ყველაზე ჭკვიანი არსებები

ყველაზე ჭკვიანი არსებები

ვინ არის ყველაზე ჭკვიანი არსება დედამიწაზე? – ადამიანს ამჯერად კონკურსგარეშე ვტოვებთ. რაც შეეხება სამყაროს დანარჩენ ბინადართ, მათ შორის ნამდვილად არიან „გენიოსები”.

ადამიანების უმრავლესობა, კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე, ყველაზე ჭკვიან არსებებად შიმპანზეს, გორილას, ორანგუტანგს, ბაბუინსა და გიბონს – ანუ, მაიმუნებს მიიჩნევს.

ჰარვარდელი ბიოლოგიის პროფესორი ედუარდ უილსონი მიიჩნევს, რომ ბაბუინებს ინტელექტიც კი გააჩნიათ. პირველობისთვის ყველაზე ჭკვიანთა შორის დიდი ხანია, „იბრძვის” დელფინიც. საქმე ისაა, რომ პრიმატებთან შედარებით დელფინს გაცილებით მგრძნობიარე და სტრუქტურულად სრულყოფილი თავის ტვინის ქერქი აქვს.

სპილოების შემთხვევაში, გამომდინარე, მათი განსაკუთრებული უნარიდან დააფასონ მეგობრობა და ერთგულება შეიძლება ითქვას, ისინი განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე არიან, თუმცა ტვინი (მოცულობა იგულისხმება) საკმაოდ პატარა აქვთ.

სპილოს შეუძლია, იცნოს საკუთარი თავი სარკეში. ამის უნარი მხოლოდ ადამიანებს, შიმპანზეებსა და დელფინებს აქვთ. გარდა ამისა, სპილოებს აქვთ უნიკალური მეხსიერება და მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება. სპილოს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვს ადამიანი, რომელმაც ცუდი გაუკეთა და ადამიანი, რომელმაც მის მიმართ სიკეთე გამოიჩინა.

ამერიკელმა პროფესორმა, ბიოლოგმა სტენლი კორენმა, შეადგინა სკალა ძაღლებში ინტელექტის დონის გამოსაკვლევად და ექსპერიმენტებით დაადგინა: ძაღლებში ყველაზე ინტელექტუალურები არიან: კოლი, პუდელი და გერმანული ნაგაზი. უცნაურია, მაგრამ წვრთნას თითქმის არ ექვემდებარებიან ბულდოგები და ავღანური მწევრები – მათ ინტელექტის სერიოზული დეფიციტი აღმოაჩნდათ. განვითარებული არსებები არიან კატებიც, თუმცა, მათთან ერთი უცნაურობა შეინიშნება: მათი ინტელექტი განსაკუთრებით ეგოისტურია და მთლიანად ფისოების „მეს” გარშემო ტრიალებს.

ძალიან ჭკვიანები აღმოჩნდნენ ვირთხებიც. თუ მათი გაწყვეტა გაქვთ გადაწყვეტილი, გააკეთეთ ისე, რომ ერთიც არ გადარჩეს ცოცხალი, თორემ ის აუცილებლად იძიებს შურს, თანაც, ძალიან დაუნდობლად. ვირთხა ადვილად და სწრაფად ავრცელებს ინფორმაციას დანარჩენ ვირთხებს შორის. მას თანამოძმესთვის თავის გაწირვაც შეუძლია. მაგალითად, ის გასინჯავს უცხო საკვებს. დაელოდება რამდენიმე დღე შედეგს და, თუ არაფერი მოუვა, მერე აცნობებს დანარჩენ ვირთხებს, რომ ეს საკვებად ვარგისია. სწორედ ამიტომ ჭირს ამ მღრღნელებთან ბრძოლა.