უსაფრთხოების ახალი კონცეფცია - სიტყვა „მტერი“ საერთაშორისო სამართლებრივი ფორმულირება არ არის

უსაფრთხოების ახალი კონცეფცია - სიტყვა „მტერი“ საერთაშორისო სამართლებრივი ფორმულირება არ არის

ქვეყნის უსაფრთხოების ახალი კონცეფციის გარშემო ცხელი დებატები მიმდინარეობს. დოკუმენტის პირველადი ვარიანტი უშიშროების საბჭომ უკვე შეიმუშავა. ე.წ. რადიკალური ოპოზიცია კონცეფციის განხილვას სრულ ბოიკოტს უცხადებს. 

ოპოზიციის შეფასებით, „ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით მთავარი საკითხი ამ ხელისუფლების სწრაფად შეცვლაა, რადგან საქართველოს მთავარ პრობლემას სწორედ ამ გუნდის ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნა წარმოადგენს“. ექსპერტების შეფასებით კი, საქართველოს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში რუსეთის, როგორც ოკუპანტის, განსაზღვრა უნდა მოხდეს.

„დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, „დემოკრატიულ მოძრაობას“ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ აქვს შემუშავებული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ქვეყნის განვითარების მიმართულებები, რომელიც როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ასევე ექსპერტებსა და ქართულ საზოგადოებას წარედგინა, თუმცა ხელისუფლების წყალობით ეს დოკუმენტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ვერ გახდა“.

„ამ კონცეფციაში ნათლად არის ჩამოყალიბებული, როგორ წარმოგვიდგენია დემოკრატიულ მოძრაობას ქვეყნის განვითარების სტრატეგია და უსაფრთხოების პრიორიტეტები. რაც შეეხება უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, გეკითხებით, რომელ ხელისუფლებასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ კონცეფციაზე, - რომელსაც მიაჩნია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მხოლოდ „ქვების გროვაა“ და ნულოვანი ფასეულობა აქვს?!

მე ვერაფერზე ვიმუშავებ იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩემი სამშობლოს თუნდაც ერთი გოჯი მიწა ნულოვანი ფასეულობისაა. ასეთ ხელისუფლებასთან საუბარს აზრი არ აქვს. ასეთი ხელისუფლება ქვეყანას უნდა მოშორდეს და ისეთი ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომლისთვისაც მისი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა ქვების ცარიელი გროვა არ არის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ეროვნული ფორუმი“ ხელისუფლებასთან ერთად ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის განხილვაში ჩართვას არ აპირებს და კონცეფციის საკუთარ ვარიანტზე მუშაობს.

„სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის - 2008 წლის აგვისტოში და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ეს პოლიტიკა დღესაც აქტიურად გრძელდება“, - მიაჩნიათ „ეროვნულ ფორუმში“.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით მთავარი საკითხი ამ ხელისუფლების სწრაფად შეცვლაა, რადგან საქართველოს მთავარ პრობლემას სწორედ ამ გუნდის ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნა წარმოადგენს“. ამასთან, „ფორუმში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილ საარჩევნო გარემოში ახალი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს“.

„ქართულ პარტიას“ „არ აინტერესებს, რა ბოდვას ჩაწერენ ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში“.

„ჩემთვის სრულიად უინტერესოა, გახურებული ტვინით რა ბოდვას ჩაწერენ იმ ე.წ. კონცეფციაში, რომელსაც 6 თვეში ერთხელ ცვლიან. ეს ბოლო დროს კონცეფციის გადაწერის და მისი ახალ ადამიანზე მორგების მე-4 მცდელობაა. რას გააკეთებს გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი, ჩემთვის სრულიად უინტერესოა.

ეს ხალხი უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოღვაწეობს. 2008 წლის 7 აგვისტო ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის სადემარკაციო ხაზი იყო, რომლის შემდეგაც ვთქვით, რომ მათ უფლება დაკარგეს, იყვნენ ამ ქვეყნის ლიდერები და მის მომავალს განსაზღვრავდნენ.

შესაბამისად, გიგა ბოკერია, რომელიც ომის წინა პერიოდში რუსეთთან მიმართებაში ისეთივე ქორი იყო, როგორც თემურ იაკობაშვილი და სხვები, ჩემთვის სრულიად უინტერესოა“, - განაცხადა „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწამრიშვილმა, რომლის აზრით, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ ალტერნატიული ძალის არსებობა რაც შეიძლება, სწრაფად დაინახოს და შემდეგ დღევანდელი რეჟიმი შეიცვალოს.

„ახალი მემარჯვენეები“ პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალი პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ აპირებენ, თუმცა პარლამენტს საკუთარ წინადადებებს მიაწვდიან. როგორც სპეციალურ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დავით გამყრელიძემ განაცხადა, „მემარჯვენეები“ განხილვებში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება არა პარლამენტში, არამედ ინტერპარტიულ ფორმატში წარიმართება.

რაც შეეხება „ახლების“ წინადადებებს, რომელიც პარლამენტს უნდა გაეგზავნოს, ისინი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხება.

„მოვუწოდებთ, ერთის მხრივ, საქართველოს პარლამენტს და მეორეს მხრივ, ეროვნული უშიშროების საბჭოს, ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში მკაფიოდ აისახოს ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები (უმუშევრობა, მზარდი და უკონტროლო ინფლაცია, ეკონომიკური სტაგნაცია, პრაქტიკულად განადგურებული სოფლის მეურნეობა, ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო, მონოპოლიები და არაკონკურენტული გარემო, სახელისუფლებო წნეხის ქვეშ მყოფი ბიზნესი) და მათ საპასუხოდ მიმართული კონკრეტული ქმედებები, ასევე დამოუკიდებელი სასამართლოს, თავისუფალი მედიის და სამართლიანი არჩევნების გარანტიის შექმნის მექანიზმები“, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გრძელვადიანი დოკუმენტია, დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე კი მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი გადაუდებელი ზომების მიღებაა აუცილებელი, რათა დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილება დროულად მოხერხდეს“.

