მოულოდნელი ზარი პარიზიდან, რომელმაც საქართველოში შესაძლოა პოლიტიკურ სურათი რადიკალურად შეცვალოს. 11 დეკემბერს სატელეფონო საუბრის ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია, ადრესატი კი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. საუბარი მხარეებს შორის ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. კონტაქტი მომავალშიც გაგრძელდება და ივნიშვილი - მაკორნის მორიგი საუბარიც დაანონსდა.
მმართველი გუნდისთვის ეს არჩევნების აღიარების ტოლფასია, მით უმეტეს, რომ ზარის ინიციატორი ემანუელ მაკრონი იყო. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ის, რაც უკვე მოცემულობაა, დიალოგის თემაც ვერ იქნება. ოპონენტებს კი ურჩევენ, კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. „ქართული ოცნება“ მაკრონის ინიციატივას ურთიერთობების გადალაგების დასაწყისად აფასებს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს სატელეფონო კავშირი საფრანგეთის მხრიდან არა ხელისუფლების აღიარება, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალი იყო. მაკრონის ინიციატივაზე დიალოგთან დაკავშირებით კი აცხადებენ, რომ მთავარ მოთხოვნად ხელახალი არჩევნების ჩატარება რჩება.
60-წუთიან საუბარში ემანუელ მაკრონმა საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და სურვილი გამოთქვა, ვითარების სრულად განმუხტვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ივანიშვილი-მაკრონის სატელეფონო დიალოგზე საუბრობენ ელისეის სასახლიდანაც. გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებენ, რომ საუბარი მაკრონის ინიციატივით შედგა და იქვე აკონკრეტებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ასევე, ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება. მაკრონის მოწოდების ადრესატები გახდნენ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც - საფრანგეთის პრეზიდენტი ყველას ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდებს.
პარტიის საპატიო თავმჯდომარემ დაკავებულებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდება, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულები კი პასუხს მტკიცებულებების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებენ. ბიძინა ივანიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება მიმდინარეობს.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პარიზიდან ზარი ივანიშვილთან ნამდვილად მოულოდნელი იყო და, მით უმეტეს კონკრეტულად მაკრონისგან. თუმცა ევროპიდან ასეთი სიჩუმე რომ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათი მხრიდან აქტიურობა დაიწყებოდა, ეს მოსალოდნელი იყო.
„პრეზიენტ მაკრონის დონეზე თუ მოხდებოდა ზარი საქართველოში, თანაც ივანიშვილთან, ჩემთვის ცოტა მოუოდნელი იყო. თუმცა მაინც მგონია, ეს არის გამოძახილი იმ პროცესებისა, რომელსაც თავში უდგას სფრანგეთი ცენტრალურ ევრაზიაში და სამხრეთ კავკასიაში. ბოლო დროს, საფრანგეთი ამ სივრცეში ძალიან აქტიური გახდა. საფრანგეთი ყოველთვის ცდილობს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ბრიტანეთს ტოლი არ დაუდოს და ამ ბოლო წლებში რეგიონში საფრანგეთი ძალიან გააქტიურდა. ენერგომატარებლების დეფიციტის ფონზე, ფრანგები ცდილობენ ცენტრალური აზიიდან პირდაპირ მიიღონ ენერგომატარებლები. საფრანგეთი დღეს ჩვენი მეზობელი სომხთის მოკავშირე ქვეყანაა და ამიტომ საფრანგეთის დაინტერესება ჩვენი რეგიონის მიმართ გაძლიერდა. საკითხს ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ, მაშინ, საქართველოში ზარი მოულოდნელი არ უნდა იყოს. ამას კიდევ მეორე გარემოება ახლავს, ის რომ მაკორნი იყო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრის შუამავალი, არ გამოვრიცხავ, ტრამპთან საუბარში მან გარკვეული ვალდებულებები აიღო. ანუ ერთგვარი მომგვარებელი იქნება საქართველოს შიდა პრობლემების.
