„ვნახოთ ირაკლი ალასანია აჯობებს თუ ირაკლი წერეთელი“

„ვნახოთ ირაკლი ალასანია აჯობებს თუ ირაკლი წერეთელი“

ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი,ირაკლი წერეთელი, ქართულ ოპოზიციაში მიმდინარე გადაადგილებებს სკეპტიკურად უყურებს. არც ახალი ლიდერების მოძიებითაა აღფრთოვანებული. ის დარწმუნებულია, რომ, როცა საქართველოს ირაკლი წერეთელი ჰყავს ცოცხალი და ამ დროს სხვა ლიდერს ეძებენ, ეს უბრალოდ "იდიოტობაა".

ბატონო ირაკლი, როგორ უყურებთ პოლიტიკურ პარტიათა გადანაწილება-გადმონაწილების პროცესს?

- როცა ამას ვუყურებ, კარგ ხასიათზე ვდგები, რადგან ბავშვობაში ნასწავლი ჭეშმარიტება მაგონდება - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ეს მათემატიკური ჭეშმარიტება პოლიტიკურად ასე გამოვთქვი: უკანალთა გადანაცვლება–გადმონაცვლებით, უკანალთა საერთო ჯამი და პოლიტიკური სურათი არ იცვლება.

რესპუბლიკელების და ახალი მემარჯვენეების გაერთიანება არ მოგეწონათ?

- ზოგადად გაერთიანება კარგია, მაგრამ არც რესპუბლიკელები არიან ჩემი მეგობრები და არც მემარჯვენეებზე ამომდის მზე და მთვარე. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, გაერთიანდებიან თუ არა?

ბედი თქვენ არავისთან გიცდიათ?

- არა, კაცო! გასათხოვარი ქალი კი არ ვარ, ჩემთან სცადონ ბედი. რა მჭირს ვინმესთან ბედის საცდელი?! ჩემი დრო როცა მოვა, ბედის ცდის გარეშე მოხდება ყველაფერი. ჯერ არ მოსულა.

როდის მოვა?

- ეს მხოლოდ უფალმა იცის.

თქვენი პროგნოზით?

- ეგ საკითხი ამ წუთას ნაკლებად მანაღვლებს. საქართველოში ჯერ რაღაც–რაღაცეებია მოსაგვარებელი სხვათა ხელით.

მიხეილ სააკაშვილის მოყვანაში რომ მონაწილეობდით, მაშინ რატომ არ ფიქრობდით მაგაზე?

- მიშა სააკაშვილის მოყვანაში კი არ მივიღე მონაწილეობა, არამედ ჩემი პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად ვმონაწილეობდი ანტისამთავრობო მიტინგებში. როცა შევარდნაძე გადადგა, მერე არანაირი მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის მოყვანაში არ მიმიღია. ყოველ შემთხვევაში, იმ სიტუაციაში პირველობა მიშას ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ ყველა ლიდერი, ვინც შევარდნაძეს დაუპირისპირდა, დამარცხდა. მიშა აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც შევარდნაძე დაამარცხა. გაათამაშეს ეს, გადმოათამაშეს თუ ფული გადაიხადეს, არ მაინტერესებს.

მეგობრები რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში არ გყავთ?

- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე პოლიტიკური პროცესების განვითარებას რომ ვუყურებ, განსაკუთრებით შარშან, ვერ ვხედავ, რომ ოპოზიცია რაიმეთი სჯობდეს სააკაშვილს. ოპოზიცია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ასიათასიან მიტინგს, ერთი წელი იბრძოლებს, ორი არჩევნები ჩატარდება და ისევ სააკაშვილი დარჩება... ამ ოპოზიციას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თავი უნდა მოიკლან.

ეგ ოპოზიცია გაზაფხულიდან აქციებს გეგმავს, მათთან ერთად მონაწილეობას არ მიიღებთ?

