ავტომობილის რეექსპორტის გადასახადი იზრდება - დილერები უკვე ხარჯს ითვლიან

ავტომობილის რეექსპორტის გადასახადი იზრდება - დილერები უკვე ხარჯს ითვლიან

ავტომობილის რეექსპორტისთვის საფასური 150 ლარით გაიზრდება. შსს- მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურება ძვირდება. შესაბამისი ცვლილება პარლამენტში ქართულმა ოცნებამ უკვე წარადგინა. ახალი ინიციატივა ადგილობრივ მომხმარებლებს, რა თქმა უნდა, პრობლემას არ შეუქმნის, მაგრამ გარკვეულწილად გაუზრდის ხარჯს იმ დილერებს, რომლებიც ავტომობილების მესამე ქვეყანაში გაყვანაზე მუშაობენ.

გლობალ ავტო იმპორტის საოპერაციო დირექტორი თინათინ გველესიანი აცხადებს, რომ ფასის მატებამ მომხმარებლებში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა გაძვირებული ტარიფი ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. საექსპორტო გადასახადის გაზრდის მიუხედავად, ბიზნესი არ შეფერხდება.

განმარტებით ბარათში არის ახსნილი, რომ საექსპორტო გადასახადი გაძვირდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას გამოიწვევს მომხმარებლებში. ჩვენ ვიკითხეთ და მათი აზრი მოვისმინეთ. არავის მოსწონს, როდესაც თანხა ეზრდება რაიმე მომსახურებაზე, თუმცა როგორც გვითხრეს, რეექსპორტს ამის გამო არ შეაჩერებენ.

როდესაც გადასახადი იზრდება, რასაკვირველია, უკმაყოფილება მოდის მომხმარებლებისგან, თუმცა ისე, რომ ბიზნესი გაჩერდეს და რაიმე შეფერხება იყოს, ეს მოსალოდნელი არ არის. შესაძლებელია 1-2%-ზე იმოქმედოს და ვინმემ პროტესტის გამო შეგნებულად შეაჩეროს, თუმცა 150 ლარის გამო, ბიზნესის შეჩერებას არავინ არ აპირებს, - განაცხადა გველესიანმა.

ნებისმიერი მომსახურების გაძვირება, ბუნებრივია, ავტოიმპორტიორებზე. მართალია, ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ ახლა ავტობიზნესს მაინცდამიანც კარგი პერიოდი არ უდგას.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსი ნონიაძის განმარტებით, როდესაც ნორმალურ სიტუაციაში ხდება გადასახადის გაზრდა, მომატებული ფასი მყიდველის გადასახდელია, თუმცა ახლა დაბალი მოთხოვნისა და ჭარბი მიწოდების ფონზე, დილერი იძულებული იქნება, რომ ავტომობილების ფასი შეამციროს, რათა მანქანების გაყიდვა უზრუნველყოს. ასეთ მდგომარეობაში კი გამოვა, რომ გაზრდილი გადასახადის დაფარვა დილერის ხარჯზე მოხდება.

ნებისმიერი მომსახურების გაძვირება, ბუნებრივია, ავტოიმპორტიორებზე აისახება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ გადასახადი არ არის. ამას არ იხდის ავტოიმპორტიორი და საქმე გვაქვს გადასახადის გადამისამართებასთან მყიდველისკენ. ეს პირდაპირი გადასახადი არ არის ავტოიმპორტიორებისთვის, მაგრამ დღეს, როდესაც მოთხოვნა ნაკლებია, ხოლო მიწოდება მეტი, ამ გადასახადის გადამხდელი გამოდის დილერი და არა მყიდველი. კერძოდ, გაზრდილი გადასახადების და თვითღირებულების ფონზე, მანქანის გამყიდველმა რომ ავტომობილი გაყიდოს, იძულებულია, ფასდათმობაზე წავიდეს. თითქოს ერთი შეხედვით იხდის მყიდველი, მაგრამ რეალურად მომატებული გადასახადის გადამხდელი საბოლოო ჯამში იქნება დილერი“, - განუცხადა ბიზნესპრესნიუსს ნონიაძემ.

მთავრობა ცვლილებების შედეგად, წლიურად ბიუჯეტის 15 მილიონი ლარით გაზრდას მოელის. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების ამოქმედება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება.