ელტონ ჯონი - „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონი - „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე იცვამს, მოპარული ავტომობილი გეგონებაო.

ყველასთვის ცნობილია, რომ ელტონ ჯონის მზის სათვალეების კოლექცია მსოფლიოში ყველაზე დიდია. მომღერალი რამდენიმე მათგანს, ქველმოქმედების მიზნით, უკვე შეელია და აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. რამდენიმე ათეული წყვილი დიზაინერებმა მისთვის შექმნეს და თითოეულს ამშვენებს გრავიურა „ე.ჯ”. თავისებურებები ელტონ ჯონის კიდევ ერთი ახირებაა: ერთნაირი სიამოვნებით ახურავს ცილინდრი, ბეისბოლის კეპი, ეიფელის კოშკივით „აწოწილი” ქუდიც და „ჯამურაც” – მას ყველაფერი „უხდება”.

ელტონ ჯონის უსაყვარლესი აქსესუარია ბრილიანტებით მოოჭვილი, 15 სანტიმეტრი სიგრძის ჯვარი. საერთოდ, ბრილიანტები მისი სისუსტეა. „შოპარდმა” სულ ახლახან, სპეციალურად მომღერლისთვის შექმნა მაჯის საათის ექსკლუზიური მოდელი. ის ღია ვარდისფერია და მთლიანად ბრილიანტებითაა შემკული.

თავისი ავტოპარკის შექმნა ელტონ ჯონმა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. დღეს კი უკვე 30 მაღალი კლასის ავტომობილს ითვლის.

რის დამალვასა და შენიღბვას ცდილობს ელტონ ჯონი თავისი დამაბრმავებელი, ბრჭყვიალა სტილით?! – 2010 წელს მომღერალმა განაცხადა საგანგებო მუზეუმის შექმნის შესახებ, სადაც მისი ყველა კოსტიუმი, სათვალე და აქსესუარი გამოიფინება. ამას ელტონი თავისი მეუღლის – დევიდ ფერნიშის თხოვნით აკეთებს. ელტონს სხვადასხვა დროს აცმევდნენ: „ვერსაჩე“, „გუჩი“, „პრადა“, „დოლჩე და გაბანა“, „ვივიენ ვესტვუდი“...

„რაც ბავშვობაში მაკლდა, ახლა ყველაფერი ჭარბად მაქვს და ზომა არაფერში ვიცი“, – აღიარებს ვარსკვლავი. ნაძვის ხესავით მორთვა-მოკაზმვა მისი მოთხოვნილებაა. მაგრამ, რაც „დაოჯახდა“, მისი გარდერობი გაცილებით სადა და მოკრძალებული გახდა, თუმცა უარს მაინც ვერ ამბობს ხავერდზე, ფარჩასა და ტიულზე; ასევე, ხელით მოქსოვილ მაქმანებზე. „ეს ყველაფერი ძალიან შვენოდა ლუდოვიკო მეთოთხმეტეს. მე რითი ვარ მასზე ნაკლები?!“ – აცხადებს მომღერალი. მართალია, 63 წლის ასაკში, ნელ-ნელა უკვე აღარ ჰგავს „მულენ რუჟის” მოცეკვავეს, მაგრამ, იისფერ-ვარდისფერი კაშკაშა პერანგები, ბრილიანტები და უცნაური ფორმის სათვალეები მის გარდერობში ისევ მრავლადაა. თუმცა, 50 ჭეშმარიტი ჰიტის შემქმნელს ეს მაინც ეპატიება.