- ღმერთმა ხელი მოუმართოთ! მონაწილეობას იმ აქციებში მივიღებ, რომლებსაც მე დავგეგმავ. სხვისი ჯარისკაცი ვერ გავხდები, მით უმეტეს, იმ ლიდერებს შორის ვერ ვხედავ ისეთს, ჩემი ლიდერი რომ იყოს. ჩემს თავს და მეგობრებს არ ვგულისხმობ და ვინ ჩემი ფეხებია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, გინდ თავისი ბიოგრაფიით ან შესაძლებლობით?! ვინ არიან, მათთან რომ დავდგე?! თუ ბრძოლას დავიწყებ, იქ დავიწყებ, სადაც ჩემი არმია მეყოლება. ირაკლი წერეთელმა დაამთავრა იმ პროცესებში მონაწილეობა, სადაც ერთი უკანალი მეორით იცვლება. მე თუ შევცვლი სააკაშვილს, ამისთვის ვიბრძოლებ, სხვისთვის სხვამ იბრძოლოს. საკითხს ასე ადრე არ ვსვამდი, რადგან საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი. ეს პროცესი დამთავრდა. ქვეყანაში ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ეროვნული თავისუფლების და დამოუკიდებლობის პრობლემა საქართველოს აღარ აქვს და არც არასოდეს ექნება. რუსის ჯარი კი არა, ვინც უნდა შემოვიდეს საქართველოში, გინდ მთელი ჩინეთი, დიდხანს ვერავინ გაჩერდება, უკან წავლენ. ამიტომ აწი, თუ პოლიტიკაში ვიაქტიურებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები პირველი და მე ჩავიბარებ ქვეყანას. ოცი ათას ხვრელში გამოსრიალებული და ათასი შუბის წვერზე გადამხტარი რომ მოვიდეს, ამისთვის არ ვიბრძოლებ. ეგეთი პრეტენზია, წეღან რომ წამომიყენეთ, სააკაშვილი რატომ მოგვიყვანეო, რომ აღარ იყოს, მხოლოდ ჩემთვის ვიბრძოლებ.

ახლა ყველაზე მოდური ირაკლი ალასანიაა. არც ის მოგწონთ?

- ირაკლი ალასანიას ჩემს თვალში მხოლოდ ის პლუსი აქვს, რომ ჩემი სახელი ჰქვია. ირაკლი ალასანიას იმედი აქვთ მხოლოდ იდიოტებს და გეტყვით რატომ. შევარდნაძის ავტორიტეტი, როცა საქართველოში ჩამოდიოდა, მსოფლიოში გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ყველა ქართველის ერთად, ვინც სტალინის შემდეგ გვყოლია. ავტორიტეტს ვგულისხმობ და არა - კაცობას. შევარდნაძემ ვერაფერი გაუკეთა ამ ქვეყანას და ალასანიამ რა უნდა გაუკეთოს?! ამ თანამედროვე ქართველი ერის გამოშტერებულმა ნაწილმა უნდა შეუშვას თავში, რომ საქართველოში დიდი საქმის გაკეთებას მსოფლიო პოპულარობა კი არ სჭირდება, არამედ ღვთისგან კურთხეული ისეთი კაცი, ვისაც ნიჭი და თავგანწირვის უნარი აქვს. ალასანიამ სად გამოამჟღავნა ეს თვისებები? შევარდნაძის დროს არ იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე?! სააკაშვილის დროს არ იყო უშიშროებაში?! აბა, რატომაა ახალი ძალა?! სააკაშვილის ხელისუფლების წიაღშია გამოვლილი და სააკაშვილის წასვლა მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილის წასვლას კი არ ნიშნავს. სააკაშვილი უნდა წავიდეს ყველა იმ პოლიტიკოსიანად, ვინც ერთი დღე მაინც იყო მასთან. თუ ირაკლი ალასანია შეძლებს, ჩემი დახმარების გარეშე ჩამოაგდოს სააკაშვილი, ღმერთმა გაუმარჯოს, არავისი შემშურდება. ჩემი გადმოსახედიდან არაფერი დიდი ხიბლი არაა ამ გაძვალტყავებული და ნახევრად დაშლილი საქართველოს პრეზიდენტობა. როცა საქართველოში დაბრუნდება ღირსება, თავმოყვარეობა და გმირული სულისკვეთება, მაშინ ვნახოთ, ალასანია აჯობებს თუირაკლი წერეთელი.

ამ ლოგიკით - ვინც სააკაშვილთან ერთი დღე მაინც იყო, უნდა წავიდეს, რჩებით თქვენ, შალვა ნათელაშვილი და დავით გამყრელიძე.

- დათო გამყრელიძე შევარდნაძესთან "მოქალაქეთა კავშირში" არ იყო?! სააკაშვილი და შევარდნაძე რამ გაყო?! შალვა ნათელაშვილმა არ მისცა შევარდნაძის პარლამენტს კონსტიტუცია?! არც ალასანიას მტერი ვარ და არც ნათელაშვილის მეგობარი, მაგრამ თუ შეიძლება ირაკლი ალასანია, რა დააშავა მშიერი, გაძვალტყავებული, დაბეჩავებული ქართველი ხალხის მრავალტანჯულმა მეგობარმა შალვა ნათელაშვილმა?! რით არ სჯობია ნათელაშვილი ალასანიას?! თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მე არ მივიღებ მონაწილეობას, ყველას მოვუწოდებ, ხმა მისცენ შალვა ნათელაშვილს! მაგათ სულ ყველას სჯობია.

ნატო თქვენი ოცნება იყო. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კი მიღებაზე უარი გვითხრა. ახლა რას ფიქრობთ ამ ორგანიზაციაზე?

- ნატო ჩემი სტრატეგიული მიზანი იყო და მოვა დრო, როცა საქართველო ნატო–შიც გაწევრიანდება და ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეც გახდება. ნატო–ში წევრობას დღეს ამერიკასთან პირდაპირი ჩარჩო–ხელშეკრულების დადება სჯობია. სააკაშვილი იმიტომაა ჩამოსახრჩობი, რომ დავით აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი ბრწყინვალის, ილიას, ვაჟას, ქაქუცას, მერაბ კოსტავას და ბოლო–ბოლო ირაკლი წერეთლის საქართველოს ისე გაუტეხა სახელი, რომ ეს ნახევრად გაპიდარასტებული ევროპელები ახვეწნინებენ, ნატო–ში მიგვიღეო. ერთადერთი ერი ვიყავით მთელ საქრისტიანოში, რომელიც იარაღის აუყრელად, ცხენიანად, ხარკის გადაუხდელად, გაშლილი საბრძოლო დროშით შევდიოდით იერუსალიმში. ამხელა პატივით მოსული საქართველო ამ დამპალმა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისე წაახდინა, ბალტიის ქვეყნები მიიღეს და საქართველო - არა. თუმცა ევროპა და ამერიკა რომ არ ყოფილიყო, საქართველოს პრეზიდენტი უკვე გარბოდა და თბილისში რუსები შემოჯლიგინდებოდნენ. ყველა ქართველი, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ქართულმა ჯარმა გადაარჩინა, იდიოტია! ამერიკამ და ევროპამ გადაარჩინა. თან ოთხი მილიარდი დახმარება გამოყო. წარმოიდგინეთ, საქართველოს რომ პატიოსანი ხელისუფლება ჰყავდეს, როგორ დაგვეხმარებოდნენ.

თქვენ ამბობთ, მიშა სააკაშვილი გარბოდაო. თვითონ ამბობენ, მთავარი მიღწევა ისაა, რომ არსად გავიქეცით და ხელისუფლება არ ჩამოიშალაო. რომელი მართალი?

