საარჩევნო გარემო, ხელისუფლების ოინები და „სულგრძელი“ ოპოზიცია

საარჩევნო გარემო, ხელისუფლების ოინები და „სულგრძელი“ ოპოზიცია

[როზი ჯღამაია]

გუშინ, 16 თებერვალს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე სამსჯელოდ, კიდევ ერთხელ მიუჯდა ოპოზიცია და ხელისუფლება მრგვალ მაგიდას ცესკოში, თუმცა რბილად რომ ვთქვათ, მხარეებმა რამდენიმე საათი, მხოლოდ, ბიომეტრული პირადობის მოწმობების თვითღირებულების დადგენას შეალიეს და საბოლოოდ, მაინც ვერ გაირკვა ჩატარდება თუ არა არჩევნები ბიომეტრული მონაცემებით.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, 9 თებერვალს, საარჩევნო გარემოზე მომუშავე ოპოზიცია იმ იმედით შეიკრიბა, რომ მათ მიერ პრეზენტირებულ საკითხებზე (კონრეტულად, ბიომეტრული პირადობების მოწმობებზე და საარჩევნო სისტემაზე), ხელისუფლება საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდა. ამასთან, ხელისუფლებას, IFES - ის ექპერტის ოლე ჰოლტვედის მიერ, ბიომეტრიასთან და  ბიომეტრიული მონაცემების საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით, მომზადებულ ანგარიშზე უნდა გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება.

თუმცა, მაშინ, პავლე კუბლაშვილმა აღიარა, რომ ოლე ჰოლტვედის ანგარიშის დეტალური გაანალიზება ვერ მოასწრეს და საკითხის განხილვა მომდევნო შეხვედრისთვის გადადება ითხოვა. რაც შეეხება ბიომეტრული პირადობების არჩევნებში გამოყენების საკითხს, იქაც ბევრი კითხვის ნიშანი დასვა კუბლაშვილმა, რომელზეც პასუხი სამოქალაქო რეესტრს უნდაგაეცა და შესაბამისად, ეს საკითხიც მომდევნო, ანუ გუშინდელი „კრებისთვის“ გადაიდო.

ოპოზიციას დიდად არ გაუპროტესტებია კუბლაშვილის პირით გახმოვანებული ხელისუფლების პოზიცია, რადგან უნდა ითქვას, რომ საერთოდ, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს თავად არ იქცეს მოლაპარაკებების პროცესში „განხეთქილების“ მიზეზად. თუმცა, მათი „სულგრძელობის“ მიუხედავად, აშკარად იგრძნობა, რომ ხელისუფლების მიზეზები ოპოზიციას ნათელ წარმოდგენას უქმნის ხელისუფლება საით ცდილობს პროცესების წაყვანას. კუბლაშვილმა 9 თებერვლის სხდომაზე ნათლად მიანიშნა, რომ ხელისუფლებას ბიომეტრული პირადობებით არჩევნების ჩატარება სულაც არ ხიბლავს და ამისთვის უამრავი მიზეზი დაასახელა, მაგალითად, უფულობა, უდროობა და ა.შ. გუშინ კი, პავლე კუბლაშვილმა ტელეკამერებთან პირდაპირ თქვა: „ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება“–ო.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გუშინდელი დღის მიმართ, მოლოდინი ასეთი იყო: ხელისუფლება სხდომაზე სამოქალაქო რეესტრის თანხლებით, IFES - ის ექპერტის  დასკვნას ნაზიარები და უკეთ მომზადებული მოვიდოდა. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის არ ვიცი და მე გულუბრყვილოდ, ასე მჯეროდა.

მართალია, გუშინდელ სხდომაზე სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელიც გამოცხადდა და ხელისუფლებასაც მოუცლია ოლე ჰოლტვედის დასკვნის გასაცნობად, მაგრამ მათი ეს მეცადინეობა ოპოზიციას არაფერში გამოადგა.

საქმე ისაა, რომ პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი და გიორგი მელაძე სხდომაზე იმის სათქმელად გამოცხადდნენ, ეთქვათ, რომ 3,5 მლნ ბიომეტრული პირადობების დაბეჭვდა, რომელიც 1 ცალი 30 ლარი ჯდება, სახელმწიფოს 200 მლნ ლარი დაუჯდება. სამოქალაქო რეესტრს კი თვეში 60 ათასი პირადობის მოწმობის დაბეჭვდა შეუძლია და ვინაიდან, ხელისუფლებას არც 200 მლნ მოეპოვება და დროშიც შეზღუდულები არიან, 2012 წლის არჩევნებისთვის 3,5 მლნ პირადობის მოწმობის დაბეჭვდა ვერ მოესწრება.  

ოპოზიციამ კი ვერაფრით გაიგო თუ ერთი პირადობის მოწმობა 30 ლარი ღირს, რაც საბოლოოდ, 105 მლნ ლარია, რატომ ლაპარაკობდა კუბლაშვილი 200 მლნ ლარზე. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ დაჩქარებული წესით პირადობების დაბეჭვდა თვითღირებულებას გაზრდიდა და თანხა 200 მლნ–მდე გაიზრდებოდა.

