„სახეზეა სამოსამართლო ეთიკის და თათბირის საიდუმლოების დარღვევა და მიმართვის შემთხვევაში, იუსტიციის საბჭო ვალდებულია ადმინისტრაციული სანქცია დაუწესოს ამ მოსამართლეს“

„სახეზეა სამოსამართლო ეთიკის და თათბირის საიდუმლოების დარღვევა და მიმართვის შემთხვევაში, იუსტიციის საბჭო ვალდებულია ადმინისტრაციული სანქცია დაუწესოს ამ მოსამართლეს“

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ 26 ოქტომბერს ხმის ფარულობა დაირღვა. თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი თითქოსდა ხილვადია, რითაც დაირღვა ხმის ფარულობის უფლება. მოსამართლემ, რომელმაც თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის ფაქტი.

მოსამართლე ხუჭუა თქვა, რომ უნდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

„ამომრჩეველმა გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის შეფასებების და ყოველგვარი სხვა მანიპულაციების გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და მას თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლოს დარბაზში ჩატარებული მტკიცებულებებით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ ჩარჩო კონვერტით ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა“, - აღნიშნა ვლადიმერ ხუჭუამ.

მაშ ასე, ვინ არის მოსამართლე ხუჭუა და როგორია მისი ბეგრაუნდი, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილებით სახელმწიფოს უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა?! იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ 2021 წლის ივნისიდან იგი თეთრიწყაროს სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე იყო წალკის მუნიციპალიტეტში. 2004-2011 წლებში კი ხუჭუა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება, ხოლო 2006 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2004-2005 წლებში მუშაობდა გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებული წარმოების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 2005-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2006-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი დეტალია 2004-2006 წლები, როდესაც ის კურირებდა ქონების ჩამორთმევის დეპარტამენტს. კერძოდ, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი სწავლობდა კონკრეტული პირების ქონებრივ დეკლარაციას და ამის შემდეგ უკვე სასამართლოს გზით ხდებოდა ამ პირების ე.წ. გაკულაკება. როგორ და რ გზით მოხდა ადეიშვილის მარჯვენა ხელი სასამართლო ხელისუფლებაში, უცნობია, მაგრამ საინტერესოა როგორია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ის, რომ ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაში პირდაპირ იკითხება პოლიტიკური მოტივი, ამას ადასტურებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. კერძოდ, მოსამართლემ, ბიულეტენის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 22:00 საათზე გამოაცხადა, ხოლო რადიკალური ოპოზიციის წევრმა ალეკო ელისაშვილმა პირდაპირ ჩართვაში რამდენიმე წუთით ადრე თქვა ის, რაც წესით, არავის უნდა სცოდნოდა, ვიდრე მოსამართლე არ გააჟღერებდა.

მეტიც, მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ გაცილებით ადრე გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა არხმაც“, რომელმაც ვებ-გვერდზე 18:53 საათზე დაწერა, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ დაადგინა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია. საიდან ჰქონდათ ინფორმაცია „მთავარ არხს“ და ალეკო ელისაშვილს მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ იქამდე, სანამ მოსამართლე მას გააჟღერებდა, ჯერ უცნობია. მაგრამ ფაქტია, რომ მოსამართლემ თავად დაარღვია სასამართლოს ფარულობა, რაც კანონით ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს.

ელისაშვილი უკვე დღეს ირწმუნება, რომ თითქოსდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გაახმოვანა მოსამართლის გადაწყვეტილება და ამბობს, რომ მისი განცხადების ფალსიფიკაცია მოხდა. რაც არ უნდა ამტკიცოს ქუჩაში მოხტუნავე ელისაშვილმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ხუჭუამ დაარღვია წესი და წინასწარ აცნობა ოპოზიციას თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რაც ოპოზიციის ლიდერებმა სწორედ ელისაშვილს გაახმოვანებინეს.

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ცოტა „გაექცა“ ელისაშვილს, ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც პირველად მოსამართლეს უნდა გაეჟღერებინა, ალეკო ელისაშვილმა გააცნო საზოგადოებას. როგორც კალაძე აცხადებს, ყველაფერი ცხადი და ნათელია, ვინ როგორ მოქმედებს და როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუნდაც ამ კონკრეტულ საქმეში ამ კონკრეტული მოსამართლის შემთხვევაში.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებითაა ნაკარნახევი დაიგი აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან.

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ზესაშვილი აცხადებს, რომ არავითარი ფარულობა არ დაღვეულა და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. მისი თქმით, ფარულობის დაღვევა თუ სადმე მოხდა, ასეთ შემთხვევაში დამნაშავე არის მოქალაქე, ვინც აძლევს ხმას ან ის, ვინც ამას ხელს უწყობს. როგორც ზესაშვილი აცხადებს, მთავარი, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფდა, არის ის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდა უფლება ფარულად მიეცა ხმა.

„თუ გამოვა ადამიანი და დაიწყებს ბიულეტენის ფრიალს, ეს მისი პასუხისგებლობაა და აქ ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი არ შეიძლება დაისვას. მეორეც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როდის დაიწყეს ამ თემის აგორება. თვითონ არჩევნების დღეს მოხდა, თუ არჩევნებიდან 2-3 დღის მერე, როდესაც უკვე ნახეს, არჩევნები წააგეს და რომ მოეგოთ მაშინ ეს ფარულობა ხომ არ იქნებოდა პრობლემა?!

ორ მილიონი ორასი ათასმა კაცმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, აქიდან არავის არ უთქვამს, რომ ჩემი ხმა არ იყო დაცულიო, არც მეთვალყურეს არ უთქვამს მსგავსი რამ. მე აქამდე არ მსმენია, რომ არჩევნების დამთავრებამდე, ყუთის დალუქვამდე და ხმების დათვლამდე ვინმეს ეთქვას რამე ფარულობასთან დაკავშირებით, რაც არის მთავარი კრიტერიუმი იმისა, რომ არანაირ ფარულობა არ დარღვეულა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ზესაშვილი.

იურისტების განცხადებით, მოსამარლის ქცევა არ ჯდება მოსამართლის იმ ეთიკურ ნორმებში, რა ეთიკური ნორმებიც მოსამართლეებს აქვთ დაწესებული. იურისტი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლის მხრიდან დაირღვა თათბირის საიდუმლოება და ამით, რა თქმა უნდა, დარღვეულია სამოსამართლეო ეთიკა, რაც მისი თქმით, რასაკვირველია, ადმინისტრციული წესით იქნება განხილვის საგანი.

„მოსამართლეებს აქვთ თავისი შიდაგანაწესი რანაირად შეიძლება მისი საჯაროდ გამოსვლა და პოზიციების დაფიქსირება?! რამდენადაც ვიცით, ხუჭუა გამოვიდა ერთ-ერთი ტელევიზიით და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მოსამართლეს რანაირი პოლიტიკური ორიენტაციაც და პოლიტიკური გემოვნება არ უნდა ჰქონდეს, მას ამის საჯაროდ გამოთქმის უფლება არ აქვს. სხვათა შორის, არც მიშას დროს და არც შევარდნაძის დროს მოსამართლეებს ასეთი რამ არ გაუკეთებიათ, რომ თავისი პოლიტიკური მიკერძოება დაეფიქსირებინათ საჯაროდ.

სახეზეა სამოსამართლო ეთიკის და თათბირის საიდუმლოების დარღვევა. საათები და წუთები არ შემიდარებია, მაგრამ ამბობენ და ამას არც უარყოფს მეორე მხარე, რომ განაჩენის გამოცახდებამდე ერთი საათით ადრე შედეგი გამოაცხადა ელისაშვილმა. შემდეგ თავად მოსამართლე გამოვიდა ტელევიზიით და თავისი პოლიტიკური შეხედულებები განავითარა. იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე საჩივრით მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის საბჭო ვალდებულია ადმინისტრაციული სანქცია დააწესოს ამ კონკრეტული მოსამართლის მიმართ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილმა.

