ქართულ ბაზარზე უამრავი სახეობის პური იყიდება, თუმცა, მათი სიმრავლის მიუხედავად, მომხმარებელს მაინც უჭირს არჩევანის გაკეთება. მაღაზიისა და სუპერმარკეტების დახლებზე შეხვდებით როგორც პოლიეთილენის, ისე ქაღალდის პარკში შეფუთულ პურს. რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის პოლიეთილენის პარკში შენახული პური, რა განსხვავებაა ქაღალდისა და მუყაოს ყუთში შენახულ საკვებ პროდუქტს შორის და როგორ გავარჩიოთ მისი ვარგისიანობა? ამ კითხვებით "ამბები.გე"-მ სურსათის ექსპერტ თამარ სარჯველაძეს მიმართა.
"ვინაიდან სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, სახლში მიტანისას პურს არც ვრეცხავთ და არც თერმულად ვამუშავებთ, მის შეფუთვას მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს დახლებზე პურ-პროდუქტების საკმაოდ დიდი ნაწილი ან არ არის შეფუთული, ან პოლიეთილენის პარკშია მოთავსებული, რაც საუკეთესო გამოსავალი არ არის. პურს გამოცხობიდან მინიმუმ 2 საათის განმავლობაში უნდა ვაცადოთ გაგრილება და ბუნებრივ კონდიციამდე მიყვანა. თუკი გამოცხობისთანავე მოხდება პურის პოლიეთილენში მოთავსება, დატენიანდება, გაიზრდება მისი დაობებისა და გაწებოვნების რისკი, მით უმეტეს, რომ თეთრი ფქვილისგან დამზადებული პურის უმეტესობას საფუარის მაღალი შემცველობა აქვს.
ბოლო დროს დახლებზე გამოჩნდა პური, რომელიც ქაღალდშია შეფუთული, თუმცა შუა ნაწილი პოლიეთილენისაა და გამჭვირვალეა. ეს მომხმარებელს უადვილებს გაარჩიოს პურის შეფერილობა და ვარგისიანობა. ასეთი შეფუთვა ყველაზე უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტთან.
ეთერ სარჯველაძე პურის სახლის პირობებში შენახვის რამდენიმე მარტივ გზას გვთავაზობს:
"მნიშვნელოვანია არა მარტო პურის ქარხანასა და დახლზე შენახვის პირობების დაცვა, არამედ ისიც, თუ რა პირობებში ვინახავთ მას სახლში მოტანისას. სასურველია, თუკი სხვადასხვა სახეობის პურს განცალკევებით მოვათავსებთ ან ხის საპურეში, ან ემალირებულ ქვაბში. ქვაბის ტენისგან გაწმენდა ადვილია, რასაც ვერ ვიტყოდით პოლიეთილენზე."
რაც შეეხება პურის შენახვის ვადებს, აქაც სიფრთხილე გვმართებს. სურსათის ექსპერტების მიერ რეკომენდებულია არაუმეტეს 48 საათისა. ხშირად გასტროენტეროლოგები კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე პაციენტებს
ე.წ. "გუშინდელ პურს" ურჩევენ. ამ შემთხვევაში პურის გამოშრობა "ტოსტერში" ან ტაფაზე, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არის რეკომენდებული.
და ბოლოს, თუკი პოლიეთილენში ან ქაღალდის გაუმჭვირვალე პარკში შეფუთული პურის ყიდვას გადაწყვეტთ, მისი ვარგისიანობის შემოწმების ყველაზე მარტივ გზას მიმართეთ - მოუჭირეთ პურს ხელი. თუ რამდენიმე წამში პირვანდელი სისქეს დაუბრუნდება, ე.ი. საკვებად ვარგისია და ნაკლები შანსია იმისა, რომ მას წებოვანი გული ჰქონდეს.