„პრეზიდენტმა საკუთარი პასუხიმგებლობის ახალი თარიღი განსაზღვრა“

„პრეზიდენტმა საკუთარი პასუხიმგებლობის ახალი თარიღი განსაზღვრა“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანონმდებლებსა და საზოგადოებას წლიური ანგარიშით მიმართა. რიგით მე-8 ანგარიშისას მან მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირი დეპუტატებს საათი და 15 წუთის განმავლობაში მიმართავდა, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი დებატებს დაეთმო.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ანგარიში იმდენად ამომწურავი იყო, რომ ოპოზიციონერებს შეკითხვები აღარ უნდა გაუჩნდეთ. „ვფიქრობ, თუ ჩვენმა ოპონენტებმა გულისყურით მოუსმინეს პრეზიდენტის გამოსვლას, კითხვები აღარ უნდა გაუჩნდეთ, იმდენად ამომწურავად ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერზე“, - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა „მრავალმხრივი“ იყო.

„გამოსვლა იყო მართლაც ძალიან მრავალმხრივი. პრეზიდენტმა ისაუბრა, როგორც უშუალოდ იმ პრობლემებზეც, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ისე სამომავლო გეგმებზე – თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა იმისთვის, რომ მივიღონ სტაბილური, მყარი ეკონომიკა, ძლიერი ქვეყანა და საბოლო ჯამში, ეს ყველაფერი მოემსახუროს ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის მთავარი მიზანი“, - განმარტა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

კუბლაშვილის სურვილების მიუხედავად, ოპოზიციას კითხვები და კრიტიკული შეფასებები არ ელევა. „ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რომელიც სააკაშვილმა წარადგინა, კომუნისტურ ხუთწლედას მაგონებს“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დავით გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტს საკუთარი გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა.

„სააკაშვილს ბევრი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ რაღაც გაეკეთებინა და მნიშვნელოვნად შეეცვალა ქვეყნის და ხალხის მდგომარეობა. შეიძლება, გზები იგება და პატრული მუშაობს, მაგრამ ძალიან ცუდად გამოიყურება ხალხი, რომელზეც მთავრობა ყველაზე მეტად უნდა ზრუნავდეს“, - თქვა დავით გამყრელიძემ.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა ელიტარულ კორუფციაზეც და დასძინა, რომ მთავრობის კორუფცია საქართველოს ფარგლებს სცდება, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ქონება კი, შვეიცარიის ბანკებშია განთავსებული.

დავით გამყრელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანია, მისი ქონება კი რამდენიმე ასეულ მილიონს აჭარბებს. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი პრეზიდენტს კორუფციაზე საუბრისას, თანაგუნდელის, დავით კეზერაშვილის ქონების გადახედვას ურჩევს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძეც პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ელიტარულ კორუფციას უკავშირდება. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, შევარდნაძის დროინდელ და დღევანდელ კორუფციას შორის პარალელების გავლება არ შეიძლება, რადგანაც შევარდნაძის ეპოქაში საქართველო, როგორც სახელმწიფო, საერთოდ არ არსებობდა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით, დღეს საქართველოს მის ისტორიაში ყველაზე „ძვირი“ მთავრობა ჰყავს.

„მიხეილ სააკაშვილმა წლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ იგი თავის პრეზიდენტობას უძღვნის საქართველოს მოსახლეობას. ამ მოსახლეობამ კარგად იცის, რომ რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სათავეშია და მიხეილ სააკაშვილი პირველი პირი – 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე, ცხოვრება გაუძვირდა 70 %-ით. დღეს საქართველოს ჰყავს ყველაზე ძვირი მთავრობა მისი ისტორიის განმავლობაში. ასე რომ, სრულიად არ მიკვირს, როცა სიზმრების და წარმოდგენების მოშველიება სჭირდება ჩვენი მთავრობის წევრებს იმისთვის, რომ რამენაირად წარმოიდგინონ ქართული ოჯახის დილა“, - განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლაზე კომენტირებისას.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორში დამატებით 150 მილიონის ინვესტირებას გეგმავს, თუმცა აინტერესებს, „საიდან უნდა მოიტანოს ეს ფული?“.

