„ეჭვიც გაჩნდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სურვილი არ ჰქონდა, რომ უკრაინას არა თუ სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური დონის გამარჯვებისთვის მაინც მიეღწია“

„ეჭვიც გაჩნდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სურვილი არ ჰქონდა, რომ უკრაინას არა თუ სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური დონის გამარჯვებისთვის მაინც მიეღწია“

ტრამპი უკარინის ომზე ევროპას უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებას და ომის დასრულების პროცესში მონაწილოების მიღებას სთხოვს. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, რომ ევროპულმა ჯარებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი აწარმოონ. ამის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თანახმად, 7 დეკემბერს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ევროპამ უნდა შეასრულოს მთავარი როლი უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში და, რომ მას სურს უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების ყოფნა ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის.

მათივე ცნობით, ტრამპს არ გამოურიცხავს მონიტორინგის მხარდაჭერა, თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის ჯარები არ იქნებიან ჩართულნი.

მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ მხარს არ უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ სურს, ნახოს ძლიერი, კარგად შეიარაღებული უკრაინა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.

როგორც „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ტრამპმა ასევე მოუწოდა ევროპელებს, მეტი გააკეთონ ჩინეთის დასარწმუნებლად, რომ კრემლზე ზეწოლა მოახდინოს კონფლიქტის დასასრულებლად.

WSJ-ის წყაროთა თანახმად, ევროპელი სამხედროები უკრაინაში შესაძლოა, განთავსდნენ სპეციალური სამშვიდობო მისიით, თუმცა, არა ნატოს ეგიდით. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გრძნობს, რომ ომს იგებს და მის შეწყვეტას წინააღმდეგობას გაუწევს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა ჯერ კიდევ არ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

ერმაკის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი, ნატო-ში წევრობის მიწვევა და უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინა მზად რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისთვის, ერმაკი ამბობს: „ჯერ არა“.

„ჯერ კიდევ არა. ჩვენ არ გვყოფნის იარაღი, გვაკლია სტატუსი, რომელზეც ვსაუბრობთ, საქმე ეხება ნატო-ში მიწვევას და მკაფიო გარანტიებს, რაც დაგვარწმუნებს, რომ პუტინი ორ-სამ წელიწადში არ დაბრუნდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.

როგორც ერმაკი ამბობს, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა უნდა იყოს ძლიერი და მაშინ შეძლებს რუსეთთან თანაბარ პირობებში საუბარს.

ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ტრამპის ამ იდეაზე გამოხმაურება არ ყოფილა.

„ჟურნალ არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ტრამპის ინიციატივა გასაგები და ლოგიკურიც არის, რადგან მან არჩევნების წინ დადო პირობა, რომ უკრაინის ომი უნდა დაასრულოს. შესაბამისად, თეთრ სახლში დაბრუნებამდე ის ცდილობს იპოვოს ხელშესახები წერტილი, რათა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას.

„რა თქმა უნდა, ტრამპის განცხადება იმაზე, რომ ის ერთ დღეში დაასრულებდა უკრაინის ომს, არარეალისტურია, მაგრამ ის წინასაარჩევნო მარათონში იყო ჩართული და ამის თქმა შეეძლო. ახლა კი ის უკვე მოქმედებაზე უნდა გადავიდეს, ამისთვის კი გეგმაა საჭირო.

შესაბამისად, ის უკვე ციდლობს ამ გეგმის მხარეებისთვის მიწოდებას, რომ რაც შეიძლება ეს სასტიკი ომი, რომელიც უკვე ტვირთად აწევს ყველას, მალე დასრულდეს. ამიტომაც ტრამპი და მისი ჯგუფი ცდილობენ ახალი შეთავაზებები გააკეთონ და ახლა ყველაზე მთავარი რაც არის, ცეხლი შეაჩერონ. ესეც გასაგებია, რადგან, პირველ რიგში, ფრონტის ხაზზე, ცეცხლი უნდა შეწყდეს, რომ შემდგომ მოლაპარაკებები დიწყოს. ცეცხლის შეჩერება, ამ ეტაპზე, უკრაინას აწყობს, რადგან ფრონტზე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. საბრძოლო ინიციატივა რუსეთის ხელშია და ისინი ყოველდღიურად აღმოსავლეთ ფრონტზე წინ იწევენ. თუმცა რა პირობებში შესაძლებელია ეს ცეცხლის შეწყვეტა? ყველა მხარე ცდილობს, რომ ასეთ დროს მეტი უპირატესობა ფრონტის ხაზზე მას ქონდეს, რათა ვაჭრობის დროს ყველაზე მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდეს“, - ამბობს ალადაშვილი.

სამხედრო ჟურნალის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ტრამპი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მან უნდა მოიფიქროს და ისეთი რამ შესთავაზოს პუტინს, რომელიც ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, რაც მას მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს.