არ გამოვრიცხავ, რომ საუბრის დროს ესეც იყო წამოჭრილი. დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის პოლიტიკა, რომელიც ნატოს სამხედრო პოლიტიკურ დოქტრინაში უმნიშვნელოვანესია. საფრანგეთი პოზიციონირებს, როგორც მთავარი ევროპული ფლაგმანი, ამიტომ არ არის გასაკვირი მან საქართველოსთან დაკავშირებით ეს ინიციატივა გამოიჩინა“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო. არეშიძე ამბობს, რომ ასევე, ზურაბიშვილიც საფრანგეთის მოქალაქეა და ამიტომ აქ ჩანს, როგორც საფრანგეთის პოლიტიკის კონტექსტი, ასევე მაკრონის პირადი ინიციატივა, რომ ის რეგიონში დასავლური პოლიტიკის გამტარია და მათ შორის - საქართველოში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რატომ დაურეკა მაკრონმა ივანიშვილს და არა პრემიერ კობახიძეს, არეშიძეს გვპასუხობს:
„ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ივანიშვილია საქართველოში პოლიტიკის წამყვანი, მით უმეტეს საგარეო პოლიტიკის კუთხით. რაც შეეხება ბოლო დღეებში ორბანის ტრამპთან შეხვედრას და საუბარს იმაზე, რომ შესაძლოა, ესეც იყოს ერთგვარი მაკრონის ზარის მიზეზი, - არაფერია გამორიცხული. ორბანი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპაშიც და, დიდი ალბათობით, ამერიკაშიც საკმაოდ დადებით როლს თამაშობს. ორბანი დაიღალა ევროკავშირში ლიბერალ ხელმძღვანელობასთან ჭიდაობით. მან ეს ტრამპთან საუბარშიც განაცხადა. ამიტომ ორბანს იმედი აქვს, რომ ტარმპის ოვალურ კაბინეტში შესვლის შემდეგ, ევროპაში ლიბერალების გავლენა შემცირდება. ორბანი წარმოადგენს ევროპული კონსერვატიზმის ფლაგმანს. უნგრეთს ევროკავშირის თავმჯდომარეობის ვადა უსრულდება, ამიტომ ორბანი ცდილობს, რომ ამ ვადის ამოწურვამდე მოახერხოს ისეთი გავლენა და გარღვევა, რომლის შედეგადაც კონსერვატორებს უფრო მეტი გავლენა ექნებათ ევროპაში. ამიტომ ვხედავთ, ალბათ, რომ ორბანი საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და პლუს ევროკავშირის სივრცეში საქართველოს ქომაგადაც გვევლინება. ეს იმის გამო კი არაა, რომ ორბანი გიჟდება ქართველებზე, არამედ მისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი მოკავშირე ჰყავდეს. ის, რომ ორბანს ტრამპთან საუბარი ჰქონდა კონსერვატორული იდეების გააქტიურების შესახებ, ევროპაში ეს ყველასთვის ცნობილია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონტექსტში, უნგრეთმა საქართველოც მოიაზრა. ჩემთვის ცნობილია, რომ ტრამპს ორივე მხრიდან აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რა პროცესები ვითარდება, ზოგადად, დასავლეთში და ლიბერალ - კონსერვატორების დაპირისპირების მხრივ და მათ შორის რა ხდება საქართველოში“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპა არაერთ მუქარის შემცველ განცხადებას აკეთებს, მოქმედებაზე მაინც არ გადადის. არეშიძე ამბობს, ეს პაუზები სწორედ განპირობებულია იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაცია სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მათი პოზიცია ბოლომდე ჯერ არ იციან.
„ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე ამერიკის საელჩოს აქტიურობა დიდად აღარ შეიმჩნევა. ამ ბოლო დროს საელჩო და ელჩი პასიურია, ეს კი ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ისინიც მოლოდინის რეჟიმში არიან. ასევე, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ევროკავშირის ელჩის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. მე მიმაჩნია, რომ ჰერჩინსკის ეს ვიზიტი, ძალიან საინტერესო ნიშანი იყო, ზოგადად, საქართველოსთვის. მთავარი ის არის, რომ საქართველოს მისამართით მიდგომები იცვლება. როგორც ჩანს, იმის ინტერესი, რომ საქართველოში ქაოსი და დესტაბილიზაცია იყოს, ამის მომხრეთა საპირწონე გაჩნდა. ამ დღეებში ვადევნებდით თვალს, რომ საქართველოში ხელშეწყობა ხდებოდა ერთგვარი ფერადი რევოლუციის მოდელის განხორციელების. ეს ყველაზე კარგად სირიის მოვლენებმა დაგვანახა. მგონია, რომ მსხვილ მოთამაშეებს შორის გარკვეული მოლაპარაკება მოხდა და ეს ქაოსი, რომელიც საქართველოში დაგეგმილი იყო, გარკვეულწილად შეცვლილია. ჰერჩინსკის კატეგორიული პოზიციის შემდეგ, მინისტრთან შეხვედრა მაინც მგონია, რომ სასიკეთო სიგნალია“,-ამბობს არეშიძე.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მაკრონი ივანიშვილს ისევ დაურეკავს და არის თუ არა მხარეებს შორის პოლიტიკური ვაჭრობა მოსალოდნელი და რა შეიძლება იყოს მხარეების მთავარი შეხების წერტილი, არეშიძე ფიქრობს, რომ ამის დიდი ალბათობა არსებობს. ის არ გამორიცხავს, რომ სწორედ აქციების დროს დაკავებულების მიმართ ხელისუფლებამ ლოიალობა გამოიჩინოს და ისინი, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული არა აქვთ ჩადენილი, ახალ წლამდე გათავისუფლდნენ. ეს კი ევროპის მხრიდან დადებით სიგნალად შეფასდეს. არეშიძე ფიქრობს, რომ პროცესი დაძრულია და არსებობს ბევრი შეხების წერტილი, რაზეც მაკრონსა და ივანიშვილს შორის შესაძლოა შეთანხმება მოხდეს.