- არ გაიქცა იმიტომ, რომ არ დარჩენილა მსოფლიოში პრეზიდენტი, აქ რომ არ ჩამოსულიყო. მართლა გჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვახტანგ გორგასალივით თბილისის მისადგომებთან დადგებოდა?! მოწმეები არიან, რომ მდიდარი ქართველების რიგები იდგა წითელ ხიდთან. ამ ომში, სადაც ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა, არ უბრძოლია, არ დაღუპულა და არ დაჭრილა არც ერთი მდიდარი კაცის შვილი. ლუკა რამაზაშვილი, ახლა რომ დაჭერილია, ომში რომ მიდიოდა, თან თავისი შვილი მიჰყავდა. ორჯერ იყო კონსტანტინე იოსელიანი დაჭრილი. არ ყოფილა შემთხვევა, ჯაბა საბრძოლველად გასულიყო და თან კოწია არ წაეყვანა. ჯაბა იოსელიანი, რომელსაც შეეძლო მილიარდერი ყოფილიყო, იმ სახლიდან გამოასვენეს, სადაც კომუნისტების დროს გავიცანი. იგივე თენგიზ კიტოვანი. წარმოიდგინეთ, ჩვენი მოძრაობის ბანდიტები რა პატიოსანი ხალხია და ზვიადზე, მერაბსა და ჩემზე ხომ საერთოდ არაა ლაპარაკი. დღეს საქართველოს ყველაზე გათახსირებული ბიზნესმენთა ფენა ჰყავს. შუა საუკუნეებში ომში წინ მეფე მიდიოდა, მერე თავადები, აზნაურები და მერე გლეხობა. იმიტომაც იტანდა ის გლეხი ბატონობას, რომ ხედავდა, ის ბატონი მებრძოლი იყო. ერთ–ერთი პატიოსანი კაცი, ვინც იყო, ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილმა გააქცია და არავინ, ვისაც ივანიშვილი დახმარებია, არ გამოსულა და ის არ დაუცავს. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია, მაგრამ იმ ათასობით ქართველმა, ვისაც ეხმარებოდა, რატომ არ გააპროტესტა, მამა–მარჩენალი რომ გაუგდეს საქართველოდან? საბერძნეთში ერთი ბიჭის არასწორი სიკვდილისთვის უზარმაზარი გამოსვლები დაიწყო და ამას გადაყვა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ქართველი ერი რამ დაალპო და გაათახსირა ასე, რომ ამხელა ტერიტორია წაგვართვეს, ამდენი ხალხი დაიხოცა და არ გამოდიან?! ნუ გამოვლენ, მე რას მეჯინებიან, ეყოლებათ სააკაშვილი. მე რამდენიმე ისეთი ძმაკაცი მყავს, რომ თავს ხოშიანად ვგრძნობ.

თუ ატყობთ, რომ ეროვნული იდეალები უკანა პლანზე გადავიდა, განსაკუთრებით ახალ თაობაში?

- საზოგადოებაში, სადაც ცოცხალი ირაკლი წერეთელია და ალასანიას მოლოდინია, ნიშნავს, რომ ამ ერს ეროვნული იდეალები არ გააჩნია. რა ირაკლი ალასანიას ეძებენ ეგ ჩემის გადალეწილები, აგერ ვარ ლიდერად დაბადებული, უშიშარი კაცი, მერაბ კოსტავას მეგობარი! ვახუშტი კოტეტიშვილი მაღიარებდა, დიდი კაცი ხარო და წიგნებში აქვს დაწერილი. როცა მე ვმართავდი საქართველოში პროცესებს, აფხაზეთი არ დაკარგულა.

ეროვნული მოძრაობის წიაღიდან წამოსულებიდან ზოგმა ოპოზიციაში იპოვა თავი, ზოგმა - ხელისუფლებაში...

- ანუ გათახსირდნენ.

ამას გათახსირება ჰქვია?

- აბა, რა ჰქვია?! ეროვნული მოძრაობიდან რომ ხარ გამოსული და დღევანდელ ხელისუფლებას ან ოპოზიციას შეეკვრები, ე.ი. საკუთარ თავს პატივს არ სცემ და ღირსება არ გაგაჩნია. როგორ შეიძლება კაცი სამოთხეში დაიბადო და შენივე ნებით ჯოჯოხეთში წახვიდე?! როცა ღმერთმა და ისტორიამ პატივი დაგდო და იმ დიდი მოვლენის წარმომადგენელი იყავი, მერე წახვედი და ხან ასლან აბაშიძეზე, ხან ჯუმბერ პატიაშვილზე გაიყიდე, ხან შევარდნაძეზე და ხან სააკაშვილზე, ე.ი. ღირსება არ გაგაჩნია. კარგი პროცესი მიდის - დაწმენდის. ყველაფერი გაირკვევა. ამიტომ ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურებ.