სააკაშვილის მექანიზმი, სიახლენი, პრობლემები

სააკაშვილის მექანიზმი, სიახლენი, პრობლემები

[დავით კირვალიძე]

პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობას 150 მილიონი უფეშქაშა, ოპოზიციონერები 300 მილიონს ჰპირდებიან. თუმცა, ქვეყანას არ გააჩნია არანაირი სტრატეგია, თუ სად უნდა მიმართოს “მოზღვავებული მილიონები”. 

ამ დრომდე არ არის ცნობილი მთავრობის მიერ აგარარული სექტორისთვის გამოყოფილი 150 მილიონი კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს. 150 მილიონ ბევრი ფულია, მაგრამ საქართველოს აგროსექტორის ასაღორძინებლად მაინც მცინრეა და ამიტომ ეს თანხა ერთჯერადი არ უნდა იყოს. 

“აგრარული სექტორის მნიშვნელობაზე ექსპერტების რამდენიმეწლიანი საუბარი ბოლოს და ბოლოს გაგონილი გაითავისეს, მაგრამ ძალიან დაგვიანებით, როცა მთელს მსოფლიოში სასურსათო პრობლემა თვალშისაცემია. მსოფლიოს 33 ქვეყანას პროდუქტის დეფიციტის პრობლემა აქვს და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.  ამ დროს შენ გქონდეს ასეთი სიმდიდრე და არ იყენებდე, ეს უკვე დანაშაულის ტოლფასია. 

სოფლის მეურნეობის დარგისთვის გამოყოფილი ფული უნდა დაიხარჯოს ერთიანი აგრარული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ჯერ არც კი არსებობს. 150 მილიონს პლუს 30 მლნ, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, არის საკმაოდ კარგი ფული იმისათვის რომ აგრარული სექტორის განვითარება დაიწყოს. თუ ეს ფული ჭკვიანურად გადანაწილდა, მას დაემატება ინვესტიციები, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორიდან და კარგი პლატფორმა შეიქმნება, მაგრამ ჩვენ კონკრეტიკა არ ვიცით, არ ვიცით სად წავა ეს ფული”, -  აღნიშნა ექსპერტმა. 

ეს მართლაც ძნელი გამოსაცნობია თუ რომელ კალაპოტში გადაიტანენ 150 მილიონს. საქმე ისაა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მთავრობას, 7 წლის განმალობაში გეგმაც კი არ შეუდგენია. აგვისტოს ომის შემდეგ დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხებიდან არცერთი თეთრი არ მოხმარებია ამ დარგის განვითარებას, არ არის დასრულებული სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სოფლების მექანიზაციას. ასე რომ, შესაძლოა, ამხელა თანხას უაზროდ გაიფლანგოს, ისევე როგორც აქამდე გამოყოფილი სახსრები აორთქლდა. 

გიორხელიძის აზრით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას თანამედროვე კოოპერატივები, რაც მეურნეს საქმეს გაუადვილებს, რადგან ერთ ადამიანს აღარ მოუწევს ერთდროულად ყველაფრის კეთება - ხვნა, თესვა მოსავლის აღება, გადამუშავება, რეალიზაცია და აშ. 

“ჩვენ გვჭირდება კარგი აგრონომები, ლაბორატორიები, ნიადაგის ანალიზი, თანამედროვე ტექნოლოგიები, დანარჩენს ყველაფერს ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ. ამაში ვერც ბურები გვაჯობებენ და ვერც სხვები. მთავარია, სახელმწიფომ პირობები შექმნას. თანამედროვე კოოპერატივები იქნება დასაქმების ძალიან მძლავრი სფერო.

რაც შეეხება ამ სფეროში მონოპოლისტების გაჩენის საფრთხეს, ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული”, - განაცხადა გიორხელიძემ. 

ექსპერტებს მხარი ოპოზიციამმაც აუბა, ოღონდ მარტოოდენ კრიტიკის მიმართულებით. საპარლამენტო ოპოზიცია სოფლის მეურნეობისთვის 150 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. 

“პრეზიდენტი გამოვიდა ინიაციატივით, რომ მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობისთვის გამოიყოს 150 მილიონი ლარი, თუმცა ჯერჯერობით არც მის სიტყვაში და არც მთავრობის მიერ დამატებით გაკეთებულ განცხადებებში არ ვიცით ეს ფული საიდან მოვა ან როგორ დაიხარჯება”, - განაცხადა დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ. 

მისი აზრით, მთავრობა პასუხისმგებლობას გამოიჩენს და პრეზიდენტის განცხადებას კონკრეტული აღწერა მოჰყვება“.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საგაზაფხულო სამუშაოებიაქტიურ ფაზაში მალე შევა, იმედია გვაქვს მიმდინარე კვირას მთავრობა გამოიჩენს პასუხისმგებლობას და პრეზიდენტის ამგანცხადებს მოჰყვება კონკრეტული აღწერია იმ წინადადებებისა,რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და დროულად დაამტკიცოს,რათა სოფლის მეურნეობის გამოსწორებას ეტაპობრივად მივაღწიოთ”, -აღნიშნა თარგამაძემ. 

არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც მომავალში პარალმენტში გადაბარგებას აპირებს, მთავრობას არ დაელოდა, საკუთარი აგროსასურსათო სტრატეგიის ჩამოაყალიბა და მოსახლეობის ნაწილსაც გააცნო. სოფლის მეურნეობის გაძლიერების სტრატეგია თავისუფალმადემოკრატებმა პირველად გორის მოსახლეობას წარუდგინეს. 

როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, თავისუფალი დემოკრატების აგროსასურსათო სტრატეგიის მიზანი დარგის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნაა, რათა აგროსამრეწველო პროდუქციის სტაბილურ ზრდას, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სოფლად სიღარიბის დაძლევას მიაღწიონ. 

მან პირობა დადო, რომ თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გლეხური და ფერმერული მეურნეობების გაერთიანების ხელშეწყობასა და სოფლად კოოპერატივების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფენ. 

“ჩვენ ასევე აგრარული სექტორის საბიუჯეტო დაფინანსების 5-ჯერ გაზრდას და ინვესტიციების მოზიდვას, საფინანსო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, შიდა ბაზრის დაცვას, აგროსასურსათო გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებას, სასოფლო საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ.

ჩვენი სტრატეგია ასევე სარწყავი და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას, მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, სასუქებითა და მოსახლეობის შხამქიმიკატებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამ სტრატეგიის მთავარი მიზანი კი ტრადიციულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის დაბრუნება და ახალი ბაზრების ათვისებაა”, - განაცხადა ალასანიამ. 

ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაციის შედეგად სოფლად მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და სიღარიბის დაძლევა იქნება მიიღწევა. 

“სტრატეგიის შედეგად სოფლებში მოსახლეობის დასაქმება გაიზრდება, მათ შორის ალტერნატიული არასასოფლო-სამეურნეო სამუშაო ადგილები შეიქმნება და ამავდროულად აგრარული პროდუქციის წარმოება გაიზრდება, საექსპორტო პროდუქციის მოცულობა მოიმატებს და მისი დივერსიფიცირება მოხდება. 

გარდა ამისა, ამ სტრატეგიით უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული სასურსათო უსაფრთხოება, გარემოს დაცვის ხარისხი ამაღლდება, აგრობიომრავალფეროვნება შენარჩუნდება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება დაიწყება”, - განმარტა ალასანიამ და აქვე დასძინა, რომ სოფლის მეურნეობისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 300 მილიონი ლარი გამოიყოფა.