მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებული ხერხემალი - როგორ დაგლიჯა ლომმა მომვლელი

მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებული ხერხემალი - როგორ დაგლიჯა ლომმა მომვლელი

მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და დაზიანებული ხერხემალი, - ასეთი შედეგით დასრულდა თბილისის ცირკში ლომის მამაკაცზე თავდასხმის შემთხვევა. ცხოველის დაგლეჯილი უკრაინელი ახალგაზრდა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას შესაძლოა რამდენიმე ოპერაციაც დასჭირდეს.

საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნატა ხურციძე ამბობს, რომ ახალგაზრდსის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. 

"პაციენტს მრავლობითი დაზიანებები კისრისა და გულმკერდის არეში აღენიშნება. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მიმდინარეობს ინტენსიური ტერაპია, დაკვირვება, კვლევები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად", - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 

დაშავებული მამაკაცი უკრაინის საცირკო დასის წევრი და ლომების მომვლელი იყო. ლომებთან შესვლის, ვოლიერების დასუფთავების და ცხოველების გამოკვების უფლება მხოლოდ მას ჰქონდა. მხოლოდ მას ჰქონდა იმ ბოქლომის გასაღები, რომლითაც ვოლიერია ჩაკეტილი. 

"საღამოს ის შევიდა ლომებთან, როგორც შედიოდა ხოლმე. მოულოდნელად მას ლომი დაესხა თავს. იცით, ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ვერ გააკონტროლებ, როდის რა იქნება, ეს არის მხეცი. მსგავსი შემთხვევები ცირკის ისტორიაში, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. მხეცი როდის რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. დაშავებულს იმდენად ბევრი სისხლი არ აქვს დაკარგული, რამდენადაც ხერხემალზე აქვს პრობლემები. დაშავებულს რამდენიმე ჭრილობა აქვს, მაგრამ მთავარია ხერხემალი", - აცხადებს ცირკის სამხატვრო ხელმძღვანელი ხათუნა გიორგობიანი.

მამაკაცის გადარჩენა თავად უკრაინული დასის წევრებმა შეძლეს. მათ ლომს მსხვერპლი პირიდან გამოსტაცეს და ცხოველის სხვა გალიაში გადაყვანა მოახერხეს. ცირკის დაცვის უფროსს კი ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში დახვდა. 

"როცა ეს ამბავი მოხდა, გარეთ დასის ერთ-ერთი წარმომადგენელი დამხვდა და შველას ითხოვდა. ექიმების მოსვლისა და შიგნით შესვლის შემდეგ, ლომი უკვე სხვა გალიაში იყო გადაყვანილი, თვითონ მომვლელი კი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და იწვა", - იხსენებს ცირკის დაცვის უფროსი გიორგი ქერდიყოშვილი. 

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყო უსაფრთხოიების ზომები დაცული, როგორც დაცვის უფროსი ამბობს, ცირკში უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა ნორმა დაცულია. 


"როდესაც დასი ჩამოდის, ტერიტორია მთლიანად მათ განკარგულებაში გადადის და ყველაფერს ისინი აკონტროლებენ", - აღნიშნავს ქერდიყოშვილი. 

უკრაინის საცირკო დასს საქართველოში გასტროლები უკვე დასრულებული ჰქონდა. დასის წევრები სამშობლოში დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა ლომის ვოლიერში ნასვამი შევიდა.