„ქანდაკება“

„ქანდაკება“

ვერც ერთი ქართველი მსახიობი უძრავ სცენებში იმდენ გამძლეობას ვერ იჩენდა, როგორც გრიგოლ ჩარკვიანი. განსაკუთრებით შესანიშნავი იყო ქანდაკებაში.

როდესაც სცენაზე ქანდაკება იყო საჭირო, მას შესაფერად შებურავდნენ და წამოჯგიმავდნენ ხოლმე. ისიც უძრავად, წამწამების დაუხამხამებლად იდგა მთელი მოქმედების განმავლობაში.

მის ქანდაკებას ყველა განცვიფრებაში და აღტაცებაში მოჰყავდა. გრიგოლი ამ საქმისათვის არის გაჩენილიო, იძახდნენ. ამ „როლშიც“ მას ბევრი კურიოზი შეემთხვა.

ერთხელ ქუთაისში დადგეს მონტის ცნობილი პიესა „კაიუს გრაკხი“. გრიგოლი აქ ქანდაკებას „ასრულებდა“. იგი უძრავად იდგა სცენაზე. მოქმედებაც კარგად მიმდინარეობდა.

ამ დროს გრიგოლს შუბლზე ბუზმა გადაურბინა, მაგრამ ეს არაფრად ჩაუგდია მას. შემდეგ ლოყაზე დააჯდა... აქედან ყურზე აუცოცდა. გრიგოლი ითმენდა, უძრავად იდგა, ბუზი კი არ ეშვებოდა, ახლა ცხვირზე დააჯდა. კარგა ხანს შეჩერდა აქ. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა და თავი გააქნია, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ აბა, ქანდარას რა გამოეპარებოდა?!

გაისმა სიცილი... გრიგოლმა იხტიბარი არ გაიტეხა და განაგრძო თავის პოზაში დგომა, წყეული ბუზი არ ეშვებოდა, ცხვირიდან აფრენილი, უცებ კვლავ დააფრინდა ცხვირის ნესტოებთან და ღიტინი დაუწყო.

გრიგოლმა ვეღარ მოითმინა, უფრო მძლავრად გაიქნია თავი და ხელიც შეაშველა. ბუზიც კი გაფრინდა, მაგრამ დარბაზში სიცილ-ხარხარი ატყდა...

პარტერი მალე გაჩუმდა. ქანდარა კი კვლავ განაგრძობდა სიცილს და თან ისმოდა: ვაშა, გრიგოლ, ვაშა! რეპეტე... რეპეტე!

მოთმინებიდან გამოსულმა გრიგოლმა მრისხანედ ასძახა ზევით:

- რა გაცინებთ, თქვე მამაძაღლებო?! ვერ გაჩუმდებით?!

აბა, ამას რა ხმაური და სიცილ-ყიჟინა მოჰყვებოდა, ადვილი წარმოსადგენია.