პაატა დავითაია პრეზიდენტ სააკაშვილის ანგარიშით უკმაყოფილოა. „მან არც ერთი პრობლემის მოგვარებაზე არ ისაუბრა, გარდა სოფლის მეურნეობისა. ყველა იმ მტკივნეულ საკითხზე, რომელიც თავად პრეზიდენტმა დაასახელა პასუხი ვერ მივიღეთ“, - განუცხადა დავითაიამ „ჯი-ეიჩ-ენს“.

ამასთან, დეპუტატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი არ გამოხმაურებია მის მიერ დევნილებთან დაკავშირებით დასმულ საკითხს, რაც „ბადებს ეჭვს, რომ მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირებისადმი იგივე მიდგომის გაგრძელებას აპირებს“. „ეს ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია“, - დასძინა მან.

ჯონდი ბაღათურიას პრეზიდენტის გამოსვლისას დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს „სააკაშვილი ოპოზიციონერი იყო, ოპოზიციონერები კი - ხელისუფლების წარმომადგენლები“: „პრეზიდენტის გამოსვლის პირველი ნაწილი იყო ყალბი სინანული და ხალხის თითქოსდა შეცოდების გამოხატულება. რჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში და თვითონ ერთი საწყალი ოპოზიციონერი, რომელსაც ხალხის ხმის მიტანა უნდოდა ჩვენთან“.

რაც შეეხება გამოსვლის მეორე ნაწილს, ბაღათურიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა ვირტუალურ წარმატებებზე ისაუბრა, რომელსაც მის გარდა ვერავინ ხედავს: „მოხსენების დანარჩენი ნაწილი იყო კვლავ ლაპარაკი ვირტუალურ წარმატებებზე, ვირტუალურ კეთილდღეობებზე, შეპირებებზე. სამწუხაროდ, ამ წარმატებებს მარტო თვითონ აღიარებს და ხალხი ამას ვერ გრძნობს“.

სააკაშვილმა ყოველწლიურ ანგარიშში 2015 წლის ხშირად მოხსენიების მიზეზი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, რომელიც საარჩევნო ვადებს არ ერგება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მიხეილ სააკაშვილის „მესიჯებით“ კმაყოფილია. ქობალია ამბობს, რომ გეგმის თანახმად ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევა მოხერხდება.

„პრეზიდენტის გამოსვლაში იყო კონკრეტული გეგმები, რომ რაც შეიძლება
მეტი ადამიანი დასაქმდეს. გეგმა რაც დაიდო 2015 წლამდე, გულისხმობს საქართველოში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას, ჰესების აშენებას. ესენი კონკრეტული გეგმებია იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილების“ - აღნიშნა ქობალიამ.

„პრეზიდენტის მიერ 2015 წლისთვის ქვეყანაში ვითარების გამოსწორების შესახებ გაკეთებული განცხადებები დაწყებული კონკრეტული საქმეების სავარაუდო შედეგების თარიღია და პოლიტიკაში სააკაშვილის რაიმე ფორმით დარჩენის თემას არანაირად არ უკავშირდება“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვასილ ჭყოიძემ პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას განუცხადა.

ჭყოიძის აზრით, პრეზიდენტის განცხადებება, რომ 2015 წლისთვის ბევრი რამ გამოსწორდება, არ შეიძლება, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის საკითხს უკავშირდებოდეს. მისივე აზრით, უცნაური არც ის ყოფილა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებს დებატების ბოლომდე მოსმენა და ქვეყანაში არსებული სურათის პარლამენტში დებატების მოსმენით დანახვა შეთავაზა. 

„ხშირია შემთხვევები, როცა რამოდენიმეკაციანი ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანზიციებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე არც თუ ისე სწორ ინფორმაციებს აწვდიან. ამიტომ ის, რომ პრეზიდენტმა დიპლომატებს საპარლამენტო ოპოზიციასთან დებატების ბლომდე მოსმენა სთხოვა, გასაკვირი ნამდვილად არ არის“, - მიიჩნევს ვასილ ჭყოიძე.

პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას სააკაშვილმა ელჩებს მიმართა, რომ დაესწრონ დებატებს, რადგან ქვეყანაში დემოკრატია პარლამენტში წყდება და არა - ბნელ კაბინეტებში.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას სასურველის რეალობის წარმოჩენის მცდელობად აფასებს. როგორც ცისკარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკა 70% შეადგენს, პრეზიდენტის მტკიცება კი, იმის თაობაზე, რომ საქართველოში ეკონომიკა მონოპოლიზებული არ არის და ქვეყანამ კორუფცია დაამარცხა, შეშფოთებას იწვევს. 

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოში ჩრდილოვან ეკონომიკის დონეს 1997 წელს 69%-ით განსაზღვრა, ხოლო 2007 წელს - 68%-ით. ამასთან, ცისკარიშვილის აზრით, 2015 წლისთვის ქვეყანაში ვითარების გამოსწორების შესახებ განცხადებით, პრეზიდენტმა საკუთარი პასუხისმგებლობის ახალი თარიღი განსაზღვრა. 

„სავარაუდოდ, პრეზიდენტმა 2015 წელს ვითარების გამოსწორებაზე აქცენტი იმის გამო გააკეთა, რომ, როგორც თავად ბრძანა, 2015 წელს გრძელვადიანი განვითარების პროგრამის დასრულებაა დაგეგმილი. პრეზიდენტის განცხადებიდან გამოდის, რომ საზოგადოებამ მას 2011, 2012, 2014 წლებში პასუხი არაფერზე არ უნდა მოთხოვონ“,-მიიჩნევს ცისკარიშვილი.

ცისკარიშვილის აზრით, პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკას იმის გამო აუარა გვერდი, რომ ეგვიპტეში მოვლენებზე კომენტარის გაკეთება მოუწევდა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა დიპლომატებს საკმაოდ უხეშად მიმართა, როცა თქვა, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მისაღებად ბნელ დერეფნებში სიარულს არჩევენ.

„ეჭვს არ იწვევს, რომ დიპლომატების მიმართ ამის თქმა დაგეგმილი არ იყო, მაგრამ, როგორც სააკაშვილს ახასიათებს, თქვა ის, რასაც ფიქრობდა; პირდაპირ თუ ირიბად ისინი იმაში დაადანაშაულა, რომ საქართველო დასავლეთისგან იმდენ დახმარებას არ იღებს, რამდენსაც ხელისუფლება ვარაუდობდა“, – დასძინა სოსო ცისკარიშვილმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი საქართველოს მოდერნიზაციის გეგმაც საზოგადოებისთვის სიურპრიზი იყო.

„პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას მოწმენი გავხდით სიურპრიზის, რაც გამოიხატება საქართველოს მოდერნიზაციის გეგმის შემოთავაზებაში. ასეთი გეგმის გამოქვეყნებამდე ზოგადად ქვეყანაში საკმაოდ აქტიური დისკუსია იმართება ხოლმე. ჩვენთან კი, ქვეყნის მოდერნიზაციაზე ექსკლუზიური უფლებაა, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ხელისუფლებას აქვს“, - ამბობს ცისკარიშვილი.

გარდა ამისა, სოსო ცისკარიშვილმა სააკაშვილის ანგარიშის ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომელშიც ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში კორუფციისა და მონოპოლიზაციის არარსებობაზე ისაუბრა. რაც შეეხება მონოპოლიზაციას, პოლიტოლოგს აინტერესებს, თუკი ქვეყანაში მონოპოლიზაცია არ არსებობს, რატომ არის კატასტროფულად გაზრდილი ფასები „საწვავიდან დაწყებული კინოთეარტში მაყურებლისთვის შეთავაზებული ბატიბუტის ჩათვლით და რატომ ღირს ერთი და იგივე წამალი თბილისში ორჯერ მეტი, ვიდრე სტამბულში“.