კვერცხი აუცილებელია მხედველობისთვის

კვერცხი აუცილებელია მხედველობისთვის

თუ მთელ დღეს კომპიუტერთან ზიხართ ან დიდხანს უყურებთ ტელევიზორს და საღამოს თვალები გაწუხებთ და გიჭრელდებათ, დაძაბულობის მოხსნაში მარტივი კომპრესი დაგეხმარებათ: აიღეთ ბამბა, დაასველეთ ცხელ წყალში (შეგიძლიათ, ჩაის ნაყენიც გამოიყენოთ) და დახუჭულ თვალებზე დაიდეთ 20 წუთით. თუ ბამბა გაცივდა პროცედურის დასრულებამდე, ისევ დაასველეთ იმავე ტემპერატურის წყალში.

შეგიძლიათ, მოსინჯოთ მეორე ხერხიც, კერძოდ: დაჯექით, მუხლებს დაეყრდენით იდაყვებით, ხელები კარგად დაიზილეთ, დახუჭეთ თვალები და ხელები ქუთუთოებზე დაიფარეთ რამდენიმე წუთით. სითბო და სიბნელე იდეალურია თვალის კუნთების მოსადუნებლად და დასასვენებლად.

მხედველობის შესანარჩუნებლად კარგია A ვიტამინი, რადგან მისი უკმარისობა იწვევს თვალის გადაღლას, აქვეითებს სიბნელეში ხედვას. დილაობით თვალების შეშუპება A ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს.

A ვიტამინს შეიცავს ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, კვერცხი, რძის პროდუქტები, ღვიძლი და თევზი.

B ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობა იწვევს თვალის სიმშრალესა და ადვილად გაღიზიანებას. ამ ვიტამინს შეიცავს სოკო, პარკოსნები, მარცვლეული, ბანანი, სტაფილო და მოცვი.

C ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, ასკილი, მოცხარი, ოხრახუში, კარტოფილი. ეს პროდუქტები თვალის კუნთების მოძრაობისთვის აუცილებელია.

E ვიტამინი კატარაქტისა და თვალის კუნთების დაბერების პროცესს ანელებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაროტინის ტიპის ანტიოქსიდანტები. E ვიტამინით მდიდარია მზესუმზირა, პარკოსნები, ხორბალი და ზღვის პროდუქტები.

რაც შეეხება მხედველობის ეგრეთ წოდებულ მტრებს, ესენია: სიგარეტი, ალკოჰოლი, მზის სხივები, უძილობა, ორგანიზმის გაუწყლოება.

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კვერცხი ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს. გარდა ამისა, მასში არის ლუტეინი, რომელიც აუცილებელია მხედველობისთვის.