ხელისუფლების არითმეტიკამ ოპოზიცია ხალისის გუნებაზე დააყენა, თუმცა შემდეგ მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ საკითხს და ხელისუფლების წარმომადგენლები  რომ ვერ დაარწმუნეს, სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელს დააკონკრეტებინეს თვითღირებულებაში რას გულისხმობდნენ და გარდა იმ 30 ლარისა, რომელზეც საუბრობდნენ, იყო თუ არა დამატებითი ხარჯები, რომელიც არ ჰქონდათ 30 ლარიან თვითღირებულებაში გათვალისწინებული.

სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა, ესაო, ისაო, თვეში 60 ათასი პირადობის მოწმობის დაბეჭდვა პიკია და ამაზე მეტს ვერ დავბეჭდავთო, მაგრამ თუ დავბეჭდავთ, თვითღირებულება აუცილებლად გაიზრდებაო.

მამუკა კაციტაძე კი არ მოეშვა – „თქვენ ის მიპასუხეთ თვითღირებულებაში რა შეიტანეთ და ხომ არაფერი გამოგრჩათ, ყველა დანახარჯი რომ შეიტანოთ, საბოლოოდ რა დაჯდება ერთი პირადობის მოწმობის დაბეჭვდა. რაც შეეხება რამდენს და როგორ დაბეჭდავთ, ამას არ ვკითხულობთ, ამას ჩვენ გავარკვევთ“–ო.

სამოქალქაო რეესტრის წარმომადგენელმა კი – „მე იმის კომპეტენცია არ მყოფნის გიპასუხოთ რა იქნება საბოლოო თვითღირებულება“–ო და უხერხულ კითხვებს თავი ასე დააღწია.

„ძალიან კარგი, ესეც პასუხია“, – უპასუხა კაციტაძემ, მაგრამ თემა ამით არ დახურულა. სანამ კაციტაძე სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელთან თვითღირებულების გარკვევას ცდილობდა, ზურაბ ტყემალაძემ თვალსაჩინოებისთვის, სპეციალურად დაფა შემოატანინა დარბაზში და ზედ ამოცანის მარტივი პირობა მიაწერა.

„60 ათასი პირადობისთვის ტექნიკა გაქვთ, ხელფასებსაც უხდით თქვენს თანამშრომლებს, ხოლო დამზადებისთვის გჭირდებათ 30 ლარი. თუ დამატებით ტექნიკა და დამატებით ხელფასი გჭირდებათ, გამოდის 30+X+Y=200 მლნ ლარს“. შემდეგ კი ამოცანის ამოხსნაც სცადა: „ახლა კი გვითხარით, რას უდრის X დაY, რომ გავიგოთ გჭირდებათ თუ არა 200 მლნ ლარი“–ო.

ხელისუფლების პასუხი იგივე იყო – „თვითღირებულება გაიზრდება“.

ამის შემდეგ, დავას აზრი არ ჰქონდა, თუმცა ოპოზიციამ მაინც სცადა ხელისუფლების წრმომადგენლების დარწმუნება – „რამდენიც უნდა დაბეჭდოთ, თვითღირებულება კი არ გაიზრდება, საერთო დანახარჯი გაიზრდება“–ო, მაგრამ, ეს უაზრო დავა იქამდე მივიდა, რომ უცხოელ დამკვირვებლებს ბოდიში მოუხადეს და ხელისუფლებას სთხოვეს, კალკულაცია წარმოგვიდგინეთ, თორემ ასე კამათს აზრი არ აქვსო და საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადეს.

აქ კი მეორე პრობლემა წარმოიქმნა, პავლე კუბლაშვილმა თქვა, მე ორი კვირა არ ვიქნები თბილისში, სინგაპურს მივემგზავრები და იქნებ, მომდევნო სხდომა მარტში დავგეგმოთო.

„ჩვენ ხომ თებერვლის ბოლომდე უნდა წარმოგვედგინა ჩვენი პოზიცია ყველა საკითხზე, შესაძლოა, ერთი კვირით გადავავადოთ, მაგრამ რომ ჩამოვალ, კომლექსურად, ყველა საკითხზე მოგაწვდით ჩვენს ხედვას“, – თქვა კუბლაშვილმა.

მართალია, ოპოზიციას დიდად არ ეამა ამის მოსმენა, მაგრამ „სახელმწიფოებრივ დიად საქმეებს“ ხომ ვერ მოგწყვეტთ და სხვა რა გზააო უპასუხეს.

თუმცა, შემდეგ, მამუკა კაციტაძე დაინტერესდა, ხელისუფლება ყველა იმ საკითხზე წარმოადგენდა საკუთარ ხედვას, რომელიც ოპოზიციას აინტერესებდა თუ –არა.

„თუ რომელიმე საკითხს არ შეეხებით, ეს როგორ გავიგოთ, თემა დაიხურა, თუ?..“–იკითხა მამუკა კაციტაძემ.

