შსს-ს მიერ უკანონო თვალთვალის საკითხებს  თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია მოისმენს

შსს-ს მიერ უკანონო თვალთვალის საკითხებს თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია მოისმენს

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შს სამინისტრომ საჯაროდ გაანადგურა წინა ხელისუფლების პირობებში მოპოვებული არაერთი უკანონო ჩანაწერი და ამ გზით თითქოსდა უარი თქვა წინა ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაზე.

ამის მიუხედავად, მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ინარჩუნებს სათვალთვალო აპარატურას კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორთა შენობებში, რაც მას აძლევს ყველანაირ კომუნიკაციაზე ავტომატური წვდომის შესაძლებლობას. გამოდის,  რომ საკითხისადმი მიდგომა არ შეცვლილა და სამინისტრო კვლავ აგრძელებს ფარულ მიყურადებასა თუ თვალთვალს. მოცემულ საკითხს ვრცელი ადგილი ეთმობა  საქართველოს შესახებ Human Rights Watch -ის გაკეთებულ მოხსენებაშიც.

ქ. თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისია დაუშვებლად მიიჩნევს სამინისტროს ქმედებას და ახლო მომავალში გამართავს სხდომას, რომელზეც საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც.