„დასავლეთი ხელს კრავს საქართველოს ხალხის ნებას და ამით ძალაუნებურად ხელს უწყობს რუსეთის გავლენის გაძლიერებას საქარველოში“

„დასავლეთი ხელს კრავს საქართველოს ხალხის ნებას და ამით ძალაუნებურად ხელს უწყობს რუსეთის გავლენის გაძლიერებას საქარველოში“

ეს არჩევნები გახდა ინტერესების ბრძოლის საგანი და ვინც დაინტერესებულია იმაში, რომ ოცნება აღარ მართავდეს საქართველოს, უცხოელი იქნება თუ ქართველი, ყველა აპროტესტებს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა საბუთი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა ან მექანიზმი იმისა, თუ როგორ გაყალბდა, არ ჩანს, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, რომ გაყალბდა და ამიტომ არ უნდა ვაღიაროთ, -  განაცხადა ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

რა პოლიტიკურ სურათს ვიღებთ იმით, რომ ოპოზიციური სპექტრი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არ აპირებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას? ასევე, დასავლეთის კრიტიკა რამდენად სამართლიანია, რომ არჩევნები გაყალბდა?

- ის, რომ ისინი არ აპირებდნენ არჩევნების შედეგების აღიარებას, ჩანდა ბევრ რამეში, მაგრამ სამწუხარო იქნება თუკი საქართველო გახდება ინტერესების სარბიელი და არა დემოკრატიის სარბიელი. თუკი ხალხის ნებას არ აღიარებენ და პოლიტიკური ინტერესებით იქნება შედეგი განპირობებული, ეს ხომ არ არის დემოკრატია?! თუკი პოლიტიკური ინტერესი იქნება წამყვანი და არა ხალხის ნება, მაშინ ეს არ არის დემოკრატია. ასე რომ, ახლა ფაქტობრივად, ბრძოლა მიდის იმაზე რა არის დემოკრატია. პარტიების და ევროპელი პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი თვლის, რომ ამ არჩევნების შედეგი არასწორია, რადგან არ ემთხვევა იმ პოზიციებს, რაც უკავია ევროპას უკრაინის საკითხში, რუსეთის მიმართ სანქციების კუთხით და .. სწორედ პოლიტიკური პოზიციით სურთ, რომ გადაწყდეს არჩევნების შედეგები - ეს არ არის დემოკრატია!

რამდენად არის მოსალოდნელი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა? რამდენად წავა ქართული ოცნება ამაზე?!

- არ მგონია, რომ ოცნება ამაზე ადვილად წავიდეს. თუკი ამაზე წავიდა, ეს იქნება ის, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დაიცვა საკუთარი ამომრჩევლის ხმა. ოცნებამ ხელახალი არჩევნები თუ მოაწყო, ეს ხალხი ხომ უკმაყოფილო იქნება ამით?! ან რატომ უნდა წავიდეს ოცნება ამაზე, რადგან მიტინგია?! - მაშინ გამოდის, რომ ოპოზიცია მართავს ქვეყანას. ჩვენთან ოპოზიცია არასდროს ეთანხმება იმას, რომ მას არ შეუძლია არჩევნების შედეგად ქვეყნის მართვა და იწყებს მიტინგებს, რომ მართოს ქვეყანა - ოპოზიციას სურს, რომ ძალადობით მართოს ქვეყანა. მიტინგი არის იძულების მექანიზმი, მაგრამ ამ იარაღით იძულება აღარ არსებობს, როგორც ეს ფეოდალურ ქვეყნებში იყო, სამაგიეროდ არის ხალხით იძულება - და ეს არის შეფასებული, როგორც დემოკრატია.

ხავერდოვანი რევოლუცია სწორედ ამიტომ არის მოგონილი, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს ხალხის ზეწოლით. ასეთი ხავერდოვანი რევოლუცია ჩვენ ვნახეთ 2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი. ახლა იგივე ამოცანა დგას, უნდათ, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ ის გუნდი, რომელიც მაშინ მათთვის მისაღები იყო. სრულიად სხვადასხვა დამოკიდებულება იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ და ოცნების ხელისუფლების მიმართ დასავლეთიდან და ხალხის მხრიდან. დასავლეთი, ფაქტობრივად, ხელს კრავს საქართველოს ხალხის ნებას და ამით ის ძალაუნებურად ხელს უწყობს იმას, რომ რუსეთის გავლენა გაძლიერდეს საქარველოში.

რა გვიჩვენა თბილისში, 28 ოქტომბერს გამართულმა აქციამ? თქვენი აზრით, მიიღებს თუ არა ეს აქციები უწყვეტ ხასიათს?

