არჩევნების ისტორიაში ეს წელი რეკორდულია - 2024 წელს 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მივიდა არჩევნებზე. ყველა კონტინენტზე - აფრიკიდან წყნარი ოკეანის კუნძულებამდე, ევროპისა და ამერიკის გავლით - წელს მოქალაქეები წყვეტენ არა მხოლოდ საშინაო საკითხებს, არამედ ადგენენ მსოფლიო პოლიტიკის მიმართულებას. არჩევნები იმართება როგორც ყველაზე ღარიბ, ისე მდიდარ ქვეყნებში. მათ შორისაა მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყანა: ინდოეთი, შეერთებული შტატები და ინდონეზია.
ამ წელს, ფაქტობრივად, ყოველი თვე არჩევნებით გამოირჩეოდა, რაც პოლიტიკური მოვლენების მუდმივ ნაკადს ქმნიდა. კენჭისყრები ხდებოდა მზარდი კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში ომით და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებით, ასევე მზარდი სავაჭრო დაძაბულობით შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის.
არჩევნები
ზოგიერთი არჩევნები განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე. თუმცა, ჯერ კიდევ წინ არის რამდენიმე არჩევნები.
მიმდინარე წლის იანვარში არჩევნებში გაიმარჯვა ბანგლადეშის პრემიერ მინისტრმა შეიხ ჰასინამ და მიიღო კიდევ ერთი მანდატი. თუმცა, ღონისძიება დაჩრდილა სტუდენტთა მასობრივმა პროტესტმა, რომელიც აგვისტოში დაიწყო. აქციის მონაწილეების ზეწოლის შედეგად ჰასინა იძულებული გახდა გადამდგარიყო და ქვეყანა დაეტოვებინა.
თებერვალში, ელ სალვადორის წარმოშობით პალესტინელმა პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ მოიგო არჩევნები მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა შეაქო მისი ანტიკრიმინალური ინიციატივები და სწორედ ამ ინიციატივის გამო მოიგო მან არჩევნები. იმავე თვეში ასევე გაიმართა არჩევნები პაკისტანში, ინდონეზიაში, აზერბაიჯანსა და ბელორუსში.
მარტის არჩევნების შედეგად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელახლა აირჩიეს ექვსწლიანი ვადით. მარტში საპრეზიდენტო არჩევნები ასევე უნდა ჩატარებულიყო უკრაინაში, რადგან ვოლოდიმერ ზელენსკის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა ამოეწუა. თუმცა, საომარი მდგომარეობის პირობებში, უკრაინაში არჩევნები შეჩერდა.
აპრილში მალდივებში ჩატარდა არჩევნები, რომლის დროსაც ამომრჩევლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს პრეზიდენტ მოჰამედ მუიზოუს, რომელიც ორიენტირებულია ჩინეთთან დაახლოებაზე და ინდოეთთან ტრადიციული კავშირებიდან გასვლაზე.
მაისში, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის დასრულებიდან სამი ათწლეულის განმავლობაში პირველად, აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა (ANC) ვერ მოიპოვა უმრავლესობა, რაც მიუთითებს მზარდ უკმაყოფილებაზე ნელსონ მანდელას პარტიის მიმართ. მიუხედავად ამისა, პარტია კვლავ რჩება ქვეყნის უდიდეს პოლიტიკურ ძალად.
ივნისში კლაუდია შეიბაუმმა გაიმარჯვა არჩევნებში და გახდა მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი ებრაელი პრეზიდენტი. თუმცა, არჩევნები გაიმართა ძალადობის ფონზე: ზოგიერთი კანდიდატი მოკლეს, ზოგი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა საარჩევნო რბოლა.
ივლისში ასევე მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება. დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტების ლიდერმა კირ სტარმერმა გაიმარჯვა არჩევნებში, რითაც დასრულდა კონსერვატიული მმართველობის წლები.
იმავე დღეებში ირანში რეფორმისტმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რაც ასახავს მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას ქვეყნის განვითარების ამჟამინდელი კურსის მიმართ.
საფრანგეთში მემარცხენე კოალიციამ საკანონმდებლო არჩევნებში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა, რითაც თავიდან აიცილა უკიდურესი მემარჯვენეების შემოტევა. არჩევნების შედეგებმა ხელი შეუშალა მარინ ლე პენის პარტიას, თუმცა მემარცხენეებმაც ვერ მოიპოვეს უმრავლესობა.
