200 ავტოინსპექტორს „ლიშენია“ მისცეს

200 ავტოინსპექტორს „ლიშენია“ მისცეს

საგზაო პოლიციის სამმართველოში „განკითხვის დღე“ დაუდგა 200-მდე ავტოინსპექტორს.

დილით სამსახურში მისულ დაბალჩინოსან ინსპექტორებს, სერჟანტებსა და ზემდეგებს ჯერ ხანგრძლივი ლექცია წაუკითხეს ქვეყანასა და საგზაო პოლიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმების თემაზე, შემდეგ კი გამოუცხადეს, რომ... გათავისუფლებულნი არიან „თანამდებობიდან“ სხვა სამუშაოზე გადაყვანასთან დაკავშირებით.

საგულისხმოა, რომ მსგავსი მასობრივი და ერთდროული წმენდა არ ახსოვთ ამ უწყების ყველაზე სტაჟიან ავტოინსპექტორებსაც კი...

200-მდე ავტოინსპექტორს განუცხადეს, რომ ისინი პოლიციურ უბნებში იქნებიან გადაყვანილნი, მაგრამ სამსახურდაკარგულებისთვის გაუგებარი დარჩა, რა ფუნქცია დაეკისრებათ მათ ამ უბნებში.

შესაბამისად, გაუძლიერდათ ეჭვი, რომ ისინი უბრალოდ მოისროლეს სამსახურიდან და ბუნტმაც ნელ-ნელა დაიწყო მომწიფება. უკვე ყოფილმა ავტოინსპექტორებმა ასევე ყოფილ შეფებს რამდენიმედღიანი ვადა მისცეს, რათა მათ კონკრეტული სამუშაო მისცენ კონკრეტულ უმუშევრად დარჩენილ თანამშრომელს...

შეფები იფიცებიან, რომ უმუშევრად არავის დატოვებენ, მაგრამ თუ ყოფილი ავტოინსპექტორები არ მოისურვებენ შეთავაზებულ სამსახურებში მუშაობას, სადაც უნდათ, იქ წასულანო, ამბობენ შეფები.

ერთი კი, ფაქტია, 200 ყოფილი ავტოინსპექტორი სამუდამოდ დაემშვიდობება ისეთ „ტკბილ ცნებებს“, როგორიცაა „რეიდი“, „ტრასა“, „სანაპირო“, „ლიშენია“ და ა. შ.