ბაკურ ბაკურაძე ქართველი ფსიქიატრების დასჯას ითხოვს

ბაკურ ბაკურაძე ქართველი ფსიქიატრების დასჯას ითხოვს

დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე ოპოზიციის მიტინგებზე ხშირად ჩნდება, თუმცა პაციფისტია, რომელსაც ყველა რევოლუციონერი და ყველანაირი ძალადობა სძულს. თავის პოლიტიკურ გააქტიურებას ასე ხსნის: "ეს მიტინგები იმიტომ კი არ არის, რომ მიშა არ იყოს პრეზიდენტი, არა, ბოროტება არ მართავდეს სახელმწიფოს. მე სხვა მოტივით ვდგავარ - ეშმაკის მოციქულები მოშორდნენ საქართველოს ხელისუფლებიდან!".

ბაკურ, იზიარებთ ოპოზიციის ერთადერთ მოთხოვნას - მიშა წავიდეს? თქვენი აზრით, ეს არის მთავარი?

- ხელისუფლება უნდა წავიდეს, სისტემა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. დღეს სისტემა არის მიხეილ სააკაშვილი, მასზეა ახორხილი ყველაფერი და თუ ეს სისტემა არ გამოიცვალა, არაფერი გამოვა. ეს კაცი უნდა წავიდეს თუნდაც იმის გამო, რომ არ არის ამ ქვეყნის მოყვარული. იმ ფაქტმა, რაც მოხდა პოლიციის სამმართველოსთან, ასი პროცენტით დაამტკიცა, რომ ეს არის მაფიოზური, კრიმინალური ბანდა, რომელსაც აქვს ერთ–ერთი ქვეყნის ხელისუფლება მიტაცებული. ეს ქვეყანა, სამწუხაროდ, საქართველოა.

პირველი პროტესტი როდის გაგიჩნდათ?

- 2003 წლის ოქტომბერში. მაშინ გიჟად შემრაცხეს, რადგან თითქმის ყველა მიშას უჭერდა მხარს. გავცოფდი მაშინ, როცა გადაწყვიტა, რომ დავით აღმაშენებლის ქვეყანაში ჰქონდა უფლება, ვარდით შევარდნილიყო პარლამენტში და პრეტენზია გამოეცხადებინა ამ ქვეყნის მმართველობაზე. ნებისმიერი თავმოყვარე, თავისი ქვეყნის მცოდნე ადამიანი ამ ფორმით ხელისუფლებას არ მოითხოვს, თუ ის ქართველია და ვაჟკაცია.

იმ ფორმით, როგორც სააკაშვილი შევარდნაძეს მოექცა პიროვნულად, ქართველი კაცი კაცს არ ელაპარაკება. არ არის ეს კაცი ქართველი, არ ცხოვრობს, როგორც ქართველი, არც უცხოვრია. ჭორიკანა ქალივით ხუთი წელია ზის და ლანძღავს წინა ხელისუფლებას. თუ კაცი ხარ, თქვი და დაამთავრე! ან რომ მოხვედი, შენ რა გააკეთე?! - როგორც თვითონ ამბობენ, პატრული და გზა. - კარგი, რა, მანქანებს ჩვენც გადავღებავდით. ან რა გზა? კვადრატული მეტრი რა ჯდება და რამდენად აქვთ გაფორმებული, ეს ჯერ დასათვლელია. კაცი, რომელმაც დღენახევარში ხელი მოაწერა კაპიტულაციაზე, ნახეთ, როგორი ძვირადღირებული თვითმფრინავებით დაფრინავს და მანქანებით დადის. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ეს ყველაფერი, ისევე როგორც ის სასახლე, რომელიც აიშენა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შენი ქვეყანა გიყვარს და ამას ხალხი ხედავს.

თავიდანვე რატომ იყავით მის მიმართ ნეგატიურად განწყობილი?

- რომ იტყუებოდა, იმიტომ. ბოროტი რომ იყო, ამასაც ვხედავდი. ჰიტლერის პროგრამით მოვიდა. "გერმანია სიღარიბის გარეშე" ჰქონდა ლოზუნგად ჰიტლერს. ამას ჰქონდა "საქართველო სიღარიბის გარეშე". არ შეიძლება, ქვეყნის საუკეთესო ნაწილი ერთი თვე გეუბნებოდეს შიშველი ხელებით, წადიო და შენ პლასტიკური ტყვიების ომი მოუწყო. ხალხი იძახდეს, საქართველოო და სპეცრაზმმა იყვიროს, "მიშა!", "მიშა!". წავიდეს!