„უკრაინის მხარესაც არ სურს, რომ მოლაპარაკების დროს წავიდეს ისეთ დათმობაზე, რომ იქ სადაც ცეცხლი შეწყდება, ანუ ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთს დარჩეს და ეს სიტუაცია გაიყინოს. ანუ მხარეებს შორის სრულიად სხვადასხვა მოთხოვნები და მიზნები დგას. არის კიდევ ერთი ვარიანტი, როგორც ტრამპი ამბობს, რომ ევროპული ძალები ჩადგნენ ფრონტის ხაზზე. თუმცა აქ ჩნდება კითხვა, ტექნიკურად ევროპას ამის გაკეთება შეუძლია? მე ეჭვი მეპარება, რომ ევროპამ ეს შეძლოს. ტრამპი აქ საუბრობს სამხედროების გამოყოფაზე პირველ რიგში, რათა ფრონტის ხაზი ათას ორას კილომეტრზეა გადაჭიმული. არ გააჩნია არც ევროპას და არც გაეროს ამხელა რესურსი, რომ ამხელა ტერიტორიაზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე თავისი სამხედროები ჩააყენოს. ადრე, როცა სხვა ქვეყნებში ამას აკეთებდნენ, მაშინ ბევრად მცირე მასშტაბის ფრონტის ხაზზე იყო საუბარი.

ასევე, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ამას თავად ევროპა დათანხმდება? ერთიანობა უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპაში რომ არ არის, ეს ხომ ფაქტია. ამიტომ ძალიან ბევრი საწინააღმდეგო მიზეზია იმისა, რომ ტრამპმა ომის ასე სწრაფად შეჩერება შეძლოს. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ტრამპი ამას ეცდება, ეს უკვე კარგია და ამ ომის გაგრძელება კარგი არავისთვის აღარ არის“, - ამბობს ალადიშვილი.

მისივე თმით, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ უკრაინა, მიუხედავად დასაველთიდან მიღებული დახმარებისა, რუსეთზე ძლიერი ვერ გახდება. ხოლო ეს ომი რაც უფრო დროში გაიწელება, ყველაზე მეტად უკრაინა დაზარალდება.

„სამწუხაროდ, ამ ომის დაწყებიდან 1000-ზე მეტი დღე-ღამე გავიდა და რუსეთის წინააღმდეგობის გაწევა უკრაინისთვის სულ უფრო რთულია. ევროპაც და ამერიკაც უკრაინას თითქოს ეხმარებოდა, მაგრამ ეს დახმარება, როგორც წესი, დაგვიანებული და არასრული იყო. თითქოს ერთი ხელით ეხმარებოდნენ, მეორეთი კი უკან მიჰქონდათ. ის ეჭვიც გაჩნდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სულაც არ ჰქონდა დიდი სურვილი, რომ უკრაინას დახმარებოდა ისე, რომ მას ფრონტის ხაზზე არა თუ სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური დონის გამარჯვებისთვის მაინც მიეღწია.

ავიღოთ 2022 წლის სექტემბერი და ოქტომბერი, როცა უკრაინამ აღმოსავლეთ ხარკოვზე კონტრიერიში განახორციელა ლუგანსკის მიმართულებით. დიდი წარმატებები ჰქონდა და უკან გაიქცა რუსეთის საოკუპაციო ჯარი. მაშინ იყო საბრძოლო უპირატესობის გაძლიერება საჭირო და უკან მიყოლა. თუმცა სწორედ მაშინ შეუჩერა დასავლეთმა, პირველ რიგში, ამერიკამ სამხედრო დახმარება უკრაინას. რატომ მოხდა ეს? როგორც ირკვევა, დიპლომატიურ დონეზე ნატოს და ამერიკას პუტინი ატყობინებდა, რომ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. მან ამით ამერიკის და ევროპის შეშინება მოახერხა. ამით კი ისევ უკრაინა დაზარალდა“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, ასევე 2023 წლის დაანონსებული დიდი კონტრიერიში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო, რუსეთის დაზვერვისთვის ცნობილი გახდა და რუსები კრგად მოემზადნენ. ალადაშვილი ასევე უკრაინის ჯარში, სარდლობაში არსებულ პრობლემებზე და ტყუილებზე საუბრობს. „არსენალის“ მთავარი რედატქორი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე ოფიცრები, გენერლები, მათზე ქვემოდ მგდომი სამხედრო პირები ერთმანეთს ატყუებენ და სიმართელს არ ეუბნებიან მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციაზე. ამიტომ, ალადაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომი ჩიხშია შესული და რაც უფრო დრო გავა, სიტუაცია უფრო დამძიმდება.

„რა თქმა უნდა, ტრამპის ლოგიკა გასაგებია და ის ცდილობს უკრაინის ომზე მთელი პასუხისმგებლობა ევროპაზე გადაიტანოს. ევროპის გამოფხიზლებას და უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ სულაც არ არის ამერიკა ვალდებული, რომ მათ კონტინენტზე მიმდინარე ომზე ამერიკელებმა უფრო მეტი იდარდონ, ვიდრე მათ. ამიტომაც დაიმუქრა ნატოს დატოვებით, თუკი გადასახადის გადახდას ევროპის ქვეყნები არ გაზრდიან. შესაბამისად, ტრამპი საკუთარი გეგმების უკან წაღებას არ აპირებს და ევროპისთვის წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი იქნება“, - აცხადებს ალადაშვილი.

ლევკოთეა მთავარი იყო, მოგება მიეღო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. ვის რაში აინტერესებდა უკრაინის თუნდაც მცირე ტაქტიკური გამარჯვებები.
2 საათის უკან