კონკურსში, რომელიც ერთი თვის მანძილზე შსს-ს სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა, საზოგადოების დიდი ნაწილი ჩაერთო. შედეგად გამოვლინდა ორი გამარჯვებული: საუკეთესო ფოტოსურათის ავტორი ცოტნე გეგეჭკორი და გამარჯვებული სლოგანის – „ნუ დალევ საჭესთან სიცოცხლეს“ ავტორი ლადო გოგოლაძე. გამარჯვებული ფოტო და სლოგანი დატანილია სამგვერდიან პილონებზე, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში თბილისის პოლიციის შენობებში განთავსდება. ასევე გამარჯვებულებს სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპები გადაეცა. ახალგაზრდებს წარმატება შსს-ს საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა მიულოცა. სოციალური კამპანია „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“-ს ფარგლებში დამზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა. კამპანიის მიზანი ნასვამი მძღოლების მიერ ავტომანქანის მართვის პრევენცია იყო, ასევე, საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა საფრთხეს უქმნის ნასვამი მძღოლი საკუთარ თავსა და გვერდით მყოფ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს შსს-ს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზით 228 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროს დაღუპა 27 და დაშავდა 327 ადამიანი, ასევე, 1665 მძღოლი ნასვამობის გამო დაჯარიმდა.