„ახალი მემარჯვენეები“ კიდევ ერთხელ, დაჟინებით მოვითხოვთ ჩვენი ანტიინფლაციური წინადადებების დაუყოვნებლივ რეალიზაციას, კერძოდ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვან შემცირებას; გადასახადების შემცირების ტენდენციის გაგრძელებას და ამის შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით გაფორმებას; კონკურენციის ხელშეწყობასა და ბიზნესის საპროკურორო და პოლიციური ტერორისგან გათავისუფლებას; ადგილობრივი წარმოების და პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის განვითარების ეკონომიკური ბერკეტებით სტიმულირებას; ექსპორტის ყოველმხრივი წახალისებისა და ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თავის მხრივ ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, საქართველოს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში რუსეთის, როგორც ოკუპანტის, განსაზღვრა უნდა მოხდეს.

„ახალ დოკუმენტში უნდა განისაზღვროს, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი. შეიძლება ეს ზუსტად ამ ფორმულირებით არ ჩაიწეროს, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ 2008 წლის აგვისტოში მან საქართველოს მიმართ აგრესია განახორციელა, უკვე ამ სახელმწიფოს მიერ ჩვენი ქვეყნისადმი სწორედ მტრულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. დიახ, უნდა ჩაიწეროს, რომ რუსეთი აგრესორი და საქართველოს ოკუპანტია“, - განუცხადა ჩიტაძემ „ჯი-ეიჩ-ენს“.

მისივე შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, რის კონტექსტშიც ექსპერტი მთავრობის მიერ უსაფრთხოების კონცეფციის უკვე არსებული დოკუმენტის გადახედვას მიესალმება.

„იქედან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების კონცეფცია ბოლოს 2005 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ, განსაკუთრებით კი, 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, ვითარება მკვეთრად შეცვლილია, რის შესაბამისადაც, შეიცვალა საფრთხეები და ქვეყნის პრიორიტეტები, ნამდვილად არსებობს იმის საჭიროება, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია იქნას შემუშავებული“, - განმარტა ექსპერტმა.

„საფრთხეების კუთხით, დოკუმენტში უნდა განისაზღვროს, რომ არსებობს ორი ოკუპირებული ტერიტორია და რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელების ხელახალი საფრთხე. ეს შეიძლება არ იყოს გამოხატული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით, მაგრამ არ არის გამორიცხული ოკუპირებული ტერიტორიებიდან გარკვეული ბანდფორმირებებისა და დივერსიული ჯგუფების გადმოსვლა მოხდეს. ამიტომაც, ჩემი აზრით, საჭიროა რომ დოკუმენტში კონკრეტული საფრთხეები განისაზღვროს“, - მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.

სამხედრო საკითხებში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სიტყვა „მტერი“ საერთაშორისო სამართლებრივი ფორმულირება არ არის, რის შესაბამისადაც, საქართველოს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში ის რუსეთის მისამართით გამოყენებული ვერ იქნება.

„სიტყვა „მტერი“ უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში გამოყენებული არ არის, რადგან ის საერთაშორისო სამართლებრივ ფორმულირებას არ წარმოადგენს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში საუბარია საფრთხეებზე და ამ კუთხით რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაა შეფასებული, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე, სადაც ხდება მილიტარიზაცა“, - განუცხადა სესიაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს“.

მისივე განმარტებით, დოკუმენტში რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის ასახვა აუცილებელია, რის კონტექსტშიც, უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ ახალ კონცეფციას იწონებს.

„მე ვფიქრობ, რომ სწორია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეფასება, იმდენად, რამდენადაც რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მოახდინა სხვა ქვეყნის ოკუპაცია და ეს ოკუპაცია აღიარეს დასავლეთის ქვეყნებმა. ამიტომ ჩვენს კონცეფციაში ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ სახით ფორმულირებული“, - განმარტავს ექსპერტი.

რაც შეეხება, სხვა ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ მოსალოდნელ საფრთხეებს, ირაკლი სესიაშვილის აზრით, საქართველო, არც ერთ სხვა სახელმწიფოს სამხედრო საფრთხის მატარებელ ქვეყნად, არ განიხილავს.

„სამხედრო საფრთხე მხოლოდ რუსეთის მხრიდან არის მოსალოდნელი და სხვა ქვეყნის მიერ რაიმე სამხედრო აგრესიაზე საუბარი არ არის. საქართველო ამ კონცეფციით არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ განიხილავს და ეს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაშიც წერია.

დოკუმენტის მიხედვით, დანარჩენ საფრთხეებს შორის საერთაშორისო ტერორიზმი, ჩრდილოეთ კავკასიიდან მომდინარე კონფლიქტების გადმოდინების რისკები და ზოგადად, გლობალური ტიპის საფრთხეები მოიაზრება“, - ამბობს სესიაშვილი. მისი შეფასებით, უსაფრთხოების შესახებ ახალ დოკუმენტში „საკმაოდ კარგადაა ჩამოყალიბებული ჩვენი ძალისხმევა, რომ კონფლიქტი და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით მოგვარდეს“.