იურისტ ირმა ჭკადუას განცხადებით, კანონის შესაბამისად მიმართვა უნდა გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რომელმაც უნდა იმსჯელოს ხომ არ დაარღვია სამოსამართლეო ეთიკა მოსამართლემ. როგორც ჭკადუა აცხადებს, მიმართვის გარეშე იუსტიციის საბჭო ამაზე დავას ვერ დაიწყებს.

„გადაწყვეტილების ნაწილს არ ვეხები, მას უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნია, რომ სწორია, მაგრამ განმარტება, რომელიც მან გააკეთა, ეს იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი. გამომდინარე იქიდან, რომ მან იმსჯელა მთელი საქართველოს მასშტაბზე, მაშინ, როდესაც მას არ განუხილია მთელი საქართველოს სარჩელები და როგორ შეიძლებოდა ისეთ საქმეზე ემსჯელა და თავისი პოზიცია ეთქვა, რომელიც არ განუხილავს და გარდა ამისა, როგორ შეიძლება მოსამართლე როგორც მხარე იყოს ჩართული? ვნახეთ, რომ ფაქტების დემონსტრირებას ახდენდა ისე, როგორც ეს მას სურდა“, - აცხადებს ჭკადუა.

როგორც იურისტი აცხადებს, ბუნებრივია, რომ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცედურა არ მიმდინარეობდა ისე, როგორც სასამართლო დარბაზში იქნა ნაჩვენები. გარდა იმისა, რომ იცავდნენ 3 მეტრიან დისტანციას, იმისთვის არსებობდა ის კონვერტი, რომ ბიულეტინის მასში მოთავსების შემდგომ შეუძლებელი ყოფილიყო ფარულობის დარღვევაზე საუბარი.

„კამერებზე იყო საუბარი, რაც ასევე დეზინფორმაცია არის და მე ვფიქრობ, რომ შესაბამისმა ორგანომ უნდა იმსჯელოს იმაზე, დაარღვია თუ არა ხუჭუამ სამოსამართლეო ეთიკა. რაც შეეხება ფარულობის დარღვევას, პირიქით, საქმე გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილების ფარულობის დარღვევასთან. რა თქმა უნდა, არც ერთმა მხარემ წინასწარ არ იცის მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგრამ ჩვენ ვხედავდით, რომ მოსამართლე, პრაქტიკულად, სასამართლოს მიმდინარეობის დროს ღიად გამოთქვამდა მოსაზრებებს და აფიქსირებდა მის პოზიციას, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, ვინაიდან, სასამართლო არის მიუკერძოებელი და ობიექტური, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით და მტკიცებულებებიდან გამომდინარე ღებულობს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში მოსამართლე ხუჭუას მიერ მისი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.

Gami ეს ხუჭუა გუშინ იმას ჩიოდა , ღამის 3 საათზე სამსახურში რომ ვჭამე საჭმელი, ამაზე რატომ არავინ ინტერესდებაო. იდიოტია რა.
3 კვირის უკან
ლევკოთეა ისე დეტალურადაა განხილული ხუჭუას ნაცური ბიოგრაფია, თითქოს სხვა მოსამართლეები ძალიან შორს იყვნენ ნაცებისგან წარსულში.
არ გაუჭირდეს ოცნებას, თორემ მოსამართლეებიც და ბევრი სხვა მოხელეც, გადამფრენი ფრინველებივით მიაშურებენ ძველ საბუდარს.
ოცნებას წარმატებულად მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების სამართლებრივი დევნა გამოსდის. საკუთარი გამოცდილებით ვიცი. :) კრიმინალ ნაცებს კი, პირში სულს უბერავენ.
3 კვირის უკან