დავით ზარდიაშვილი: საქართველო „მაიდანის“ უფსკრულის პირას

დავით ზარდიაშვილი: საქართველო „მაიდანის“ უფსკრულის პირას

რამდენიმე ღამეა, საქართველო თვალს ადევნებს რუსთაველის პროსპექტზე გამორეკილი ბრბოს შემზარავ ვანდალიზმსა და ქართველთა სჯულის − სიმართლის, სამართლიანობის, სამართლის დასამხობად ვერაგი მტრის მიერ ინსპირირებულ ბინძურ დანაშაულებს. მართალია, წუხანდელი ღამე შედარებით მშვიდი იყო, მაგრამ ეს ვითარებას ჯერჯერობით არ ცვლის: საფრთხე ისევ უდიდესია − საქართველო უფსკრულის პირასაა. ამ უფსკრულს სახელად „მაიდანი“ ჰქვია.

გარეშე თუ შინაური მტერი არც მალავს, რომ გააფთრებულ „კოგნიტიურ ომს“ აწარმოებს საქართველოსთან. აწარმოებს იმავე სცენარით, რაც კიევის „მაიდანით“ უკვე განახორციელა. ეს გახლავთ ე.წ. დიფუზური ტაქტიკით, ანუ დეზინფორმაციული შტურმით მოსახლეობისთვის გონების ამღვრევის გზით, გამაოგნებელი ინტენსივობითა და ტემპით გავრცელებული ცრუ აღქმებით, როგორც ზომბი-ვირუსით, ობიექტური რეალობის დამოუკიდებლად გაცნობიერების უნარის წართმევა. სწრაფად გავრცელებადი ცრუ აღქმების ვირუსული ეპიდემიის, ერთგვარი „ლაბორატორიული“ ზომბი-ვირუსის მოდულად „ერთუჯრედიანი ლოზუნგები“ გამოიყენება: „რუსული კანონი!“; „არჩევნები გაყალბდა!“; „ევროპასთან ინტეგრაცია შეწყდა!“; „რუსეთისკენ მივდივართ!“…
საბოლოო ჯამში, ამ ერთუჯრედიანი ზომბი-ვირუსებით ხდება ქვეყნის მოსახლეობის, და არა ტერიტორიის, მენტალური ოკუპაცია, მოქალაქეების საკმაო ნაწილის დაავადება, შემდგომ − ფაქტობრივად მენტალური მოკვდინება და „მაიდანიზაციის“ აქტიურ ფაზაში მათი მექანიკურ ზომბებად გადაქცევა. ეს გახლავთ კაცობრიობის ისტორიაში უნიკალური ინფორმაციული დივერსიის უპრეცედენტოდ საშინელი სპეცოპერაცია, როცა მოყვრად შენიღბული უვერაგესი მტერი ჯერ სულიერად გაგტეხს, მერე „ერთუჯრედიანი ლოზუნგებით“, ცრუ სიმბოლოებითა და ყალბი ნიშნებით დაგაავადებს, გონებას ილუზორული აღქმებით აგიმღვრევს, ბოლოს კი − ამავე ლოზუნგებს მარტივ ბრძანებებად მოგაწვდის და ზომბივით მექანიკურად გმართავს. შემდეგ, უკვე გადამუშავებულს ფიზიკურადაც ხელს გკრავს, რათა ჯოჯოხეთის უფსკრულში გადაგჩეხოს და იქ გეენის ცეცხლში, როგორც ნაგავი, ისე დაგწვას. შემთხვევითი არ არის, რომ „მაიდანის“, იქაურისაც და აქაურისაც, სიმბოლო − ნაგვის ურნაზე დანთებული ცეცხლია. შეგახსენებთ: გამოთქმა „გეენის ცეცხლი“, რომელიც ჯოჯოხეთის სიმბოლოდ იქცა, სწორედ იერუსალიმის ნაგავსაყრელის ადგილს, რომელსაც „გეენა“ ერქვა, და იქ ნაგვის დასაწვავ ცეცხლს უკავშირდება.