ოპოზიცია უკვე შეხვდა დავით ბაქრაძეს, ლაპარაკია სააკაშვილთან შეხვედრაზეც. რა შეიძლება აქედან გამოდნეს?

- ძალიან კარგია, თუ პოლიტიკური პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადავა, მაგრამ მეეჭვება, შედეგიანი იყოს. მოლაპარაკებას მე ასე ვხედავ - როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მინიმუმ ის მაინც გვაქვს გააზრებული, რომ მე ვარ მასპინძელი, შენ ხარ სტუმარი, მე ვარ კაცი, შენ ხარ ქალი, მე ვარ რესპონდენტი, შენ ხარ ჟურნალისტი. ამაში ხომ მაინც ვთანხმდებით, თუ მთელ მსოფლმხედველობაზე - არა. ესეც კი არ ემთხვევა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის - საერთოდ სხვა გაგებაა ქართველობაზე, ქვეყნის მართვაზე, კაცობაზე, ჭამაზე, სიხარულზე, ტირილზე...

დიალოგი ვერ შედგება თუნდაც იმიტომ, რომ სააკაშვილი მატყუარაა, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ბუშის ადმინისტრაცია გადააგდო აგვისტოს ომით და გუბაზ სანიკიძეს ვერ მოატყუებს?! ოპოზიციამაც იცის, მაგრამ ალბათ ელჩებისთვის არის ეს ყველაფერი, რომ, თუ დადიან ბოტასებით, ჰალსტუხის გაკეთებაც შეუძლიათ, როგორც ესენი ეძახიან, რადიკალებს.

რადგან ელჩები ახსენეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ იმ ელჩებმა დიღმის მოვლენებს პოლიციაზე თავდასხმა უწოდეს.

- ჩეხეთის ელჩმა შეაფასა ასე. ძალიან მინდა, მის შეფასებას კომენტარი გაუკეთონ საბერძნეთის და საფრანგეთის ელჩებმა. საბერძნეთში ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი ყველა ის ქალაქი, რომელიც დაანგრიეს ერთი ბავშვის არასწორი სიკვდილის გამო და ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დალაგებული საფრანგეთში სორბონას უნივერსიტეტში გამოსვლების შემდეგ. ერთმა ელჩმა ერთ–ერთ შეხვედრაზე თქვა, ჩვენ აქ დემოკრატია არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს სტაბილურობაო. სტაბილურობას მიხედონ თავიანთ ქვეყანაში, საქართველოში კი დემოკრატია აუცილებლად იქნება!

ამერიკის ელჩ ტეფტის კომენტარსაც გაგახსენებთ, სადაც გარკვევით თქვა, მაგისტრალების გადაკეტვა სერიოზული კანონდარღვევააო.

- ტეფტს ვინ ეკითხება, ქართველი ხალხი თავის ქვეყანაში რას იზამს?! ოდესმე საქართველოს ელჩს ვაშინგტონში გაუკეთებია მსგავსი განცხადება?! ტეფტი წავიდეს იქ, სადაც არის ამჟამად მისი წინამორბედი. ზუსტად ტეფტი და მისი წინამორბედია დამნაშავე იმაში, რომ ბოროტება მოვიდა ამ ქვეყანაში. თუ მეგობარია ქართველი ხალხის, ბეჭედი ჩაარტყმევინოს თავის კონსულს თავისი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის მოქალაქის პასპორტში, როცა ტურისტული ვიზით სთხოვს მის ქვეყანაში შესვლას!

კრიტიკული განწყობა მოსახლეობაშიც არის. არ მოსწონთ არც საკნები და არც ბევრი სხვა რამ ოპოზიციაში.

- იმ გარკვეულ ნაწილთან მაქვს შეკითხვა - აუცილებლად მისი შვილი უნდა მიეყვანათ დაბადების დღიდან მკვდარი და გამოეცხადებინათ ყაჩაღად?! იქნებ მისი შვილისთვის მოეწყოთ სირცხვილის დერეფანი და გაუპატიურებით დამუქრებოდნენ, რომ არ შეწუხდნენ რუსთაველის გადაკეტვით? ვაკეში, სახანძროს წინ, იდგა ლურჯი შუშის შენობა. ის კადრები თვალებიდან არ ამომივა - ქალი იდგა ჭავჭავაძეზე მარტო და ყვიროდა, ხალხო, ხვალ ოჯახებში შემოგვივარდებიან, გამოდით, მილეწავენ შენობასო! არავინ გამოვიდა. ამას მოჰყვა გირგვლიანი, რობაქიძე... ახალგორის, კოდორის დაკარგვა.

ისე, რა ამის პასუხია და, აზრთა სხვადასხვაობაა იმაზეც, რამდენად სწორი იყო გია გაჩეჩილაძის გადაძრომა პოლიციის ღობეზე.

- წარმოიდგინეთ, ამერიკაში რომ დაიჭირონ ყველა პროცედურის დარღვევით სამი არასრულწლოვანი, სცემონ, მოუწყონ სირცხვილის დერეფანი, გაუპატიურებით დაემუქრონ და ამერიკელმა, 15 წლის ბიჭმა წერილი მისწეროს ლარი კინგს, ნაცემი ვარ და გაუპატიურებით მემუქრებიანო. ლარი კინგმაც მოჰკიდა ამ წერილს ხელი და შევიდა ვაშინგტონის შტატის პოლიციის სამმართველოში. ეს არის პოლიციაზე თავდასხმა ამერიკაში?! დღეს საქართველოში გია გაჩეჩილაძე არის ლარი კინგზე ბევრად პოპულარული. გია გადახტა ფურცლით ღობეზე და იქ დახვდა "ხორცის მანქანა". თუ დამნაშავე იყო, რატომ არ აქვს მისჯილი ადმინისტრაციული სასჯელი?! ეს იყო გამოხატვის თავისუფლება. საღსალამათი კაცი შევიდა და გამოიტანეს. რა უფლებით სცემეს?!

რას პროგნოზირებთ, როგორ განვითარდება მოვლენები?

- ეს რომ იყოს კლინიკურად ჯანმრთელი ადამიანი, შეიძლება ვთქვა რამე, მაგრამ ამაზე რა ვილაპარაკო?! მაგალითად, გუშინ ჩეხეთში რაფაელა კარას სიმღერაზე რესტორანში გალეშილს უცეკვია. ვინც ესწრებოდა, იმან დამირეკა და მითხრა. ამიტომ ხვალ რას იზამს, რა ვიცი. გიჟია, სერიოზულ კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და მე ვიქნები ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც მოვითხოვ ქართველი ფსიქიატრების სერიოზულ დასჯას იმის გამო, რომ არ დადეს დასკვნა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. გავაგზავნი წერილს საერთაშორისო ფსიქიატრიულ ასოციაციაში, რომ ქართველი ფსიქიატრები გამორიცხონ იქიდან! თუ ვტყუი, მე მოვიხდი ბოდიშს.

სწორედ ამიტომაც გეკითხებით, რომ ისროლოს? ჯარი რომ გამოიყვანოს?

- ჯარი რომ არ ემორჩილება, მუხროვანიც იმიტომ მოაწყო.

ოპოზიციაში თუ არის პარტია ან ლიდერი, ვისაც ემხრობით?

- არა, ღმერთმა დამიფაროს! ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩემს თავს ვაძლევ უფლებას, რომ ვიაქტიურო, არის ის, რომ არ არსებობს თეთრ ცხენზე ამხედრებული ვიღაც გმირი, რომელიც თურმე გადაგვარჩენს. ეს მიტინგები იმიტომ კი არ არის, რომ მიშა არ იყოს პრეზიდენტი, არა, ბოროტება არ მართავდეს სახელმწიფოს! როცა სიკეთეს ებრძვის ბოროტება, თუ სიკეთე იმარჯვებს, მოდის სიკეთე. ცისკარამ რომ დევს თავი მოაჭრა, ვინ მოვიდა, ცისკარა? სიკეთე მოვა. არიან ბევრნი და ვიღაც აირჩევა. მიშა წავა და დაინიშნება დემოკრატიული არჩევნები. თუ არ დაინიშნება, ვაი, ამ პოლიტიკოსების ბრალი! ეჭვი მეპარება, ან ოთარ მეღვინეთუხუცესმა, ან რეზო ჩხეიძემ, საზოგადოებამ ოპოზიციას რამე აპატიოს. იქ ეს ხალხი პოლიტიკოსების გამო არ დგას. მიშა აუცილებლად წავა და თუ მის მერე ახალი ხელისუფალის პირველივე შეცდომაზე ზუსტად ამდენივე რაოდენობის ადამიანი არ დადგება რუსთაველზე, მაშინ უბედური ეს ქვეყანა! მე ამ ქვეყნიდან წავალ. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ სიკეთე გაიმარჯვებს და ყველაფერი კარგად იქნება.