მოსკოვი დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ზესახელმწიფოს ამბიციისგან გათავისუფლდა - ეს განცხადება ლავროვმა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, არ არსებობს ხელისშემშლელი მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები „უფრო ახლო, ნდობით აღსავსე და სტაბილური“ გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ამის პასუხად, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ „სერიოზულმა უთანხმოებებმა ლონდონსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა არ უნდა დაამუხრუჭონ“. რაც შეეხება ვაშინგტონთან ურთიერთობას, რუსეთის ხელისუფლება ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ბოლო განცხადებას „ემოციურად და არაკომპეტენტურად“ აფასებს.
„ჩვენ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი სენატორ მაკკეინისა და მისი მდიდარი გამოცდილების მიმართ, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში, ბუნებრივია, მწუხარებას იწვევს ის ფაქტი, რომ მან იმ ემოციურ, არაკომპეტენტურ შეფასებებს მიბაძა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია „ფოქსის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გააჟღერა“, - განაცხადა რუსეთის მთავრობის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა მაკკეინის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
პესკოვის თქმით, „ბატონი პუტინი დიდი ხანია კრემლში აღარ ზის, მით უმეტეს - თავის „კაგებეშნიკ“ მეგობრებთან, როგორც ამას ბატონი მაკკეინი ამტკიცებს“. „ვლადიმერ პუტინი უკვე რამდენიმე წელია, რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობს“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები მათ ქვეყნებში „ეგვიპტური რევოლუციის“ სცენარის გამეორების საფრთხის შესახებ საჯაროდ გააფრთხილა.
„ვლადიმერ პუტინის ადგილას მე არ ვიჯდებოდი ასე მშვიდად კრემლში „КГБ“-იდან ჩემს მეგობრებთან ერთად. მშვიდად ვერ ვიქნებოდი ვერც ჩინეთის ხელმძღვანელის, ხუც იან ტაოსა და იმ რამდენიმე პირის ადგილზე, რომლებიც ქვეყანას მართავენ და 1,3 მილიარდი ადამიანის ბედს განკარგავენ. არც ერთ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი, რომ „ცუდი“ არაფერი მოხდებოდა“, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.
მისი შეფასებით, ეგვიპტური რევოლუციის სცენარის განმეორება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია მოსალოდნელი და ამის საშიშროება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს.
„ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთით და ეგვიპტეში ხელისუფლების დამხობა სავარაუდოდ, ანალოგიურ მოძრაობებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიწვევს“, - განაცხადა მაკკეინმა.
გაზეთი Financial Times არაბულ სამყაროში მომხდარ ბოლოდროინდელ კატაკლიზმებსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეალიებს შორის პარალელს ავლებს . სტატიის მოკლე შინაარს „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
შესაძლებელია, თუ არა ტუნისის და ეგვიპტის ტალღამ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეს გადაუაროს, სადაც სტატიის, ავტორის თქმით, დემოკრატიამ ჯერ კიდევ ვერ გაიდგა ფესვები? როგორც გაზეთი აღნიშნავს, გულუბრყვილო იქნებოდა მტკიცება, რომ არაბული ტალღა ამ ქვეყნებამდე არ მიაღწევს.
ამასთან, Financial Times გამოთქვამს ეჭვს, რომ რომ ადამიანები ქუჩაში „ფერადი რევოლუციების“ მეორე რაუნდზე გამოვლენ, პირველ რიგში მსგავსი გარდასახვების პირველი შედეგების გამო.
„პოსტსაბჭოთა ავტორიტარული ლიდერის ტიპი ძალიან პოპულარულია მაგალითად რუსეთში, ბელორუსსა და ყაზახეთში“, - მიაჩნია სტატიის ავტორს. თუმცა, გამოცემის აზრით, ქაიროს მოედანზე მოვლენებმა შესაძლოა, „კრემლის კორპორაციას“ კანონის უზენაესობა გაამყაროს და ეკონომიკის მოდერნიზაციისკენ უბიძგოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სურვილია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის.