ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში (ვიდეო)

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში (ვიდეო)

საქართველოში 11-12 თებერვალს ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი შედგება. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს.

ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ცნობილი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გახდა. გენერალური შტაბის უფროსის რანგში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალ კნუტ ბარტელსს პირველად შეხვდა.

ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება, დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გააკეთა, რომელიც ბრიუსელში  ნატოს სამხედრო კომიტეტის 170-ე შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.

„11-12 თებერვალს დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რათა საქართველოში  უმაღლეს დონეზე მოხდეს,  რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში, სამხედრო-პოლიტიკური თემების, ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხების განხილვა. ამავე დროს, ნატოს მაღალი დონის წარმომადგენლებმა თავისი თვალით იხილონ, თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1 ფორმატში, სადაც  საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

სამხედრო კომიტეტი  ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე წარუდგინოს რეკომენდაციები და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მისცეს მითითებები. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოში წევრ-ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.