რასაკვირველია, „მაიდანიზაციის“ ამგვარი ტაქტიკის მიზანიცა და მეთოდიც, რაც შეიძლება დიდი კოცონის აგიზგიზებაა, ხოლო ჩვენ, ისევე როგორც უკრაინელები, ამ კოცონის საწვავად, როგორც გეენის ნაგავი, ვართ განკუთვნილი; დიდი კოცონის გეოპოლიტიკურ სამიზნედ ამჯერად „ჰარტლენდი“ − ე.ი. რუსეთი ცხადდება. გეენის ცეცხლი ჯერ მის გარშემო უნდა დაინთოს, საწვავად ყველაზე „გულანთებული ქვეყნები“ − უკრაინა და საქართველო, ანდა პირიქით − საქართველო და უკრაინა, უნდა გამოიყენონ. მერე სხვების ჯერიც დადგება. საბოლოოდ, რუსეთიც ამ ცეცხლში უნდა გახვიონ. მაგრამ რუსეთის განადგურებაც კი − მხოლოდ დიდი სტრატეგიის ოპერატიული ამოცანაა, უბრალოდ ტაქტიკაა. სტრატეგიული მიზანი − მთელი მსოფლიოა. გეენის ცეცხლი მთელ პლანეტაზე უნდა გავრცელდეს − ჯერ რუსეთის გარშემო, მერე ალბათ ერთდროულად რუსეთშიც და ახლო აღმოსავლეთშიც (მოსამზადებელი სამუშაოები დიდი ხანძრის იქ დასანთებად უკვე დასრულებულია), შემდეგ − ჩინეთშიც (იქ ეს სამუშაოები აქტიურად ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა უკვე ლაპარაკობენ) და მაშასადამე, მთელ ევრაზიაშიც. სხვა კონტინენტებზე ხანძრის გადასატანად ტაქტიკური ბირთვული ომის ნაპერწკალიც საკმარისია. რატომ? რატომ სჩადიან ამას? გააჩნია − ვინ. ფანატიკოსი გნოსტიკოსები ამით სამყაროს შემოქმედს, რომელიც ბოროტებად მიაჩნიათ, ებრძვიან, ხოლო პრაგმატულად მოაზროვნე „დიდ საიდუმლოთა მცოდნენი“ − კაცობრიობის მენტალური და ბოლოს ფიზიკური დეგრადაცია-შემცირება-განადგურებისთვის იღვწიან, რათა გაძლიერდნენ და გათავისუფლდნენ, მატერიალურ სამყაროზე სრული ბატონობა მოიპოვონ. მათ „პროექტში“, ვინც ამ გეენის ცეცხლს თავდაპირველად გადაურჩება, ერთი ხანობა იდენტობადაკარგული ზომბივით იცხოვრებს, ერთგვარ ციფრულ ჯოჯოხეთში, ტოტალურ საკონცენტრაციო ბანაკში, რასაც სახელად „ინკლუზიური კაპიტალიზმის ნიუ სამოთხე“ დაერქმევა. იქ გამომწყვდეული ინდივიდი არა მხოლოდ შეჭამს იმას, რასაც აჭმევენ, მაგალითად − მწერებისგან მომზადებულ ცილოვან სალაფავს, არამედ იგრძნობს და ისურვებს ოდენ იმას, რასაც აგრძნობინებენ და მოასურვებენ; მისი ლიბიდო მიმართული იქნება იმ სექსუალური ობიექტისკენ, რომელსაც ჩაუნერგავენ, რომ უნდა ელტვოდეს; ეგ სულერთია − ქალია თუ კაცი თავად ეს ინდივიდი, ანდა მისი ლტოლვის ობიექტი. იდენტობამოსპობილი ეს არსება, ყოფილი ადამიანი, ზომბურად იცოცხლებს იმდენს, რამდენსაც „რაციონალურად“ დაუდგენენ მატერიალურ რესურსთა გამგებელნი, ხოლო უსიტყვოდ მოკვდება, სამარეშიც კი თავადვე ჩაწვება, მიწას ავტომატურად მიაყრიან და მიწად აქცევენ; ან რობოტიზებულ კრემატორიუმში საკუთარი ფეხით მივა, რომ დაიფერფლოს. ამას იმწუთას გააკეთებს, როგორც კი ტვინში ჩანერგილ ჩიპში შესაბამისი „მესიჯი“ მივა. ინდივიდი აღარასდროს აღარაფერზე იფიქრებს, არამედ, აზროვნების იმიტაციით იქნება დაკავებული, მისი გონება ვირტუალური სანახაობებით, სხვადასხვა სიმულაკრებით და კომპიუტერული თამაშებით იქნება სრულად და აბსოლუტურად შეპყრობილი… მთლიანად აღქმების, რაც ციფრული რეალობით შეიქმნება, ჩიპით დადაღული მონა იქნება. აღარ გამრავლდება. არავის ეყვარება და არც არავინ ეყვარება. არაფრის არც რწმენა ექნება და არც იმედი. საბოლოოდ − ჰომო საპიენსი, როგორც ბიოლოგიური სახეობა, გადაგვარდება, დეგრადირდება, მისი პოპულაცია კი განუხრელად შემცირდება და ერთ მშვენიერ დღეს მთლიანად გაქრება. გაბატონდება ახალი სახეობა, ბიო-კიბერნეტიკული სიმბიოზი, კიბორგთა რასა, პრაქტიკულად უკვდავნი, გრძნეულნი, განცხრომაში მყოფნი, საზრდოდ მათ სუფთა ენერგია − ამბროზია ექნებათ. რაც მთავარია, იქნებიან აბსოლუტურად ექსკლუზიურნი (ინკლუზიურთა საპირისპიროდ), მსგავსად ოლიმპოს ღმერთებისა…

