ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და პარტიების სამზადისი საქართველოში უკვე დაწყებულია. ყველა მათგანი ელექტორატის გულის მოსაგებად იბრძვის და თან განსხვავებული ხერხებით. კრეატივსა და ფიარში 9 წლის მანძილზე ფოლადივით გამოწრთობილ „ნაციონალებს,“ რომელთა გულიც და გონებაც ყოველთვის კუჭზე გადიოდა, დღესაც არ დაუკარგავთ „ივენთური პოლიტიკა“ და აღტკინებული მხარდამჭერების მოსაზიდად, მშიერ საქართველოში სუფრას სუფრაზე შლიან.
ასე სუფრაგაშლილ და სასმელ-საჭმელით დახუნძლულ გარემოში შეკრიბა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ის ახალგაზრდული აქტივი, რომლებსაც სააკაშვილის პარტია ქვეყანაში დაგეგმილი საპროტესტო აქციებისთვისა და მიტინგებისთვის ამზადებს. მეტი თვალსაჩინოებისათვის, ასევე იგეგმება მხატვრული მნიშვნელობის მესიჯ-აქციების გამართვა, რომელსაც საზოგადოება პერფორმანსის სახელით იცნობს.
საკმაოდ ფეშენებელურ კლუბ-რესტორანში „სენატი“ „ნაცმოძრაობამ“ ყველა ის ახალგაზრდა აქტივისტი შეკრიბა, რომლებიც თითო ჭიქა სასმელსა და ცომეულ-ხორცეულს, თან პარტიულ დავალებასა და დირექტივას „უფენდნენ.“ პარტიის 500-მდე პოლიტსახე შედარებით „უხუცესი“ ლიდერებისგან, „სმიშლიონად“ მონათლული გიორგი ვაშაძისა და დავით საყვარელიძისგან, ხან სადღეგრძელოებში ისმენდნენ სამომავლო პერსპექტივებს, ხან მეტად ჩახუტებული ცეკვის დროს. შედარებით, ნაკლებაქტიური იყო თმაჭაღარა გიგი წერეთელი, რომელიც საუბრისა და ცეკვა-თამაშის დროსაც მოკრძალებით გამოირჩეოდა.
სამაგიეროდ, პარტიული შეკრების თამადა იყო გიორგი ვაშაძე, რომელიც მთელი არსებით არწმუნებდა „სენატში“ შეკრებილ აუდიტორიას, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდებოდნენ და ყველა მათგანს პარტიისთვის გაწეული მუშაობა დაუფასდებოდა. არაპოლიტიკურ დაპირებებს იძლეოდა ცოტა ზედმეტად შეზარხოშებული დავით საყვარელიძე, რომელიც ძირითადად „ნაცაქტივისტების“ მდედრობითი წარმომადგენლების კამპანიაში იხარჯებოდა და ფოტოსურათებსაც დიდი აზარტით იღებდა.
დაპურებულ „ანცნაცობას“ სუფრაც შერჩა, საშობაო-საკარნავალო ნიღბები და თან პარტიული დირექტივები, რომელსაც ნაბახუსევზე უფრო მეტად გაანალიზებდნენ და „მეოცნებე“ ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებსაც დაგეგმავდნენ. ვიდრე ჯერ სააკაშვილის ჭამ-სმას აყოლილი გუნდი, საპროტესტო მესიჯ-ბოქსებისთვის ემზადება, ადგილობრივი არჩევნებისთვის მიმართულებებს გეგმავს, მანამდე „პრაიმერინფოს“ ექსკლუზიური წყარო „სენატში“ გამართულ „დახურულ ივენთზე“ დეტალებსაც ავრცელებს და იმ ფოტოსურათების კოლაჟს, რომელიც ელექტორატს აუცილებლად დააინტერესებს!