ასევე ივლისში ნიკოლას მადურო, რომელიც უგო ჩავესის შემდეგ ვენესუელას ედგა სათავეში, საპრეზიდენტო არჩევნებში 51%-ით გაიმარჯვა.
ოქტომბერში, საქართველოს გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, შეინარჩუნა ძალაუფლება. მმართველი პარტიის ეს გამარჯვება იყო დარტყმა საქართველოს იმედებზე ევროკავშირში დიდი ხნის ნანატრი წევრობისთვის. საქართველოს პროევროპელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს, რომ ქვეყანა რუსული გავლენის მსხვერპლია.
იმავე თვეში მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა არჩევნების პირველ ტურში ხმების 42%-ით. მეორე ტურში, უკვე ნოემბერში, სანდუმ ხმების 55%-ზე მეტი მიიღო და ასე გაიმარჯვა. ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ამ კვირაში, შეერთებულ შტატებში გაიმართა. კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის კონკურენცია უკიდურესად დაძაბული იყო. მთელი კამპანიის განმავლობაში, ტრამპი ხმამაღლა აკრიტიკებდა ჰარისს, ადარებდა მას „ჭურჭელს“ და ამტკიცებდა, რომ მას, როგორც ინდივიდს, არავითარი ღირებულება არ აქვს და მას, უბრალოდ, მემარცხენე ძალები იყენებენ. თავის მხრივ, კამალა ჰარისი ტრამპს უწოდებდა ქაოტურ და არასტაბილურს. მიუხედავად სკანდალებისა და ბრალდებებისა, ტრამპმა, ბევრისთვის მოულოდნელად, მოახერხა ამომრჩეველთა ფართო ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება და არჩევნები დამაჯერებლად მოიგო.
დეკემბერში ასევე იქნება არჩევნები სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება.
გამოწვევები
გაეროს განვითარების პროგრამის 2024 წლის ადამიანური პოტენციალის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს დემოკრატიას, მაგრამ ასევე გამოხატავს უკმაყოფილებას არსებული დემოკრატიული პროცესებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მხოლოდ იმ სისტემის კონტექსტში, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა. სწორედ ასეთ სისტემაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ მათ ხმას ნამდვილად აქვს გავლენა.
ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის მიხედვით, დეზინფორმაცია მზარდი საფრთხეა, რომელსაც შეუძლია ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანა. ფსონები განსაკუთრებით მაღალი იყო ამ საარჩევნო სეზონზე, რადგან მიზანმიმართული დეზინფორმაცია, როგორც წესი, იზრდება არჩევნების წინ. შედეგად, ინფორმაციის გადატვირთვის პირობებში ამომრჩევლები უფრო დაუცველი ხდებიან მანიპულირების მიმართ.
კრიზისმა მთელს მსოფლიოში ასევე ხელი შეუწყო დასავლეთის ქვეყნებში ულტრამემარჯვენე მოძრაობების მხარდაჭერის გაზრდას, რომლებიც იცავენ ანტიიმიგრაციულ და ნაციონალისტურ პოლიტიკას. ეს მოძრაობები ხშირად ეყრდნობა პოპულისტურ რიტორიკას.
ამრიგად, მარტში პორტუგალიურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ჩეგამ“ გაზარდა წარმომადგენლობა პარლამენტში და გახდა სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში. რამდენიმე თვის შემდეგ მისმა ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსმა კოლეგებმა მთელ ევროპაში მიაღწიეს წარმატებას ევროპარლამენტის არჩევნებში. მეორე მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საფრანგეთში მემარჯვენეებმა, შესაძლო წარმატების პროგნოზის მიუხედავად, არჩევნებში გამარჯვება ვერ მოახერხეს.
უფრო მეტიც, ულტრამემარჯვენე პარტიები ამჟამად არიან ევროკავშირის მინიმუმ ექვსი წევრი ქვეყნის მთავრობაში: იტალია, ფინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ხორვატია და ჩეხეთი.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთისთვის არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამენტურ ინსტიტუტს, ზოგისთვის კი ეს სხვა არაფერია, თუ არა ხალხის ჭეშმარიტი ნების იმიტაცია. დემოკრატიული პროცესის ეფექტურობა არის საკითხი, რომელიც ცალკე განხილვას მოითხოვს.
წყარო: https://www.trtrussian.com/politika/bezumnyj-2024-god-polmira-vystroilos-k-urnam-18230218