თბილისში იშვიათად ნახავთ ადამიანს, საკუთარი ავტომობილი რომ არ ჰყავდეს. ეს დედაქალაქის ქუჩებსაც ეტყობა, სადაც გადაადგილება ნებისმიერ დროს ჭირს, მით უმეტეს პიკის საათებში. თუ ადრე იმას წუწუნებდნენ, ვინც ძროხა გაყიდა, თბილისში ჩამოვიდა, ტაქსაობა დაიწყო და ქუჩებიც ამიტომ არის გადატვირთულიო, ახლა ამბობენ, ვისაც ორი კაპიკი აქვს, ყველა მანქანით მოძრაობსო.
ავტომანქანების სიმრავლით თუ ვიმსჯელებთ, ამ ქვეყანას გაჭირვება არ ეტყობა, ავტომობილის შეძენა ხომ არც ისეთი იაფი სიამოვნებაა! მანქანების ყველაზე დიდი არჩევანი რუსთავის ავტობაზრობაზეა. აქ საქართველოს ყველა რეგიონიდან იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც უცხოეთიდან ავტომანქანების ჩამოყვანით ირჩენენ თავს. აქვე შეიძლება სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩამოყვანილი ავტომობილების შეძენა, ავტომობილის განვადება, განბაჟება, ტექნიკური დათვალიერება და მეორადი ავტომობილების სასურველ მანქანაში გადაცვლა. აქ ნახავთ როგორც ახალ, ასევე მეორად და საბჭოთა წარმოების ავტომობილებსაც კი. ბაზრობის ტერიტორიაზე ავტომობილის დაყენება სამუშაო დღეებში 2 ლარი ღირს, შაბათ-კვირას კი - 10 ლარი. მყიდველების დიდი ნაწილი ბაზრობაზე სწორედ შაბათ-კვირას მიდის. აქ მეზობელი ქვეყნებიდან - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ადამიანებსაც შეხვდებით. ავტობაზრობის ტერიტორიაზე ფოტოგადაღება აკრძალულია, რადგან თითქმის ყველა მანქანა, რომელიც ამ ტერიტორიაზე შემოჰყავთ, ერთ-ერთი კომპანიის საიტზე ვრცელდება. ფოტოების გადაღება და საიტზე გავრცელება 15 ლარი ღირს. უსაფრთხოებას სპეციალური სამსახური იცავს, ბაზრობაზე კი მუდმივად პატრულირებს პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ვახო თათელიშვილი (გამყიდველი):
- ზამთარში მყიდველი ნაკლებია. ხალხმა უკვე იმდენი მანქანა იყიდა, ალბათ აღარ დარჩა ვინმე, ავტომანქანა რომ არ ჰყავდეს. ძირითადად წყალდიდობისას ჩაძირული მანქანების შეძენა სურთ, რადგან გაცილებით იაფია. ერთი და იმავე მოდელის წყალში მოყოლილი და გამართული ავტომობილის ფასში 5 000 დოლარი მაინც არის განსხვავება. ასეთი ავტომობილები კონკურენციას უწევს კარგ მანქანას, მისი შეძენის მსურველებს შორის აზერბაიჯანელები და სომხებიც არიან. დოლარის კურსმა კი მოიმატა, მაგრამ ეს მანქანების ფასზე საერთოდ არ ასახულა.
- ძირითადად რომელი მარკის ავტომობილებზეა მოთხოვნა?
- გააჩნია, ვინ არის მყიდველი და რა თანხა აქვს. ყველაზე მეტად სედანის ტიპის "მერსედესი" იყიდება. მეორე ადგილზეა "ბე ემ ვე", მესამეზე - "ოპელი".
- ჯიპებზე არ არის მოთხოვნა?
- როგორ არა, ჯიპებიც უნდათ, მაგრამ ძალიან ძვირია. მაგალითად, "მერსედესის" ჯიპის ფასი 7 000 დოლარიდან იწყება და 55 000 დოლარამდე ადის. თუ მანქანა განბაჟებულია, რამდენიმე ათასით ძვირი ღირს, მაგრამ უცხოელები ძირითადად განუბაჟებელ მანქანებს ყიდულობენ.
- რა პროცედურების გავლაა საჭირო ამ ტერიტორიაზე მანქანის შეძენისას?
- თუ შეძენილი ავტომობილი ამერიკულია, აქვე შეგიმოწმებენ "კარ ფაქსით", რაც 20 ლარი ღირს. ნახავ მის ისტორიას. ზოგს ურჩევნია, ცენტრში შეამოწმებინოს, რაც დაახლოებით 100-150 ლარი ჯდება. მერე ხდება ავტომობილის განბაჟება, მისი ფასი ავტომობილის ძრავის "კუბატურის" მიხედვით განისაზღვრება.
- მაინც რა ღირს ავტომობილის განბაჟება?
- ყველაზე იაფი 2002-დან 2007 წლამდე გამოშვებული ავტომობილის განბაჟებაა, მაგალითად, 2:0 ძრავიანი ავტომობილის განბაჟება დაახლოებით 1.400 ლარი ჯდება. 2007 წლამდე გამოშვებული მანქანის თითო "კუბატურის" განბაჟება ღირს 50 თეთრი, შემდეგ წლებში გამოშვებულების თითო კუბატურა 20-20 თეთრით ძვირდება, გაფორმება კი 70 ლარი ჯდება.
- ადვილად იყიდება მანქანები?
- ფერს და მოდელს გააჩნია. ყველაზე მეტად ვერცხლისფერი და შავი ავტომობილები საღდება. ზოგჯერ ისეც ხდება, მანქანა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ 8 თვე დგას ბაზრობაზე.