ჩინური საქონლის ექსპორტი 2013 წლის დეკემბერში 24,6 პროცენტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთმა გერმანიას გადაასწრო და მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა.
ეს ჩინური ექსპორტის მოცულობის პირველი მატებაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ჩინური ახალი ამბების სააგენტო, „სინხუას“ ინფორმაციით, 2013 წელს ჩინური საქონლის ექსპორტმა 1,6 ტრილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა, საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა 2013 წლის განმავლობაში 11,9 პროცენტით დაეცა.
ანალიტიკოსების აზრით, ეს მაჩვენებელი ჩინეთის კონკურენტების მხრიდან ამ სახელმწიფოს ეროვნული ვალუტის იუანის დევალვაციის აუცილებლობის საკითხს აყენებს.
გასულ წელს ჩინური ექსპორტის მოცულობა მიზანმიმართულად ეცემოდა მთელი წლის განმავლობაში და ამის მიზეზად სამომხმარებლო საქონელზე ფასების დაცემა სახელდებოდა, თუმცა, 2013 წლის დეკემბერში ვარდნა მოულოდნელად შეწყდა და ჩინურმა ექსპორტმა ერთი თვის განმავლობაში 141,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე 21 პროცენტით მეტია.
საბოლოო ჯამში, იმის დადგენა, მართლაც შეძლო თუ არა ჩინეთმა გერმანიის გადასწრება, რომელიც მსოფლიოში პირველ ექსპორტიორად მიიჩნევა, მიმდინარე წლის თებერვალში გახდება შესაძლებელი, როცა ამ ევროპული სახელმწიფოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნდება.