თხილის მოსავალიც და ფასიც წელს ცოტათი გაიზარდა. ჯერჯერობით უკმაყოფილო არავინაა. მართალია, მოსავლის ხარისხი ისევ პრობლემაა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმჯობესება ამ მხრივაც შეინიშნება.
საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ქარდავას ინფორმაციით, წელს თხილის მოსავალი არც გაზრდილა და არც შემცირებულა. მთავარი გამოწვევა კი თხილის ხარისხია, რაც ართულებს კომპანიებს მუშაობას. გარდა ამისა, თხილის ქარხნებისთვის პრობლემაა საბრუნავი საშუალებების ხელმისაწვდომობაც.
„ჩვენთვის სეზონი გრძელდება მანამდე, სანამ თხილი არ ამოიწურება. კომპანიები თხილის შესყიდვას ვახორციელებთ აპრილის ჩათვლით, თუ, რა თქმა უნდა, არის ადგილობრივ ბაზარზე. რაც შეეხება მოსავალს, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც თხილის იგივე მოსავალი გვაქვს, რაც წინა წელს, გაუმჯობესება, პრაქტიკულად, არ შეინიშნება. ხარისხი იგივეა, რაოდენობა თუ მომატებულია, ალბათ, მაქსიმუმ 10%-ით. თუმცა, საბოლოოდ მოსავალი რამდენი იყო, ამის თქმას შევძლებთ სრულად ექსპორტზე გატანის შემდეგ, ანუ გაზაფხულზე“, - განაცხადა ქარდავამ.
მისი თქმით, წელს საქართველოსთვის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ტრადიციულად, ევროკავშირი და დსთ-ს ქვეყნებია, თუმცა ახალი მიმართულებებიც გამოჩნდა.
„რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ზოგადად, მსოფლიოშიც თხილის ძირითადი მომხმარებელი არის ევროკავშირის ბაზარი, ამიტომ წელსაც ჩვენთვის განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა. თხილის უდიდესი ნაწილი გადის ევროკავშირში, მცირე ნაწილი გადის დსთ-ს ქვეყნებში (ძირითადად რუსეთში). ნელ-ნელა ახალი ბაზრებიც გამოჩნდა. ეს არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ისრაელი, ასევე - ჩინეთი. ამ მიმართულებებით სულ უფრო იზრდება ექსპორტი. წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი გადის“, - აღნიშნა ლევან ქარდავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
შარშან თხილის მოსავალი 55 ათას ტონამდე იყო, წელსაც იგივე მოსავალს ელოდებიან. რაც შეეხება ფასს, 1 კგ-ს ღირებულება ხარისხის მიხედვით 3 ლარიდან 8 ლარამდეა.
„ფასი წელს შედარებით მაღალია. გაუტეხავი თხილის ღირებულება გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი. ზოგადად, ადგილობრივი თხილის ფასი დგინდება საექსპორტო ფასის მიხედვით. სამწუხაროდ, საქართველო მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ დაადგინოს საკუთარი ფასი. ჩვენ გვიწევს, რომ ვნახოთ თურქული თხილის ფასი და იმის მიხედვით, მოვახდინოთ კალკულაცია. გასათვალისწინებელია გადამუშავების ხარჯები, მოგების მარჟა თუ სხვა ხარჯები, ეს უნდა გამოვაკლოთ და რაც დარჩება, ის გადავიხადოთ გაუტეხავ თხილში.
რაც შეეხება კონკრეტულ ღირებულებას, განსხვავდება ხარისხის მიხედვით, ამ ეტაპზე, ყველაზე ცუდი ხარისხის პროდუქტის ფასი იწყება 3 ლარიდან და ადის 6.5 ლარზე. მაგრამ თუ პრემიუმ ხარისხის თხილია, რომელსაც უკვე „ფერერო“ ყიდულობს, ფასი კიდევ უფრო მაღალია, 8 ლარსაც სცდება.
თხილის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა კი ამბობს, რომ თხილის მოსავალი წელს მეტია, ვიდრე შარშან, მაგრამ არის სოფლები, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა.
„ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლეთ 4000-მდე ფერმერის კონკრეტული მონაცემი. ყველას, ვინც ატარებს წამლობას და სრულყოფილად უვლის თხილის ბაღს, შარშანდელთან შედარებით, 10-15%-ით მეტი აქვს მოსავალი , როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. ფასიც საკმაოდ კარგია, თუმცა არის საპირისპიროც. სამეგრელოს რეგიონის რამოდენიმე სოფელში, ქარმა დააზარალა მოსავალი და 20-25%-ით ჩამოყრა. მართალია, ფრაგმენტულად არის ზონები დაზიანებული და ასეთ ადგილებში სურათი ცუდია, თუმცა ესეც მოუვლელ ბაღებს ეხება, რადგან მოვლილი თხილი უფრო მედეგია უამინდობის დროს და ზარალიც ნაკლებია. გვალვა წვიმა თუ ქარი მოუვლელი ბაღისთვის ორჯერ მეტი ზარალია“, - განაცხადა ჭითანავამ და იქვე დასძინა, რომ ფასი წელს შედარებით მაღალია და ხარისხის მიხედვით მერყეობს.