რამდენიმე დღის წინ ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ და მთიან რეგიონებში მოსულმა თოვლმა, ზამთრის საბურავების საკითხი უკვე აქტუალური გახადა. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს ამოქმედებული რეგულაცია მხოლოდ 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში მოქმედებს, ავტომობილებისთვის შესაბამისი საბურავებისა და მოცურების სააწინააღმდეგო ჯაჭვების ქონა ჯერ კიდევ სავალდებულო არ არის.
შედეგად, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, ავტომობილების გადაადგილება უკვე გართულდა და რამდენიმე რეგიონში ავტომობილებიც დაზიანდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლიდან, 1-ლი დეკემბრიდან, 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დასაშვები. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას თქმით, კლიმატური პირობებისა და საქართველოს რელიეფის გათვალისწინებით, ამინდი შესაძლოა, 1-ელ დეკემბრამდე ან 1-ლი მარტის შემდეგაც გაუარესდეს, რა დროსაც, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, გზების დეპარტამენტისა და შსს-ს მიერ, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, უსაფრთხოებს მიზნით, მოძრაობა უნდა შეიზღუდოს.
„კანონში კი წერია 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდი, მაგრამ მთაგორიანი ქვეყანა ვართ და ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, შესაძლოა, ამინდი სხვა დროსაც გაუარესდეს, მოიყინოს და ა.შ. ამიტომ, კანონში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი და უამინდობის შემთხვევაში, დადგენილი ვადების გარეშეც უნდა აიკრძალოს ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილება. იმიტომ, რომ შეიძლება პირობითად, 20 ნოემბერს უკვე მოიყინოს. ამისთვის, წინასწარი გაფრთხილება აუცილებელია, მძღოლებს შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და შემდეგ უკვე ამის აღსრულება მოხდეს.
აქ ვადები არ არის მთავარი, რადგან შეიძლება ქალაქიდან გახვიდე და უცებ ისეთ მთაგორიან ადგილას მოხვდე, სადაც მოყინულია და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ეს საკმაოდ სერიოზული თემაა, იმიტომ, რომ ზაფხულის საბურავებით შეუძლებელია მოჭიდება, რასაც ცუდი შედეგების გამოწვევა შეუძლია. რაც არ უნდა კარგი მძღოლი იყოს, ასეთ დროს ფაქტობრივად, შეუძლებელია ავტომობილის კონტროლი, მით უმეტეს, რომ ბევრგან ისეთი გზებია, სადაც დამცავი ჯებირიც კი არ არის და გადავარდნის რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ, ის რომ, ვადები გაწერილია, გასაგებია (როგორც წესი, ამ პერიოდში ცივა), მაგრამ შეიძლება დაემატოს გარკვეული ჩანაწერიც. აქ სხვა უწყებების ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კვაშილავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლიდან, 1-ლი დეკემბრიდან, 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დასაშვები. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.
იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე. ამასთან, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
ზოგადად, ვარგისიანობასა და მეორადი საბურავების პრობლემებზე საუბრობს „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.
„მეორადი საბურავების შემთხვევაში, შესაძლოა, ერთი შეხედვით, ექსპლუატაციის ვადა ამოწურული არ იყოს, მაგრამ რეალურად, ზედმეტი ცვეთის შედეგად, მუშაობის ლიმიტი შეზღუდული აღმოჩნდეს. გვგონია, რომ ხარისხიან საბურავს ვყიდულობთ, თუმცა მისი პრეისტორია რადიკალურად საპირისპიროს ამტკიცებდეს. მაგალითად, აქ საყურადღებოა, როგორ გამოიყენა წინა მომხმარებელმა აღნიშნული საბურავი. შესაძლოა, ის ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეც იყო ან შეუსაბამო პირობებში ინახებოდა - მაღალ ტემპერატურაზე ან ნესტიან გარემოში, რის შედეგადაც მასალას, რომლისგანაც საბურავი შედგება, ფუნქცია დაკარგული ჰქონდეს. ეს კი საფრთხის რისკებს ზრდის.
მეორადი საბურავების ტრანსპორტირებას აქვს მკაცრად განსაზღვრული წესები, რომელთა დარღვევა პირდაპირ აისახება პროდუქტის ხარისხზე. საბურავები არ უნდა მოხვდეს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ, მათი ტრანსპორტირება არ უნდა ხდებოდეს ნესტიან პირობებში და დაცული უნდა იყოს ასევე გაგრილების პროცედურები. საბურავების შენახვა დაუშვებელია როგორც მაღალ ტემპერატურაზე, ისე ნესტის პირობებში. მაღალი ტემპერატურა იწვევს რეზინის გამოშრობას და მასალა კარგავს მდგრადობას, რის შედეგადაც შესაძლებელია, მცირე ზეწოლამაც გამოიწვიოს მისი დაზიანება. ასევე ნესტიან გარემოში რეზინი იჟღინთება წყლით, ზედმეტად რბილდება და კარგავს თვისებებს, რაც შეუძლებელს ხდის უსაფრთხო გადაადგილებას.
მეორადი საბურავების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მძღოლები აქცენტს აკეთებენ ეკონომიაზე და ვერ აცნობიერებენ, რამდენად მაღალი რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ თუ სხვის უსაფრთხოებას, როცა მეორად საბურავზე აკეთებენ არჩევანს. დღეს ჩვენ შეიძლება, ვფიქრობთ, რომ მეორადი საბურავები უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა, შევახსენოთ მძღოლებს, რომ მეორე მხარეს საპირწონედ დევს უსაფრთხოება“, - განაცხადა ლალიაშვილმა.