…………………………………………….

რასაკვირველია, რაც მოვყევი, აუცილებლად „შეთქმულების თეორიად“ და „რუსულ პროპაგანდად“ მონათლავენ. მათი ნებაა − გინდ დაიჯერონ, გინდ არა. მაგრამ ის, რომ ამ მოტივით, თითქოსდა თავიანთი აღქმებით და ერთუჯრედა ლოზუნგებით „ანტიდასავლურ, რუსულ პროპაგანდას და რუსულ ოცნებას“ ეომებიან, როგორც სურთ და როცა სურთ, უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინონ − უკვე მათი ნება აღარ არის. დამნაშავეებს, მიუხედავად დანაშაულის მოტივისა, სახელმწიფო, ე.ი. ერთადერთი ლეგიტიმური ძალა, დაუპირისპირდება. ხოლო სჯული − სიმართლე, სამართალი, სამართლიანობა და მისი აღმსრულებელი სახელმწიფო აუცილებლად პასუხს სასამართლოში აგებინებთ. სასჯელი არ ასცდებათ.

როცა კანონი ასე დემონსტრაციულად და უტიფრად ირღვევა, მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკურ თუ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტთა არავითარ მოტივს, რადგან საქართველო სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფოა. რასაც ახლა ვხედავთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რომც არაფერი ვთქვათ, სისხლის სამართლის კანონმდებლობის ასევე მასობრივად დარღვევის სრულიად შეუწყნარებელი ფაქტის წინაშე გვაყენებს. აშკარად იკვეთება, სულ ცოტა, ორი უმძიმესი დანაშაული, კერძოდ:

ჯგუფური ძალადობა, რაც ამ ე.წ. საპროტესტო აქციების მთავარი სახასიათო ნიშანია. დიახ, შეკრების უფლება კონსტიტუციით საყოველთაოდ გარანტირებულია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი შეკრებაა ნებადართული. სიტყვის თავისუფლებაზე აქ საუბარიც კი ზედმეტია, რადგან ამ შეკრებებზე ამ კონსტიტუციური უფლებით არც არავის უსარგებლია, სურვილიც არავის ჰქონია მსგავსი; არცერთი საჯარო გამოსვლა არავის უნახავს და არც მოუსმენია. გარდა ხელისუფლების და მთავრობის ძალით გარეკვისა, მათ მოთხოვნაც კი არ წამოუყენებიათ. ხოლო გამოხატვის ერთადერთი ფორმა, რაც იქ ჩანს − ორგანიზებული ძალადობაა, რასაც წინასწარ კარგად მომზადებული ჯგუფები გამუდმებით სჩადიან: ცდილობენ პარლამენტის შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრას, ებრძვიან პოლიციას, ანადგურებენ სახელმწიფო თუ კერძო ქონებას, ხელყოფენ წესრიგს და ამით, სხვა მოქალაქეთა ელემენტარულ უფლებებს, რაც უწესრიგობის გამო ირღვევა. მათ შორის, მაგალითად − თავისუფლად გადაადგილების თუ საზოგადოებრივი სიკეთეებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებებს. რაც მთავარია, ქმნიან უდიდეს საშიშროებას, ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისათვის მომაკვდინებელ საფრთხეს, რომ მსგავსი უწესრიგობის პირობებში ძალადობა გადაიქცეს ადამიანთა შორის ურთიერთობების მისაღებ წესად, ხოლო წესრიგის დამცველებზე თავდასხმა − ლამისაა სავალდებულო ნორმად გამოაცხადონ. ყველანი ვხედავთ, რა გააფთრებით ძალადობენ მსგავსი ორგანიზებული ჯგუფები ამ ე.წ. აქციებზე, ხოლო დანარჩენი იქ შესაკრებად მიწვეულნი არიან ფაქტობრივად მათი ამ ძალადობის არა მხოლოდ მაყურებლად, ან თუნდაც თანამგრძნობად, არამედ ფიზიკურად მხარდასაჭერადაც და მაშასადამე, მონაწილეებადაც.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულია. ხაზგასასმელია, რომ ამ დანაშაულს უფრო უარესად ამძიმებს შეიარაღებული ძალადობა. ხოლო სისხლის სამართლის ამ ნორმით ძალადობის იარაღად მიიჩნევა არა მხოლოდ ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, ანდა საბრძოლო მასალა, არამედ ნებისმიერი ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, მაშასადამე, უდავოდ − ე.წ. მოლოტოვის კოქტეილიც, ასევე ყოველი მოწყობილობა ან რაიმე საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად. ცინიზმია, როცა ძალადობის წამქეზებლები და წამხალისებლები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოსდა პიროტექნიკა და პეტარდები, რომლებიც მასიურად გამოიყენება სამართალდამცველთა და ქონების დასაზიანებლად, იარაღად არ მიიჩნევა!

