მილიონერები თავს შვეიცარიას აფარებენ

მილიონერები თავს შვეიცარიას აფარებენ

უმდიდრესი ევროპელების მხრიდან გასულ წელს განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი შვეიცარიის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ.

ამას ხელი შვეიცარიის პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმაც კი ვერ შეუშალა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების საგადასახადო ორგანოებს ბანკ UBS-ს კლიენტთა მონაცემები გადაეცა.

ანალიტიკოსთა აზრით, ინვესტორებს საფუძვლიანად აქვთ შვეიცარიელი აქტივების მმართველთა და ადგილობრივი ეკონომიკისა და ვალუტის სტაბილურობის იმედი.

შარშან შვეიცარიელმა ბანკირებმა საკუთარი კლიენტებისთვის ყოველ მილიარდზე საშუალოდ 1,4 მილიონი დოლარი მიიღეს. ეს ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. ევროს კურსის კლებასთან ერთად, უკვე დაახლოებით 3-4 თვეა, ევროპის სხვა ქვეყნებიდან შვეიცარიაში თანხების შემოდინების პროცესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, გარდა ეკონომიკური სტაბილურობისა, ევროპელებს შვეიცარიაში შედარებით დაბალი გადასახადებიც იზიდავს, რომლის გაზრდაც მოსალოდნელი არ არის.

არსებული მონაცემებით, 2013 წელს შვეიცარიულ ბანკებში მსოფლიოს ვიპ-კლიენტთა საბანკო შენატანების 27 პროცენტი, ანუ 1,6 ტრილიონი ევრო ინახებოდა.