- თუკი გადავიტანთ ამ ყველაფერს ციფრებზე, ქართველი მოსახლეობის თითქმის ნახევარმა მისცა ხმა ოპოზიციას, გუშინ ეს ნახევარი სწორედ ამ აქციაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ იყო მოსახლეობის ნახევარი ამ აქციაზე?! - არ იყო! ამიტომ, არ მგონია, რომ აქციებით მოქმედება ხალხს ეხალისებოდეს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ოცნება - ამ აქციებით ჯანჯღარით სახელმწიფოს სიარული, მგონი არც მათ სიამოვნებთ, ვინც ასეთი ჯანჯღარისთვის არის დაპატიჟებული აქციაზე.

ვიცით, რომ შვედეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი თანამშრომლობა შეაჩერა. თქვენც ახსენეთ რუსეთის შესაძლო გაძლიერება საქართველოში, თუკი დასავლეთი ზურგს გვაქცევს. რაზე მიგვანიშნებს შვედეთის ეს გადაწყვეტილება და რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო ამ ყველაფრის გათვალისწინებით?

- შვედეთის გადაწყვეტილება მიგვანიშნებს შვედეთის ახლომხედველობაზე. თუ რუსეთის გავლენაა საქართველოში და შენ ურთიერთობა შეწყვიტე, ეს გავლენა ხომ უფრო უნდა გაძლიერდეს საქართველოში? - გამოდის, რომ შვედეთი რუსეთის დავალებით მოქმედებს, ყოველ შემთხვევაში, მის პოლიტიკას ატარებს?! - ფაქტია, რომ ატარებს. ვხედათ, რომ მთელი რუსული მედია ჩართულია იმის ანალიზში, დასავლეთი როგორ ავიწროებს საქართველოს. სწორედ ეს შედეგი მივიღეთ დასავლეთის პოლიტიკის შედეგად. შემდეგ კი მივიღებთ იმ შედეგს, რომ დასავლეთი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ აღმოჩდეს ისეთი მიმზიდველი, როგორიც ადრე იყო. არ შეიძლება 12 წელიწადი სულ ქვეყანას ურტყამდე და მის კრიტიკაში იყო, მოსახლეობის არჩევანს არ აღიარებდნენ და ეს მოსახლეობა კმაყოფილი იყოს იმ ქვეყნების პოლიტიკით, რომლებიც მის არჩევანს არ აღიარებენ. ეს ლოგიკურად, უკმაყოფილებას გაზრდის დასავლეთის მიმართ და ამაზე დასავლეთი დაფიქრებას ვერ ახერხებს.

30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თურქეთს რომ არ გაიკარებ, რაც ევროკავშირმა გააკეთა, ის თურქეთი შემდეგ ბრისთან წავა, აბა, რას იზამს?! თურქეთის აღიარების საკითხი ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა დემოკრატიული - ამან გამოიწვია უკმაყოფილება და თურქეთი შეტრიალდა ბრისისკენ. ასე ბევრი ვინმე შეიძლება შეტრიალდეს ბრისისკენ. რატომ აიძულებენ საქართველოს, რომ ევროპას ზურგი შეაქციოს?! ეს პოლიტიკა გასაგებია, რაც გამოჩნდა მაკრონის სიტყვებში, როცა კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი - საქართველო შორსაა ევროპისგან, მისი აღიარება კანდიდატად, ჩვენს ინტერესებში არ არისო. ეტყობა არ არის მათ ინტერესებში საქართველოზე ორინეტაცია და ამ პერიოდის განმავლობაში ევროპისგან მხოლოდ ცინიკურ დამოკიდებულებას ვხვდებოდით, რადგან არ იყო მათ ინტერესში საქართველოსთვის ხელის გამოწვდენა.

თუმცა, ეს პოლიტიკა, საბოლოოდ, ისევ ევროპისთვის იქნება დამღუპველი. საქართველო მოახერხებს არსებობას ისე, რომ არც ევროპის მუსიკაზე იცეკვოს და საერთოდ, რუსეთს არ შეუერთდეს. ხომ ვხედავთ, რომ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ამ ზეწოლის ფონზე არ შეცვალა - საქართველომ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

ნელ-ნელა იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, ვისაც არ სურს იყოს არც რუსეთის შემსრულებელი და არც ევროკავშირის შემსრულებელი - სხვის მუსიკაზე ცეკვა ვისაც არ უნდა, იმ ქვეყნების რიცხვი ნელ-ნელა მრავლდება, თუმცა, გვესმის ბრალდება, ვისაც ევროკავშირი არ სურს, უნდა რუსეთი - ეს ზღაპარია.

მერაბ.g თუ ევროკაცშირი იმ 4 საუძვლიდან თუნდაც ერთერთის გარეშე (ნახოშ) გაგვიუქმებს ვიზალიბერალიზაციას საქართვეელომ მათ საერთაშორისო სასამართლოში უნდა უჩივლოს! ეს იქნება პრეცენდენტი კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა!!!
1 კვირის უკან