დღეს, პარლამენტში საქართველოს მე-6 პრეზიდენტს აირჩევენ. მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის დახმარებით აირჩევენ. კოლეგიის წევრები არიან: პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის 20, აჭარის მთავრობის 21 წევრი, კოლეგიაშია თვითმმართველობების 109 წარმომადგენელი. არჩევნების პროცედურულ ნაწილზე პასუხისმგებლობა ცესკოს ეკისრება.
მოქმედ პრეზიდენტს, ფიცის თანახმად, პრეზიდენტობის 6-წლიანი ვადა ოფიციალურად 16 დეკემბერს იწურება. ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს, მაგრამ უკვე ცნობილია მე-5 პრეზიდენტის პოზიცია, რომლის განცხადებით, არალეგიტიმურად არჩეულ მე-6 პრეზიდენტს ორბელიანების სასახლეს არ დაუთმობს. ზურაბიშვილი მომხრეებს ორბელიანების სასახლეში 16 და 29 დეკემბერს ელოდება. ცხადია, რომ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ ინფორმაცია აქვთ სუს-ში.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი ნებაყოფლობით არ დატოვებს ორბელიანების სასახლეს, საქმეში ჩაერთვება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. თუმცა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, უკვე საქმეში ერთვება სპეციალური სამსახური და ზურაბიშვილს იძულებით გამოიყვანენ ორბელიანების სასახლიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნებს პაროდიას უწოდებს ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ ეს იქნება ღონისძიება, რომელიც არის არაკონსტიტუციური და არალეგიტიმური.
„ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო პაროდიად აქცია. ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც ის, რაც დღეს ხდება, რომ „ოცნებიდან“ გადის „ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, იქედან ნიშნავენ პრეზიდენტს. ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არა აქვს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან სახელმწიფო პაროდიად გახადეს. ეს ყველასთვის ძალიან შეურაცხმყოფელია. ეს არის ერთგვარი პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის ყველაფრის შეურაცხყოფა - ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ინსტიტუტებს ასე მოეპყრო. ეს არის მიუღებელი! მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს - პაროდია მათ დარჩებათ. მთავარი ხდება სხვაგან - ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით ზურაბიშვილის 29 დეკემბრიდან მოუწევს პენსიაზე გასვლა. როგორც ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, ზურაბიშვილი ცდილობდა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში.
„ეს არის სამწუხარო მოვლენა, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თუმცა მადლობა ღმერთს, საქართველო იყო და არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, პრეზიდენტს ბევრის დაზიანება არ შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის. 29 დეკემბერს იწურება საბოლოოდ მისი უფლებამოსილების ვადა და, რა თქმა უნდა, მას მოუწევს პენსიაზე გასვლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მიხეილ ყაველაშვილის ამოცანა იქნება, რომ ქართველ ხალხს აჩვენოს, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში და რას ნიშნავს იყო იმ პოზიციის წარმომადგენელი, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, სტატუსის მქონე, მაგრამ არ არის ქვეყნის მმართველი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს იყო ის ცდუნება, რომელსაც ვერც ერთმა წინა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მომავალ პრეზიდენტს ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ პრეზიდენტის დაზიანებული ინსტიტუტის რეპუტაცია გამოასწოროს.
„რაც შეეხება ჩვენს პრეზიდენტობის კანდიდატურას, ოპოზიციის რეაქციებმაც აჩვენა, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, ამ პოზიციაზე მიხეილ ყაველაშვილის დასახელება. პრეზიდენტის ინსტიტუტმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო წინა პრეზიდენტების წყალობით და განსაკუთრებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, იმდენად დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ მომავალი პრეზიდენტს საკმაო დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ეს დაზიანებული რეპუტაცია პრეზიდენტის ინსტიტუტისა გამოასწოროს.
და რით დააზიანა მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნული ინსტიტუტი? - მიუხედავად ცუდი გამოცდილებებისა წინა პრეზიდენტებთანაც დაკავშირებითაც, ერთ-ერთი დღეს ციხეშიც კი ზის, ასეთი ღია, საჯარო გასვლა პრეზიდენტის უფლებამოსილებებისგან, ასეთი უხეში და თავხედი საჯარო დარღვევა კონსტიტუციური უფლებამოსილებების სხვა პრეზიდენტებისგან, ჩვენ არ გვინახავს, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს.
ფაქტობრივად, მან ქართველ ხალხს თავზე გადაახია კონსტიტუცია და თქვა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ქართველმა ხალხმა რა კონსტიტუცია დაადგინა, მან პრეზიდენტის ინსტიტუტი საკუთარ უკანა ეზოდ აქცია, სადაც როგორც უნდა ისე მოიქცევა, რასაც უნდა იმას გააკეთებს, ვინაიდან მას პარლამენტში დაბევებული ჰყავდა „ნაციონალური მოძრაობა“ და იცოდა, რომ მისი იმპიჩმენტი ვერ შედგებოდა, ამიტომ აბსოლუტურად, თავზე ხელაღებულად მოქმედებდა. ამიტომ მიხეილ ყაველაშვილის ამოცანა ზუსტად ეს იქნება, რომ ერთი მხრივ, ქართველ ხალხს აჩვენოს, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მე-5 პრეზიდენტის მსგავსად, მე-4 პრეზიდენტიც ამბობს, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პროცესი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას საერთაშორისო აღიარება არ აქვს.
„არის ადამიანების რაღაც ჯგუფი, რომლებმაც ხელისუფლება მიიტაცეს, შემდეგ ამ ჯგუფმა პარლამენტის შექმნის იმიტაცია გააკეთეს, შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების იმიტაცია და ახლა პრეზიდენტის დასახელების იმიტაციის გაკეთებას აპირებენ. აზრი, არსი ამაში ის არის, რომ ეს ყველაფერი ძალადობა და ტყუილია. ვინც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ამ ძალადობის და ტყუილის ფასადში მოქცეული, მნიშვნელობა არ აქვს არც ჩემთვის, არც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბუნებრივია, არც ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში ამ ჯგუფს ხელისუფლებად, მთავრობად არ მოიხსენიებენ, დე-ფაქტო მთავრობადაც არ მოიხსენიებენ.
ამიტომ ისინი მათზე ლაპარაკობენ, როგორც გარკვეულ ძალადობრივ დაჯგუფებაზე, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი სახელი, რომ იტყვიან „სტალინის ვეფხვები“ თუ რაღაც ასეთი, „ქართული ოცნება“ ჰქვია ამ ძალადობრივ ჯგუფს. შესაბამისად, რას გააკეთებენ, რა პროცედურას ჩაატარებენ, ნაკლები მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.