წელს ციტრუსის მოსავალი შემცირდება, ფასი კი გაიზრდება

წელს ციტრუსის მოსავალი შემცირდება, ფასი კი გაიზრდება

წლეულს ნარინჯისფერი რთველი შედარებით ადრე, ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. არასტანდარტული 1 კილოგრამი მანდარინის სუბსიდირება - 10 თეთრით, 30-დან 40 თეთრამდე გაიზარდა.

აჭარაში ფერმერები ციტრუსის 40-45 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს რაც შეეხება, ქობულეთში მას ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

შტაბი აჭარის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ამოქმედდა და მუშაობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

არასტანდარტულ მანდარინში ითვლება ყველა ის მანდარინი, რომელთა სასაქონლო მდგომარეობა იმ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომლის ბაზარზე რეალიზება იქნება შესაძლებელი.

ფერმერები წელს ხარისხობრივად კარგ მოსავალს ელოდებიან და ამბობენ, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთშორისო ბაზრებზე იზრდება. სამაგიეროდ, წელს შარშანდელზე ნაკლები მოსავალი იქნება, რისი მიზეზიც, კლიმატური პირობებია. თუ გასული წელი რეკორდული მოსავლით გამოირჩეოდა, წელს ფერმერები 30-35%-ით ნაკლები მოცულობის მანდარინის მოსავლის აღებას ელიან.

აჭარა ტრეიდინგ გრუპისდამფუძნებელი კახა შავაძე ამბობს, რომ ფასი სტანდარტულ მანდარინზეც იზრდება, როცა არასტანდარტულის სუბსიდირებაც მატულობს.

35 თეთრი არის სუბსიდირება, ანუ 40 თეთრი ეღირება არასტანდარტული მანდარინი, შესაბამისად, სტანდარტული როგორც მინიმუმ 2-ჯერ მეტი მაინც უნდა ღირდეს. წლევანდელ რთველს რაოდენობრივად ნაკლებს ველოდებით, თუმცა ხარისხობრივი მაჩვენებლები, თუკი ამინდმა არ შეცვალა რამე, კარგი იქნება. მოთხოვნაც შესაბამისად მაღალი იქნება, შედარებით მაღალ ფასსაც ველოდებით შარშანდელთან შედარებით, - აღნიშნააჭარა ტრეიდინგ გრუპისდამფუძნებელმა.

როგორც წესი, როცა ნაკლებია მოსავალი, ხარისხობრივი მაჩვენებელი უფრო მაღალია. ვარაუდობენ, რომ წელს ფასის დაახლოებით 5-10%-ით მოიმატებს. მოსავლიანობის შემცირებასთან ერთად, ამაზე იმოქმედებს გაზრდილი მოთხოვნაც.

კახა შავაძე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პრაქტიკას ამ ეტაპზე გამართლებულად მიიჩნევს და განმარტავს, რომ დარგის განვითარების კვალდაკვალ, სუბსიდია საჭირო აღარ იქნება.

არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება არაა ბიზნეს პროექტი, ეს არის უფრო სოციალური, ფერმერებზე გათვლილიც და ამავე დროს, წვენის მწარმოებელ კომპანიაზე. ამ ეტაპზე, მაინც ვფიქრობ, რომ საჭიროა იყოს, თუმცა დარგი რომ განვითარდება, სტანდარტული მანდარინის სათანადო ხარისხს მივაღწევთ, სუბსიდირების საკითხი ავტომატურად მოიხსნება. მე ვისურვებდი უკეთეს მიდგომას, უფრო მეტ აქტიურობას სტანდარტული მანდარინის როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავების კუთხით. მთელი ჯაჭვია, სადაც კონტექსტიდან ამოგდებული რომელიმე ერთი მიმართულების ხელშეწყობით დარგი ვერ განვითარდება“, - აღნიშნა ბიზნეს მედიას ტელეეთერშიაჭარა ტრეიდინგ გრუპისდამფუძნებელმა.