ხოლო იესო იტყოდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“- (ლუკა 23; 34) სამწუხაროდ, ტაძარზე თავდასხმა, ღვთისმსახურებზე თავდასხმა, ეს იგივეა უაფლს დაესხა თავს, მაგრამ როდესაც ამას აკეთებენ რადიკალები, ცხადია აქ უფალზე საუბარი უადგილოა, მაგრამ კარგად აჩვენებს მათ სახეს, რომლებიც უპირისპირდებიან ქართველი ხალხის ნებას.
რადიკალები, რომლებიც თბილისის ქუჩებში მოძრაობენ, მიზანმიმართულად და ორგანიზებულად ქმნიან რადიკალურ პროცესებს, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ ესკალაციას. საფთრთხე კი მზარდია და საშიშ ფორმას იღებს. ამას ადასტურებს „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განცხადება, რომელმაც გაახმოვანა რადიკალების გეგმა: „არის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების უგუნურ, ძალადობრივ ქმედებას, ასე თუ გაგრძელდა, სამოქალაქო ომის შესაძლებლობაც განხილვადია“, - ასეთია რადიკალების გეგმა, ანუ შეირაღებული ამბოხება.
საფრთხიდან გამომდინარე, საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას, მდგომარეობის დაძაბვა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას. უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უწმინდესის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია მიღწეულ იქნას დიალოგი. ასევე, პატრიარქი საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე სასულიერო პირებს კურთხევას აძლევს, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკონ ზარი და აღავლინონ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი.
„ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ; გვავიწყდება, რომ უსიყვარულობა, ცინიზმი, უპატივცემულობა... რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ჩვევად იქცა, დამღუპველი ცოდვებია; (ამის გამოვლინებაა სიძულვილის ენა და ფიზიკური ანგარიშსწორება).
ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით... ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი სიყვარული. მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც, მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
უწმინდესის ამ განცხადების შემდეგ მორბენალი რადიკალები თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარის წინამძღვარს მამა შალვა კეკელიასა და ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირებს მიუვარდნენ. რადიკალები ტაძართან მდგომ სამღვდელოების წარმომადგენლებს მიმართავდნენ, რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა. აღნიშნულთან დაკავშირებით მამა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ის ძალადობას გმობს და ამაზე ქადაგების დროსაც საუბრობს.
„ტაძარში ვიყავი, ჯგუფმა ჩამოიარა, ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. ჩვენ გვეძახიან ქვეყნის მოღალატეებს. რატომ მეძახიან მოღალატეს? ეკლესიასა და პატრიარქს აგინებენ. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა, ზუსტად ეგ იყო. ქუჩაში დადგნენ და გვეძახიან, „მოღალატე, გამოდი“. წარმოიდგინეთ, ტაძარში გივარდება, გიყვირიან და გეუბნებიან, გამოდი გარეთ, შე მოღალატე, ქვეყნის მეტრო. ამით რას აღწევთ, ამით რა უნდა მივიღოთ? ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით, ტელევიზიების ეთერში პატრიარქს აგინებდნენ, ლანძღავდნენ, არავის ამოუღია ხმა“, - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.
მამა შალვამ ასევე ისაუბრა საპროტესტო აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვის ფაქტზე და აღნიშნა, რომ საიტზე პირდაპირ წერია, რომ ჩინური კუბო არის იესო ქრისტეს გამოსახულებით. „მე არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს მათ, მაგრამ თუ ადამიანმა ეს შეგნებულად გააკეთა, ეს არის მტრობა“, - აღნიშნა დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რაც ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს.
„ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას. ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს.
დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი - ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესაც ძალიან ჰგავს, „ხალხის მტრებად“ გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში. გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდება ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ სიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს. ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა. სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!“, - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან გავითარებულ მოვლენებს, სასულიერო პირების მიმართ შეურაცხოფას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აგრესიულმა ბოლშევიზმმა გასულ საუკუნეში ჯერ სახელმწიფო დაგვაკარგინა, შემდეგ კი ეკლესია დევნა და დაიქვემდებარა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მიმდინარე მოვლენები გვახსენებს ჩვენი სამშობლოს მძიმე ისტორიას.
„ნებსით თუ უნებლიედ, მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებს და გვახსენებს ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს მძიმე ისტორიას. აგრესიულმა ბოლშევიზმმა გასულ საუკუნეში ჯერ სახელმწიფო დაგვაკარგვინა, შემდეგ კი ეკლესია დევნა და დაიქვემდებარა. ამ დღეების მოვლენები კვლავ აქტუალურს ხდის პატრიარქი ამბროსის სიტყვებს, რომლითაც მან გენუის კონფერენციას მიმართა: „საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა“. ზუსტად ასი წლის წინ წმინდა პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეში ამგვარი რადიკალიზმისა და აგრესიის გამო ეწამა. იგი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას შეეწირა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის ლიბერალურ ფაშიზმში გარდასახული ბოლშევიზმის სახე.
„მამა შალვა კეკელიას ზნეობას უწუნებენ ის ადამიანები, ვინც მიხაელ როთს მუხლებზე უჩოქებენ და ტაშს უკრავენ...ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის ლიბერალურ ფაშიზმში გარდასახული ბოლშევიზმის სახე“, - წერს რატი იონათამიშვილი.
მორბენალი რადიკალების მიერ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სათავეში უდგანან ამ პროცესებს. ამ მოვლენებმა დაადასტურა, რომ რადიკალებისთვის, იგივე ტროცკისტებისთვის ეკლესია და მისი საჭეთმყობელი არის მხოლოდ საარჩევნო პროგრამის ნაწილი. როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს ბოროტებას. ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ“.