„განა ამერიკამ ასე არ მიატოვა საკუთარი მომხრეები ავღანეთში, რომლებიც განწირულნი თვითმფრინავის შასს ებღაუჭებოდნენ, პანტასავით ცვიოდნენ და იღუპებოდნენ?!“

„განა ამერიკამ ასე არ მიატოვა საკუთარი მომხრეები ავღანეთში, რომლებიც განწირულნი თვითმფრინავის შასს ებღაუჭებოდნენ, პანტასავით ცვიოდნენ და იღუპებოდნენ?!“

ევროკავშირის მსგავსად, ამერიკაც გვსჯის. ბაიდენის ადმინისტრაციამ წასვლის წინ კუდი კიდევ ერთხელ მოიქნია და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის პასუხი ავღანეთსა და ერაყში, აფრიკის ქვეყნებში, მალიში, კოსოვოში, ზოგადად, საერთაშორისო მისიებში დაღუპული და დასახიჩრებული ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომელთა სიცოცხლეც ყველაზე ნაკლებად ფასობდა ამერიკელ ჯარისკაცებთან შედარებით და, სადაც ევროკავშირი არ იღებდა მონაწილეობას, რადგან ე.წ. ევროპული ნატო-ს სახელმწიფოების კონტინგენტები შეზღუდული იყო. სამაგიეროდ, ამ მისიებში საქართველოს კონტინგენტი ძალიან დიდად იყოს წარმოდგენილი და დასავლეთს გაცილებით იაფი უჯდებოდა მისი შენახვა. 

საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინშია. როგორც ირკვევა, ქართულ ოცნებას ტრამპის ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია აქვს, ახლა ელოდებიან ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირ ურთიერთობაზე გადასვლას.

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა. მისი განმარტებით, ის ამ საკითხს ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან განიხილავს, რომელიც ძალაუფლებას 2025 წლის 20 იანვარს გადაიბარებს.

თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას-ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ამას აკეთებენ ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებითაც, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამერიკამ ჩვენ დაგვიცა რუსეთის თავდასხმისგან და გადაარჩინა საქართველო 2008 წლის აგვისტოში, ახლა კი ვრჩებით დაცვის გარეშე რუსეთის პირისპირ.

ზოგადად, რა ფასი ჰქონდა ამერიკასთან სტატეგიულ პარტნიორობას?! ეს პარტნიორობა უფრო ამერიკისთვის იყო მომგებიანი, თუ საქართველოსთვის?! თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს გლობალურად, მაშინ გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველო ამერიკის ინტერესებისთვის, თუნდაც რუსეთთან სავაჭრო თვალსაზრისით და იაფი სამხედრო კონტინგენტით.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე იზიარებს ჩვენი ხელისუფლების მოსაზრებას, რომ ძალიან საინტერესოა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორების შეჩერებით რა შეჩერდა რეალურად?! ამერიკასთან ხომ არ ყოფილა პირდაპირი ფრენები? ხომ არ ყოფილა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება დადებული და ახლა აჩერებენ ამას? ხომ არ ყოფილა უვიზო მიმოსვლა შეერთებული შტატებთან? ამ დროს რუსეთის მოქალაქეები უცებ ღებულობენ ვიზას და მიდიან შტატებში, საქართველოში კი თვეობით წვალობენ ამერიკაში წასასვლელად, თუ უკვე მიღებული არ აქვთ ვიზა და გაკვალული არ აქვთ გზა ამერიკისკენ.

პეტრე მამრაძის აზრით, ერთადერთი, რისი შეწყვეტაც შეუძლიათ ამერიკელებს, არის სამხედრო წვრთნების ჩატარების შეჩერება.

მე ვეკითხები ყველა საღად მოაზროვნეს, ამერიკელები რომ საქართველოში სიმბოლურ წვრთვნას ატარებდნენ, რაც ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, დაჭრილი როგორ უნდა გამოეყვანათ ფრონტის ხაზიდან, ეს აძლიერებდა საქართველოს უსაფრთხოებას, თუ უფრო აღიზიანებდა რუსეთს და თბილისის სიახლოვეს, 30 კილომეტრში მდგარ ტანკებს?! სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი, რომელმაც გამოაცხადა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება, ის ადამიანია, რომელიც ტყუილებს არ ერიდება და უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ამაზე მთელი გამოკვლევები არსებობს ამერიკაში, პრეზიდენტები კი არა, სენატორები და კონგრესმენები რომ უახლოვდებიან საკუთარი ვადის დასრულებას, მათი ქცევა რადიკალურად იცვლება. ისეთი რაღაცების თქმას იწყებენ და ისეთ რამეებზე აწერენ ხელს, რაც წარმოუდგენელი იყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. ახლაც, ასამდე ადამიანმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ხელი რომ მოაწერა განცხადებას იმის შესახებ, თითქოს, ევროპასთან მჭიდო თანამშრომლობა ზრდიდა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს ხომ მარაზმია?! როგორ ზრდიდა? როდესაც რუსული ტანკი რომ გაინძრეს, თითსაც არ გაანძრევდნენ?! ფინეთი რომ არ თანამშრომლბდა დასავლეთთან, მხოლოდ სსრ-თან თანამშრომლობდა 50 წლის განმავლობაში, მაინც დემოკრატიულად რჩებოდა და არც ერთ ფორუმზე არ აკრიტიკებდა სსრ-ს, ამაზე ხმას რატომ არ იღებდნენ დასავლეთში, რომ პრორუსული და პროკრემლისტური იყო ფინეთი?!- ცხადებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი იმ ფაქტსაც იხსენებს, როდესაც ავღანეთიდან იძულებით გამოჰყავდა ჯარები ბაიდენს, რადგან თალიბები ყველაფერს აკონტროლებდნენ, თვიმფრინავები რომ მიფრინავდნენ, საწყალი ავღანელები, რომლებმაც თავიანთი ბედი დაუკავშირეს ამერიკას, თვითმფრინავის შასებს ებღაუჭებოდნენ, იმხელა სიმაღლიდან პანტასავით ცვიოდნენ და იღუპებოდნენ ჩვენს თვალწინ. იმ დროს ბაიდენმა პირდაპირ თქვა, რომ უნდა ვისწავლოთ, ბოლოს და ბოლოს, სხვა ადამიანების მხრიდან თქვენი ბედის გადაწყვეტა ვერ მოხდება.

პეტრე მამრაძის განმარტებით, როდესაც უკრაინაში ბრძოლები მასშტაბური იყო და ეს ყველაფერი პიკს აღწევდა, მაშინ ბაიდენს ჰკითხეს, უკრაინას ეხმარებით და ჯარით არ დაეხმარებითო, ჯარისკაცები და სამხედრო ინსტრუქტურები არ გაიგზავნებიანო? ბაიდენმა მაშინ თქვა, არავითარ შემთხვევაში, მე რომ ეს გავაკეთო და ჯარისკაცი გავაგზავნო, მოსკოვი და კრემლი ამას ჩათვლის ამერიკის ჩართვად ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებაში, ჩვენ კი ამისთვის მზად არ ვართო. ალბათ, ბაიდენმა იგულისხმა, რომ აგერ არის საქართველო, რომელიც კვირაში შვიდი დღე მზად არის, რუსებს ეომოს.

პეტრე მამრაძის შეფასებით, ყოველთვის ჩვენისთანა პატარა ქვეყნები იჭყლიტებიან ასეთ ომებში. ამაზე ბევრს წერდნენ პატიოსანი ამერიკელი პუბლიცისტები და ანალიტიკოსები. გადაშლი მათი წამყვანი მეცნიერების წიგნებს და სტატიებს და საფუძვლიან, დასაბუთებულ და მწვავე კრიტიკას წაიკითხავ საკუთარი ამერიკის ადმინისტრაციის მისამართით.

თავის დროზე ამერიკელები იმასაც წერდნენ, რომ ამდენი ჩვენი ჯარისკაცი დავხოცეთ სხვადასხვა ომში და კლინტონი და მისი მეუღლე ჰილარი არც ერთხელ არ მისულან მათი ხსოვნის პატივსაცემად ვეტერანების დღეებზე. ეს მოდაში აღარ იყო, მოკვდნენ ჯარისკაცები და მორჩა. სამაგიეროდ, კლინტონს და მის მეუღლეს არც ერთი ლგბტ პარადი არ გაუცდენიათ, ყოველთვის ერთად მოდიოდნენ და ესწრებოდნენ პარადს. ეს იმიტომ, რომ ამერიკელმა იმიჯმეიკერებმა უანგარიშეს, რომ თანამედროვე ამერიკაში გაცილებით მეტი ხმა მოვა ლგბტ პარადზე გამოჩენით, ვიდრე ვეტერანებთან მისვლით. ეს არის თანამედროე პოლიტიკური ბიზნესი. გამოჩნდები ტელევიზორში და მიხვალ ლგბტ აქციაზე, შესაბამისად, ხმები გაიზრდება, მიხვალ ვეტერანებთან და დაგეკარგება დრო. სხვათა შორის, ასეთნაირი პიარზე აგებული ინსტრუქციებით მოქმედებდა სააკაშვილიც. თომას დე ვაალმა, ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, თავის დროზე ირონიითა და სარკაზმით ღრმა სატირული წერილი დაწერა სააკაშვილზე, სათაურით -მიშა ჯადოქარი, სადაც წერს, ეს ის კაცია, რომელიც ერთ დღეში შეიძლება სამ-ოთხჯერ გამოვიდეს და ყოველ გამოსვლაში უარყოს ის, რაც წინა გამოსვლაში თქვა. აი, ნამდვილი და პირველი პოსტმოდერნისტული პრეზიდენტი მსოფლიოში. ერთ სიტყვაში შეიძლება თქვას, ვაშენებ სინგაპურს და მინდა ევროგაერთიანებაში. ამ დროს სინგაპურის რეგულაციები და იქაური ავტორიტარული რეჟიმი საერთოდ მიუღებელია ევროკავშირისთვის. მერე იტყვის, მე ვარ დიდი მეგობარი სენატორ მაკკეინის, ხოლო სიტყვის ბოლოს იტყვის, მე ვარ განუყრელი მეგობარი ლუკაშენკოსი, ახერხებს ეს კაცი ამას და გასდისო, ამას წერს თომას დე ვაალი. მაკკეინს რომ გაეგო, რომ თურმე ის საერთო მეგობარია ლუკაშენკოსი და სააკაშვილის, გადაირეოდა, - აცხადებს პეტრე მამრაძე.