ხელისუფლებას შავი ოქრო თვალს ჭრის

ხელისუფლებას შავი ოქრო თვალს ჭრის

[ეკა ბაქრაძე]

რუმინეთში გათხევადებული გაზის გაგზავნის პროექტზე მუშაობა უკვე დასასრულს უახლოვდება, ხოლო საქართველოში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ ჩანასახშია. როგორც ჩანს, ქვეყნის ხელისუფლებას ნავთობპროდუქტების მიმართულებით სერიოზული ამბიციები გაუჩნდა.

ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისათვის, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო.  ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით, მთავრობის სურვილია, რომ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 4,5 მლნ ტონა ნავთობის გადამუშავება შეძლოს. თუმცა, ქარხნის სიმძლავრე და განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების წარმოდგენის შემდეგ განისაზღვრება.

ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას კი აზერბაიჯანული კომპანია „ოტისი“ განახორციელებს, რომელთანაც ნავთობისა და გაზის კორპორაცია ხელშეკრულებას თებერვლის ბოლომდე გააფორმებს.

„ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შექმნაზე ნავთობისა და გაზის კორპორაციას ტენდერი ქონდა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება თვის ბოლომდე დაიდება.

ქარხნისთვის ნავთობის მოწოდება აზერბაიჯანიდან უნდა მოხდეს და მის მშენებლობაზეც აზერბაიჯანულ მხარესთან გვაქვს მოლაპარაკებები. იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარკებები უახლოეს ხანებში დასრულდება“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიც ჩაერთვება. „მშენებლობის ეტაპზე შესაძლოა გამოყენებული იქნეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანხებიც. თუმცა, პროექტი აზერბაიჯანელი პარტნიორების და სხვა პარტნიორების დახმარებით განხორციელდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე საპროექტო კომპანიასთან ხელშეკრულება, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს გაფორმდება.

ენერგეტიკის მინისტრი პარალელურად ყველაფერს ასწრებს. თუკი საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის საკითხებით არის დაინტერესებული, რუმინეთში ბუქარესტში გათხევადებული გაზის პროექტის AGRI-ის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილავს. 

რუმინეთში გამართულ მინისტერიალზე გაფორმდა დოკუმენტი „ერთობლივი დეკლარაცია AGRI-ის პროექტთან დაკავშირებით“, რითაც უნგრული კომპანია MVM AGRI-ის გათხევადებული გაზის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შემადგენლობაში შევიდა.

„პროექტში კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის ჩართვა ხაზს უსვამს AGRI-ის პროექტს, როგორც ე.წ. „სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის“ მნიშვნელოვან კომპონენტს. იგი მომავალში ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებას გაზრდის და კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირით მომარაგების ერთ-ერთ დამოუკიდებელ წყაროდ იქცევა“, - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში. 

მინისტერიალს ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე ქვეყნების მინისტრები: რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნეს გარემოს მინისტრი იონ არიტონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინდუსტრიისა და ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი. ასევე, უნგრეთის ეროვნული განვითარების მინისტრი თამას ფელიგი. 

პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ ევროს შეადგენს და საქართველოდან გათხევადებული გაზის რუმინეთში ტრანსპორტირება მოხდება. რუმინეთში გათხევადებული გაზი მიიღებს ისევ ბუნებრივი გაზის სახეს და შემდგომ ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.