აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „აშშ ევროკავშირთან ერთად წუხს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც ლეგიტიმურად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს - ევროკავშირი საყრდენი ძალაა კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა“.
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე For.ge ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- აშკარა ხდება, რომ უფრო კონსერვეტიულ ძალებთან აქვს საქართველოს კონტაქტი, შესაბამისად, ლიბერალური ძალები საქართველოსაც უტევენ. ამ შეტევის ფონზე მიდის ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ევროპარლამენტარების შეფასებები, ცალკეული ევროპელი ფიგურების შეფასებები და მილერის განაცხადი, რომ ამერიკა წყვეტს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან - ცოტა გადაჭარბებულია მისი მხრიდან ამერიკის სახელით საუბარი, რადგან ერთი თვე დარჩა, ვიდრე თანამედებობას დატოვებს. ასეთ შემთხვევაში, ისინი არ იღებენ ხოლმე ამ ტიპის გადაწყვეტილებებს, მაგრამ უკვე ყველაფერზე მიდიან.
მომავალ ფიგურებს არ უნდათ მიმავალმა არული სიტუაცია დაახვედროს და ამ ტენდენციის ჭრილში ვხედავ იმ განაცხადს, რომ შეიცვალა ჩვენთან ურთიერთობის წესი. ამ შემთხვევაში კი, ლოგიკურია ველოდოთ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციის სათავეში კონსერვატორები მოვლენ, გადაიხედება ის გადაწყვეტილებები, რაც მიღებული იქნა. სიმართლე რომ გითხრათ, მე იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ რეალურად შეწყვეტილია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, შეიძლება დაშინების მედოთი იყოს, რომ სტრატეგიული პარტიორობა წყდება, მაგრამ იურიდიული ნაბიჯი არ იგულისხმებოდეს.
ფიქრობთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები გადაიტვირთება და დალაგდება?
- მოგეხსენებათ, ტრამპი არ არის ის კაცი, რომლის ქცევაზე შეგიძლია თავი დადო, რომ იცი როგორ მოიქცევა - საკმაოდ ორიგინალური სტილი აქვს, მაგრამ არის ორი ძირითადი ხაზი, რამაც შეიძლება იმოქმედოს ჩვენსა და ამერიკის ურთიერთობაზე, ტრამპის პირობებში. ერთ-ერთი არის ამერიკის ურთიერთობა ჩინეთთან და ვიცით, რომ ტრამპი ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგეა იმისა, რომ ჩინეთს მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება ამერიკის მხრიდან, რადგან ჩინეთის აქტიური მეტოქეა და თუკი ეს სულისკვეთება გაგრძელდა კავკასიის სახით, მაშინ ის კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდება და ჩვენს მიმართაც კრიტიკული იქნება დამოკიდებულება.
ამასთან, რადგან საქართველო კონსერვატორების ბანაკში მოიაზრება მსოფლიო მასშტაბით, ამ ბანაკის მეთაური არის ტრამპი და ტრამპის მარჯვენა ხელი ევროპაში არის ორბანი. თუ ეს ხაზი წამოვიდა წინა პლანზე, მაშინ ტრამპი ვალდებული იქნება, პირიქით, ხელი გაუწოდოს საქართველოს, მაქსიმალურად დაიცვას ლიბერალების ზეწოლისა და შეტევისგან - ვნახოთ, ამ ორი ვარიანტიდან რომელი გამართლდება.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რამდენად წავლენ ისინი იმაზე, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ?
- რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, ის თემები ევროკავშირშიც გადადის. ევროკავშირი ლიბერალურია თითქმის და ევროპის კონტინენტზეც მიდის ეს ბრძოლა ლიბერალურ და კონსერვატორულ ძალებს შორის. დღეს დასავლეთი მოქმედებს ლიბერალური მხარდამჭერების გამყარების და კონსერვატორული ძალების დასუსტების მიმართულებით და ერთ-ერთი სამიზნე, როგორც კონსერვატორული ქვეყანა, ვართ ჩვენც.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც რომ შევეხოთ. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ისინი არათუ რევოლუციას, არამედ ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ამ აქციების შედეგად, რამდენად შეიძლება „ქართული ოცნება“ წავიდეს ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე?
- ძალიან ბევრი რამ დაუფუქრებელია ოპოზიციის ნაბიჯებში - რაც უფრო მეტად იქნება ოპოზიცია გაუთვლელი, მით უფრო უკონტროლოდ იგრძნობს თავს ხელისუფლება და ქვეყნისთვის არ არის კარგი ხელისუფლების უკონტროლობა. ამ ძალებმა, რომელიც ოპოზიციამ ქუჩაში გამოიყვანა, შესაძლოა, მას რეიტინგი კიდევ უფრო მეტად დაუგდოს. თუკი ფიქრობენ ხელახალ არჩევნებზე, მაშინ იმაზე უნდა ფიქრობდნენ, რომ ამომრჩევლის გული მოიგონ, მაგრამ ისინი არ გვანან იმ ხალხს, ვისაც ხელმეორე არჩევნებზე მოგება უნდათ.
ძალადობა, რომელიც საპასუხო ძალადობას უდავოდ გააჩენს, ერთადერთი შედეგია, რომ დასავლეთს აჩვენებენ, რა ცუდი ხელისუფლებაა და დასავლეთი მხარს უჭერს მათ. დასავლეთი და ოპოზიცია ერთნაირად მოქმედებენ და ერთმანეთს ეხმარებიან - ამას ხედავს ამომრჩეველი. ხელახალი არჩევნები ალბათ, უარესი შედეგით დასრულდება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, მაშასადამე, ინაუგურაცია ვერ შეგდება. რას ნიშნავს მისი ეს განცხადებადა და რა პროცესებს უნდა ველოდოთ ამის ფონზე?
- ამერიკაშიც ხშირად ყოფილა არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ, მაგრამ ქვეყანას უფრთხილდებიან და არ იწყებენ სამოქალაქო დაპირისპირებას ამის გამო - ჩვენ არ გავუფრთხილდით. სწორედ ეს განსხვავებაა ჩვენსა და ევეოპულ სინამდვილეს შორის. თუ ევროპაში შესვლა გვინდა, ამით უნდა შევიდეთ, წესსა და კანონზე ორიენტირებული ქვეყანა გავხდეთ.
გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ აქციების შედეგად გამოიკვეთება პოლიტიკური ლიდერი და ასეთ ლიდერად სალომე ზურაბიშვილს ასახელებენ. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- თავის დროზე, გამოიკვეთა სალომე ზურაბიშვილში ლიდერი, იპოდრომზე ხალხი რომ შეიკრიბა, მაგრამ შემდეგ ვეღარ მოუარა ამ ლიდერობას. საზოგადოებაში გარკვეულმა ემოციების ტალღამ შეიძლება შეგაგდოს ლიდერობაზე, მაგრამ შემდეგ ამ ლიდერობაზე გაჩერდები თუ ვერა, ეს სხვა საკითხია. ყველა დათანხმდება იმას, რომ ზურაბიშვილის სიტყვა შეასრულოს? არ მგონია, თორემ ეს ადრეც მოხდებოდა. ზურაბიშვილი ბუნებრივი ლიდერი არ არის და ხელოვნურად, სიტუაციამ შეიძლება ის შექმნას. ზურაბიშვილმა შეიძლება დაიკავოს ლიდერის პოზიცია იქამდე, სანამ სხვები უფრო უმწეოები იქნებიან, როგორც კი მოღონიერდებიან დანარჩენი ლიდერები, მეეჭვება, რომ თითოეულმა ადვილად დათმოს თავისი ლიდერული ამბიცია.