პავლე კუბლაშვილმა კი უპასუხა: „ჩვენ შესაძლოა ისეთ თემებსაც შევეხოთ და იმაზეც ვიმსჯელოთ, რაზეც თქვენ არ გაგიმახვილებიათ ყურადღება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ბიომეტრული პირადობებით არჩევნების ჩატარებას, არ ნიშნავს, რომ ეს თემაც დახურული იქნება.“

ეს კი მრავლისმეტყველად ეჩვნა მამუკა კაციტაძეს – „ძალიან კარგი, ჩვენ მივეჩვიეთ სტრიქონებს შორის აზრის ამოკითხვას“–ო უპასუხა.

ის, ის იყო ვიფიქრე ამით თემა დაიხურა–თქო, რომ დავით უსუფაშვილმა მიმართა კუბლაშვილს: „მოუთმენლობა არ გვჭირს, თქვენი 2 კვირით არყოფნა შესაძლოა დიდი პრობლემას არ ქმნიდეს, რადგან დრო ჯერ კიდევ გაქვთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ის პასუხები, რაც აქამდე მივიღეთ, შეგეძლოთ დეკემბრის ბოლოსთვისაც მოგეცათ, რადგან პასუხები მაშინაც გქონდათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროის გაწელვა არ ღირს. მართალია, თქვენი ვიზიტი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, მაგრამ საარჩევნო გარემო სახელმწიფოებრივად არანაკლებ მნიშვნელოვანია და ხელისუფლებას ერთი ადამიანი ისე უნდა დაეკავებინა ამ საქმით, რომ სხვა საქმით არ მოეცდინა. უბრალოდ, ამ დამოკიდებულებით, პროცესისადმი თქვენი დამოკიდებულება იკვეთება. თუ თქვენ არ იქნებით, მაშინ, წერილობით მოგვაწოდეთ თქვენი პოზიცია, ან ხელისუფლებამ სხვა ვინმე გამოუშვას“.

ზურაბ აბაშიძემ კი ხელისუფლებას სხვა გამოსავალიც შესთავაზა: „ჩვენ კვირაში ერთხელ ვიკრიბებით, ამიტომ, თქვენს წასვლამდე, იქნებ, ამ კვირაში კიდევ ერთხელ შევკრებილიყავით...“

„პირველ მარტამდე წერილობით მოგაწვდით ჩვენს პოზიციას“, – მოკლედ მოჭრა კუბლაშვილმა.

სხდომა დასარულისკენ მიდიოდა. კარებისკენ მიმავალ ლევან ვეფხვაძეს გზაში დავაწიე კითხვა, ბოლო ორ სხდომაზე ხელისუფლების მოუმზადებელი მოსვლა ხომ არ მიუთითებდა მათიმხრიდან, დროის გაყვანის ტაქტიკაზე?

„ვაჭრობენ, ხომ ხედავთ, რა თქვა კუბლაშვილმა ბიომეტრულ პირადობებზე – მიუხედავად ჩვენი პოზიცისა თემა არ დახურულაო. წინ კიდევ უამრავი საკითხია და ასე ივაჭრებენ ყველაფერზე“, – თქვა ლევან ვეფხვაძემ.

წინ მართლაც მნიშვნელოვანი თემებია განსახილველი. ოპოზიციას ბიომეტრიაზე მეტად, მაჟორიტარული სისტემა აინტერესებს, რაც საარჩევნო სისტემაში ხელისუფლების „აქილევსის ქუსლია“. ასე რომ, ალბათ, ვაჭრობა განსაკუთრებით, ამ საკითხის ირგვლივ გაიმართება.

და კიდევ ერთი, მედიის თემა, კონკრეტულად, საარჩევნო გარემოს თემაზე საზოგადოებრივ მაუწყებელში სპეციალურად გადაცემის მომზადება, რომლის ინიციატივით, 9 თებერვლის სხდომაზე, ოპოზიციური რვიანი გამოვიდა. თუმცა, ამ საკითხზე პასუხი ჯერ არ გაუცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას. ისე კი, თავად „რვიანი“ და სხდომებში მონაწილე  სხვა ოპოზიციური პარტიებიც არ არიან ჩამოყალიბებულები, რა ფორმატი უნდა ჰქონდეს გადაცემას და იმაზეც ვერ ჩამოყალიბდნენ ვინ, რა საკითხზე უნდა მიიღოს მონაწილეობა გადაცემაში.

პირადად მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ნაკლებად ცნობილ სახეებს, რომლებსაც სხდომების დროს ხმა არ ამოუღიათ და ანტურაჟისთვის უფრო სხედან მოლაპარაკებების მაგიდასთან, თემის განხილვაზე მეტად, ტელევიზიით გამოჩენა  უფრო აინტერესებთ. ამიტომ, უკამათოდ, ალბათ, არც ეს საკითხი ჩაივლის, მაგრამ ჯერ, ისიც გასარკვევია, თანახმაა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი საეთერო ბადეში საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფს მცირეოდენი დრო გამოუყოს.