ზედა ზღვრის დაწესებამ წამლების ფასი თითქმის გაანახევრა - რეფერენტულ სიაში უკვე 7000 მედიკამენტია

ზედა ზღვრის დაწესებამ წამლების ფასი თითქმის გაანახევრა - რეფერენტულ სიაში უკვე 7000 მედიკამენტია

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დაწესებამ გაამართლა. მოსახლეობამ შვება ნამდვილად იგრძნო. უკვე 7000 წამალია ჩამონათვალში, რომელზეც ზღვრული ფასი მოქმედებს. მომავალში ეს სია კიდევ გაფართოვდება.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მათ შორის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების რეფორმა და მისი შედეგები შეაჯამა.

მთლიანობაში, რეფორმამ აჩვენა, რომ იხარჯებოდა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე საჭირო იყო, პაციენტების უზრუნველსაყოფად. ფაქტია, რომ რეფერენტულმა ფასებმა იმუშავა. საზოგადოებაც რომ არ დავაბნიოთ და მარტივად მივაწოდოთ ინფორმაცია - რეფერენტული ფასის არსი არის, რომ ვნახულობთ სხვადასხვა, დაახლოებით, ჩვენი ზომის სახელმწიფოებში, რა ღირს იგივე მედიკამენტი, გასაშუალოებულ მაჩვენებელს ვაწესებთ ზღვრული მოცულობის სახით და ვამბობთ, რომ თუკი ჩვენნაირი ზომის სახელმწიფოში, ევროპულ სახელმწიფოებში, არის ეს ფასი, ჩვენთანაც სასურველია იყოს იგივე, რა თქმა უნდა, ცალკეული სპეციფიკის მხედველობაში მიღებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეისთვის, სახელმწიფოს 7000-ზე მეტ მედიკამენტზე აქვს განსაზღვრული ფასის ზედა ზღვარი, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აკრძალულია. განსაზღვრული ფასები ინფლაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ყოველწლიურ გადახედვას ექვემდებარება.

რაც შეეხება გაგრძელებას ამ მიმართულებით, დიახ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს პროგრამაც და დღეს, თუ 7000 მედიკამენტზეა რეფერენტული ფასი განსაზღვრული, ხვალ გახდება 8000 და .. ამავე დროს, აქ შერჩევის პროცესიც ძალიან მნიშვნელოვანია. არ გვინდა, ზედმეტად ჩავერიოთ, ამ შემთხვევაში, საბაზრო პირობებში და ზედმეტად ვარეგულიროთ, თუმცა მედიკამენტები ნამდვილად არის ის სფერო, სადაც გამართლებულია, სახელმწიფო იყოს მარეგულირებელი ფუნქციით აქტიურად შესული ბაზარზე, სხვაგვარად წარმოუდგენელია. მხოლოდ ბაზრის იმედად, რა თქმა უნდა, ამ სფეროს ვერ დავტოვებთ, იმიტომ, რომ ამას საქართველოში მაინცდამაინც ბევრი სიკეთე არ მოუტანია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას მხარს უჭერენ დარგის სპეციალისტებიც. ქვეყანაში წამლის ღირებულებას და თვითღირებულებას ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ ეს მომხმარებლისთვის საინტერესო არ არის. მომხმარებლისთვის მხოლოდ წამლის ხარისხია მნიშვნელოვანი და ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და წამლის სააგენტო.

დამოუკიდებელი ექსპერტის მარინა ბერაძის შეფასებით, ანტიმონოპოლიური სამსახური ფარმაცევტულ კომპანიებთან მიმართებით სწორად და წარმატებით მუშაობს.

ჩემი აზრია, რომ წამლის სააგენტო არის ინსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე პასიურია, იმიტომ, რომ ჩვენი მოთხოვნა ფასებთან და ხარისხთან დაკავშირებით იყო ანტიმონოპოლიური სამსახურის ამუშავებაც, რადგან ძალიან ბევრი მიზეზთაგანი არსებობს კარტელური გარიგებების და .. ჩემი მოსაზრებით, ეს სამსახური სწორად მუშაობს. ეს არ არის მარტივი სამუშაო. ამ დროს უნდა შეხვიდე ბრძოლაში ფარმაცევტულ კომპანიებთან, რადგან ამდენი წელი ისინი სრულიად რეგულირების გარეშე მუშაობდნენ. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა იყო გამონაკლისი. ფარმაცევტული ბიზნესი რეგულაციებს და მონიტორინგს მოითხოვს.

ჩემდა გასაოცრად, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რბილად იმუშავა, რადგან როცა საქმე ფარმაცევტულ ბიზნესს ეხება, ერთი მხრივ უნდა დაიცვა პაციენტი, რომელსაც უნდა, რომ წამალი დაბალ ფასად მიიღოს, მაგრამ მეორე მხრივ ბიზნესი არ უნდა დაზარალდეს.

ბოლო წლებში, როდესაც წამლებზე რეფერენტული ფასები შემოიღეს, მოკვლევის თანახმად, ამან 45%-იდან 50-54%-მდე გააიაფა წამლის ღირებულება. როდესაც წამლის ღირებულებას ვერ ცვლი, მაგრამ მომხმარებელს ეძლევა საშუალება, რომ ის ან უფასოდ, ან ძალიან დაბალ ფასად მიიღოს და ამას არეგულირებს სახელმწიფო, ეს ძალიან კარგია. ასეთი 7000 მედიკამენტია ჩამონათვალში, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს და 350 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს უფასო ფარმაცევტული პროდუქტით“, - აღნიშნა ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას მარინა ბერაძემ.