როგორ აღვნიშნე, შეიარაღებულ მოძალადეთა შეკრება კანონიერი ვერასგზით იქნება და პოლიციას არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულება აკისრია, აღკვეთოს და დაშალოს ასეთი შეკრება. ჩვენი პოლიცია თავდადებით, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად კეთილსინდისიერად, ისე, რომ არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებებს, ასრულებს ამ მოვალეობას და მტკიცედ იცავს წესრიგს, არ ეპუება და ყოველ ჯერზე ამარცხებს ძალადობას, ამავდროულად − რაც შეუძლია, ფრთხილობს, რომ ნებსით ან უნებლიეთ ვინმეს უფლება არ შელახოს; პოლიცია განსაკუთრებული ერთგულებით ემსახურება თავის ქვეყანას. მადლობის მაგივრად მათი ლანძღვა კი − ნაძირალობა და არაკაცობაა!
აუცილებელია ამ შეკრებების ყველა მონაწილე მკაცრად გაფრთხილდეს, რომ არსებობს არა მხოლოდ დაზიანების, არამედ მის მიერვე მძიმე დანაშაულის ჩადენის უდიდესი რისკი. კანონით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა − დანაშაულია, ე.ი. კატეგორიულად აკრძალული და დასჯადი ქმედებაა; მონაწილეთათვის სასჯელის ზომად განსაზღვრულია 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო ამ ძალადობის ორგანიზატორებსა და ხელმძღვანელებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა უკვე გამოააშკარავეს, რომ სწორედ რადიკალური ოპოზიციაა ამ ექსტრემიზმის სულისჩამდგმელი და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი. სწორედ იმ ოთხი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ოფისებში იყო დასაწყობებული პიროტექნიკაც, მოლოტოვის კოქტეილები თუ სხვა „საომარი“ ამუნიცია. თვალსაჩინო გახდა, რომ ყველა ძალადობრივი აქცია, რომლებსაც ტელეარხებით თვალს ვადევნებთ რუსთაველის გამზირზე, სპონტანური კი არ არის, როგორც ირწმუნებოდნენ, არამედ ორგანიზებული და დაფინანსებულია ამ პარტიებისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ასევე ამ ჯგუფური ძალადობის მართვა და ხელმძღვანელობაც მათ მიერვე ხორციელდება. ამ პარტიების წარმომადგენელ 7 პირს უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და სავარაუდოდ, ხელმძღვანელობაც, თავისთავად მიუთითებს უარეს, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულზე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ეს რადიკალური პარტიები სჩადიან. იმედია, სათანადო გამოძიება უკვე მიმდინარეობს და საბოლოოდ გამოიკვეთება, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) გათვალისწინებულ უმძიმეს დანაშაულთან. როგორც ჩანს, ეს შეთქმულება უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ, როგორც „მაიდანის“ ქართული სცენარი, მონაწილეობით შეიარაღებული ამბოხების განსახორციელებლად დაიგეგმა, უდიდესი ალბათობით სამარცხვინო პრეზიდენტ ზურაბიშვილის და ოთხივე პარტიის ე.წ. ლიდერების აქტიური ჩართულობით. სხვადასხვა მტკიცებულებით, მათ შორის აუდიო თუ ვიდეოჩანაწერებით, აშკარა ხდება − ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მიზანი ამბოხებაა. ხოლო ამბოხება უნდა გამოიწვიოს ესკალაციამ, რაც პარლამენტის წინ ორგანიზებულ ძალადობას მოჰყვება. ესკალაციის „ტრიგერად“ კი საკრალიზებული მსხვერპლი უნდა იქცეს, როგორც კიევის „მაიდანის“ დროს „ზეციური ასეულის“ დაღვრილი სისხლი გახდა  სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების წყარო. ამ სისხლიან გადატრიალებას კი დიდი ომი და მსხვერპლად შეწირული სრულიად უკრაინის ზღვა სისხლი მოჰყვა, რაშიც, რასაკვირველია, აგრესორი და ოკუპანტი რუსეთია დამნაშავე, მაგრამ უკრაინელების პასუხისმგებლობას, რომლებმაც „მაიდანით“ საკუთარი ქვეყანა გადაჩეხეს, გაწირეს გეენის ცეცხლისთვის, რუსეთის დანაშაული ოდნავადაც ვერ შეამსუბუქებს…

უნდა გვჯეროდეს, რომ საქართველოში მსგავსი რამ არ და ვერ მოხდება. მაგრამ: თბილისური „მაიდანის“ რეალური საფრთხე კვლავაც არსებობს. ჯერ ისევ უფსკრულის პირას ვართ. მხოლოდ ხელისუფლება და მთავრობა, არც თავდადებული პოლიციაა საკმარისი, რათა ამ უფსკრულში დანთქმას და გეენის ცეცხლს გადავურჩეთ. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რათა არ გადავიჩეხოთ!