მიუხედავად სკეპტიკოსთა პროგნოზებისა, რომ ქორწინებამ თავისი დრო მოჭამა, ბედნიერი ოჯახები მაინც არსებობენ. თანაც ყველა ბედნიერი ოჯახი, რაღაცით ერთმანეთს ჰგავს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არსებობს მოდელი, რომლის გათვალისწინებითაც, თქვენი ოჯახიც იქნება ბედნიერი.
შეეცადეთ, იყოთ ორმხრივ ტოლერანტული. ჰარმონიული თანაცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმებოდეთ. რატომ უნდა იქცეთ ვიღაცის, თუნდაც საყვარელი ქმრის უნიჭო ანარეკლად. წარმოუდგენელია, ერთმანეთის ყველაფერი მოგწონდეთ, მაგრამ ეს არც არის აუცილებელი. მთავარია, ერთმანეთი მიიღოთ ისეთი, როგორებიც ხართ. ყოველგვარი გადაკეთების გარეშე. ტოლერანტობა სწორედ ამას ნიშნავს – სხვისი ჩვევების, თუნდაც ახირებების პატივისცემას. თუ ამით თქვენ არაფერი გიშავდებათ და მით უმეტეს, თუ გიყვართ ეს ადამიანი, ნერვები რატომ გეშლებათ. აცადეთ, სახლში მაინც იგრძნოს თავი კომფორტულად და მოეშვას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ისწავლეთ, გაარჩიოთ მთავარი წვრილმანისგან. მოსიყვარულე მეუღლემ ყოველთვის იცის, რომელი თემა იწვევს ოჯახში კამათს და უთანხმოებას. რა არის ბედნიერი ოჯახის მთავარი ფასეულობები?! – ოჯახის კეთილდღეობა, სიმშვიდე სახლში და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა. ასევე ბავშვების განათლება და მეუღლეთა საქმიანი ინტერესები. ხოლო ის, თუ როდის, რომელ ქუჩაზე შეუხვიოს, ან რომელ მაღაზიაშია შედარებით იაფი პროდუქტი, ჩხუბის მიზეზი არ უნდა ხდებოდეს.
დაუთმეთ! სიჯიუტეს, მით უფრო წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად, ჯერ არავისთვის მოუტანია სიკეთე. ბედნიერია წყვილი, ვისაც სჯერა, დიდი მხედართმთავრების სიბრძნის: „დათმო, არ ნიშნავს, წააგო!“ იხელმძღვანელეთ ამ პრინციპით. წადით კომპრომისზე და საბოლოოდ, მოგებული თქვენ დარჩებით.
მოსმენის და გაგების თეორია. გახსოვდეთ, ერთი ანეკდოტის სიბრძნე: ქმარი ცოლს ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეყრება. ის მოსამართლეს ეუბნება, რა მიზეზი აქვს საამისოდ. ცოლს უკვირს. თუ ამდენი რაღაც არ მოგწონდა, აქამდე რატომ იყავი ჩუმადო. ლაპარაკი ვერც ერთხელ ვერ გაგაწყვეტინეო, პასუხობს ქმარი. ეს რომ არ მოხდეს, შეეცადეთ, მოუსმინოთ მას და გაუგოთ კიდეც. ურთიერთობა ხომ ინფორმაციების გაცვლასაც გულისხმობს.
დუმილი სიჩუმეში. თუ თქვენი ქმარი ხმას არ იღებს და ლაპარაკს დუმილს ამჯობინებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღარ უყვარხართ. ყველა მამაკაცს სჭირდება საკუთარ თავთან განმარტოება. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. თქვენც გაერთეთ და პრობლემებიც აღარ იარსებებს.