი!“

„ეჭვი მაქვს, ბალტიისპირელები რუსეთის დავალებით მოქმედებენ, თუკი საქართველო მთელი დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში მოექცა, ამით ვინ იხეირებს? - რუსეთი!“

„ქართულ ოცნებისთვის“ ბალტიისპირეთის ორი ქვეყნის გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მაღალი თანამდებობის პირებისთვის, მათ შორის პრემიერ ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესება სამარცხვინო ფაქტია. მათი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა და ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მიერ გამოხატული მხარდაჭერის იგნორირებას მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათთვის მოქმედი ხელისუფლება მისაღები არ არის.

ესტონეთმა სანქციები საქართველოში 14 თანამდებობის პირს დაუწესა, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X ზე წერს.

„ქართული ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინოს და შესაბამისი ქმედებები გაატაროს“, - წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ასევე სანქციები დაუწესა ლიეტუვამ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.

„ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან ეს არ არის პირველი ჟესტი, რომელიც მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ ისინი, როგორც ჩანს, დაინტერესებულები არიან, რომ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდეს მათგან ძალიან შორს - ანუ კავკასიაში და საქართველოში“, - ასე შეაფასა მმართველი გუნდის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ესტონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილება ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

„საწყენია პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან ეს არ არის პირველი ჟესტი, რომელიც მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ ისინი, როგორც ჩანს, დაინტერესებულები არიან, რომ ახალი ცხელი წერტილი გაჩნდეს მათგან ძალიან შორს - ანუ კავკასიაში და საქართველოში. იცით, რომ არამხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა, არამედ დეპუტატებმა და პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის დროზე, არაერთხელ გააკეთეს ისეთი განცხადებები, რომლებიც იყო სრულიად უსამართლო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

ბევრი მათგანი პირადად იყო ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში და პირადად ესწრებოდნენ ოპოზიციის მიტინგებს. საწყენია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისინი არა საქართველოს, არამედ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მეგობრები არიან, ითვალისწინებენ მხოლოდ მათ ვიწროპარტიულ ინტერესებს და, სამწუხაროდ, არ უწევენ ანგარიშს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას“, - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის უკიდურესად არამეგობრული დამოკიდებულება, რომელსაც დროებითი ხასიათი აქვს და ე.წ. სანქციებს ისევ ჩახსნიან. ანალიტიკოსის განცხადებით, მუქარით და შანტაჟით ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ ელაპარაკებიან.

„ეს არის ბოლო აკორდი, სანამ დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვა, რის შემდეგაც გლობალურ პოლიტიკაში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, რაც უნგრეთის პრემიერ - მინისტრმა ორბანმაც განაცხადა. ეს ყველაფერი კი იქნება პოზიტივისკენ გადაგმული ნაბიჯი და ამით საქართველოს უსინდისო ჩაგვრა დასრუდება. რაც შეეხება ლიეტუვას და ესტონეთს, მათ პოლიტიკოსებს, ყოფილებსაც და მოქმედებსაც, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ. ეს ანგარებაა თუ რამე სხვა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ, როცა მიხეილ სააკაშვილი არაერთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდა, ბალტიისპირეთის ქვეყნიბიდან შეშფოთება და აღშფოთება არავის სმენია. ახლა კი, როდესაც წესრიგის აღდგენა ხდება და აგრესიული მომიტინგეების დაშლა მოხდა, ეს თურმე ანტიდემოკრატიულია. იგივე პერსონაჟები ხმას არ იღებენ იმაზე, როცა ამაზე უფრო ხისტად ხდება მომიტინგეების დარბევა. სახეზეა კლასიკური ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები. თუმცა ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის დასასრული მოახლოვდა. ამით კი, არა მხოლოდ საქართველო ამოისუნთქებს, არამედ ის სუვერენული ქვეყნები, რომლებსაც უნამუსოდ აბულინგებენ.

„რაც შეეხება ევროკავშირის მომდევნო სამიტს, რომელიც უნდა გაიმართოს, აქაც აზრთა სხვადასხვაობა იქნება. ბოლო ასეთ შეხვედრაზე, თორმეტი თუ ცამეტი ქვეყანა არ ემხრობა საქართველოს უსამართლო დასანქცირებას.

ასე რომ, შეიძლება ვერ ვიხილოთ ევროპული საერთო სანქციებზე თანხვედრა, მაგრამ სხვა ქვეყნებმა ეს მიზანიმართულად გააგრძელონ. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს დროებით ხასიათს ატარებს. უპასუხისმგებლო უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის სტილში მოქმედება, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი და დასაგმობია. ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსა და ბალტიის სხვადასხვა ქვეყნებს შორის, მით უმეტეს უკრაინასთან, ნამდვილად არ ფუჭდება. უბრალოდ, უპასუხისმგებლო ხელისუფლებებია რიგაში, ტალინში, ვილნიუსში, რომლებიც არამეგობრულ გადაწყვეტილებებს იღებენ“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის დასანქცირება ამ ქვეყნების მიერ ნიშანდობლივია, რადგან კობახიძე სწორედ ის ფიგურაა, რომელიც ამ ლიბერალური ძალებისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრეს-სპიკერი კობახიძე ამბობს, რომ ევროპაში ღირსეულად უნდა შევიდეთ. ეს კი, როგორც ჩანს, ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებს აღიზიანებთ.

„ეჭვი მაქვს, რომ ეს ქვეყნები და მათი ლიდერები რუსეთის დავალებით მოქმედებენ. ფაქტობრივად, ამ საქციელით, საქართველოს არა მარტო შეურაცხყოფენ, არამედ რუსეთის დარტყმის ქვეშ ტოვებენ. თუკი ისე მოხდა, როგორც მათ სურთ, რომ საქართველო მთელი დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში მოექცა, მაშინ ამით ყველაზე მეტად ვინ იხეირებს? ვისი საქმე გაკეთდება? რა თქმა უნდა - რუსეთის. ფაქტობრივად, ეს ქვეყნები რუსულ საქმეს აკეთებენ. ამიტომ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს შემთხვევითი არ არის. დააკვირდით, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა მხრიდან, დარტყმის ობიექტია, იქნება ეს ქვეყნის შიგნით არსებული უცხო ძალების მიერ და ასევე აი, ამ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ყოველთვის ნაცმოძრაობის მეგობრად იყვნენ განხილულები. ერთიდაიგივე პროცესს ვადევნეთ თვალს და გაგახსენებთ, ერთ-ერთ წამყვანი ფიგურის გიორგი გახარიას ცნობილ გამონათქვამს, რომ 20 იანვრამდეა მოსასწრები, თორემ მერე ყველაფერი დამთავრებული იქნება. ამით ხომ ნათელია, რომ ის პროცესები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მიდის, ეს ქართული პორცესი არ არის. ეს არის ხელოვნურად მართული, კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული მოქმედებები. ესტონეთის და ლიეტუვის განცახდებებიც სწორედ ამ ყველაფერთან არის კავშირში“,-ამბობს საყვარელიძე.