ადამიანი მაშინ ხვრინავს, როდესაც ხახის შეშუპებული რბილი ქსოვილებით შევიწროებულ სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადი გაივლის.
ხვრინვა ბევრ ადამიანს აწუხებს. ის ზოგჯერ ისეთი სერიოზული დაავადების ნიშანია, როგორიცაა ძილის აპნოეს სინდრომი, ანუ ძილის დროს სუნთქვის გაჩერება.
ხვრინვა ცხვირის ძგიდის გამრუდების, ცხვირის ან ხახის ჰაერგამტარი გზების თანდაყოლილი შევიწროების, ცხვირის პოლიპების, ქვედა ყბის უკან წანაცვლების, ანუ თანკბილვის დარღვევის, ნუშისებრი ჯირკვლების გადიდების ან სიმსუქნის დროს ყალიბდება.
ხვრინვას იწვევს ზოგიერთი ფუნქციური ფაქტორი და დაავადებაც, მაგალითად, რომელიც სახის კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებას განაპირობებს, ასეთია ძილის უკმარისობა, დაღლილობა, ალკოჰოლი, საძილე პრეპარატები, თამბაქო, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა, სიბერე. ყოველივე ამას სასუნთქი გზების შევიწროებამდე მიჰყავს ადამიანი, რაც ძილის დროს სუნთქვით წარმოქმნილი დამახასიათებელი ხმოვანებით ვლინდება.
ქრონიკულ ხვრინვას ძილიანობა მოსდევს. ეს იმის ბრალია, რომ ხვრინვა თავის ტვინის გაღვიძებას იწვევს, რასაც ძილის პროცესის დარღვევამდე მიჰყავს ადამიანი. ხვრინვის დროს ორგანიზმი დასვენებას ვერ ახერხებს, ამიტომ ტვინი ღამის დანაკლისი რომ აღიდგინოს, იძინებს დღის განმავლობაში.
ხვრინვას მკურნალობა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გამოვლინდა ძილის აპნოეს ობსტრუქციული სინდრომის პირველი ნიშნები, მაგალითად, ზედაპირული ძილი, მოუსვენრობა, ოფლიანობა, გახშირებული ღამის შარდვა, თავის ტკივილი, სისუსტე, მკვეთრად გამოხატული ძილის შეგრძნება დღის საათებში, გაღიზიანება, მეხსიერების დაქვეითება და ყურადღების გაფანტვა.